
ბორჯღალოსნებისა და შავი ლომის მთავარმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა, ახალი სეზონის დაწყების წინ საკუთარ მიზნებსა და ამოცანებზე ვრცლად ისაუბრა.
ფრანგმა სპეციალისტმა შეაფასა ბორჯღალოსნების ზაფხულის სამი თამაში, მორაგბეთა შერჩევის კრიტერიუმებზე და შავი ლომის პერსპექტივებზე ისაუბრა.
ზაფხულის სანაკრებო კამპანია
„ზაფხულში ძალიან საინტერესო თამაშები გვქონდა ურუგვაისთან, სამოასთან და ჩილესთან. ოთხი კვირა ერთად გავატარეთ და საინტერესო იყო როგორც თამაშები, ასევე თავად პროცესი. ბევრი მოთამაშე აღმოვაჩინე, გავეცანი მათ აზროვნებას და ასევე საქართველოს განსხვავებულ კულტურას, რადგან დასვენების დღეს რამდენიმე ბიჭმა ტრადიციული ცეკვა შეასრულა.
ბიჭებს უყვართ ერთად ყოფნა და საკუთარი ქვეყნისთვის თამაში, რაც ძალიან კარგია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მოთამაშეს საფრანგეთში ძალიან ბევრი თამაში მოუგროვდა, ყველას ძალიან უხაროდა სანაკრებო შეკრებაზე ყოფნა და ერთად ვარჯიში.
ჩვენი თამაშის ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ და ჩამოვაყალიბოთ მკაფიო სათამაშო გეგმა. გუნდში გვყავს ლეგიონერები საფრანგეთიდან და ინგლისიდან, ასევე მოთამაშეები საქართველოდან და მნიშვნელოვანია, რომ მოედანზე „ერთი ენით“ გავიდეთ, ერთიანი სათამაშო სტილი შევიმუშაოთ. მოედანზე დიდი ენერგია და ემოცია გვაქვს, ბიჭებს სურთ, ყველა მომენტში იბრძოლონ, მაგრამ ეს ხანდახან დისციპლინის მხრივ პრობლემებს გვიქმნის. დაღლილობის და ზეწოლის ქვეშ, ცივი გონება და მოედანზე სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ.
იყო ეპიზოდები, როდესაც ერთმანეთთან კომუნიკაცია კარგად არ გამოგვდიოდა, არადა, მოედანზე ეფექტური კომუნიკაცია ძალიან მნიშნელოვანია. იგივე ითქმის მსაჯთან კომუნიკაციაზეც. ამ მხრივ ძალიან გაგვიმართლა, რადგან გვყავს მსოფლიოში საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი და ამით უნდა ვისარგებლოთ. მას შეუძლია ჩვენი დახმარება, ამიტომ, ძალიან გამიხარდა ნიკას გაცნობა. მსაჯთან კომუნიკაციაც დისციპლინის ნაწილია და თუ თამაშის კონტროლი გვინდა, ემოციებიც უნდა ვაკონტროლოთ. ამისთვის მთელი კვირის განმავლობაში უნდა ვიმუშაოთ.
ზოგჯერ, წნეხის ქვეშ, მაშინ, როდესაც ვფიქრობთ, რომ მარტივი თამაშია, შეიძლება კარგად ვერ ვითამაშოთ. მაგალითად, ურუგვაის წინააღმდეგ კარგად ვერ ვითამაშეთ, რადგან მოწინააღმდეგეს „პატივი არ ვეცით“ და ეს უნდა შევცვალოთ. რაგბი რთული სპორტის სახეობაა და ყველა მეტოქე უნდა დააფასო. გუნდში პროფესიონალური გარემო უნდა შევქმნათ და ამისათვის ყველამ ერთად ვიმუშაოთ.
მკაფიო გზა უკეთ თამაშისთვის
„მიყვარს ოთხდღიანი სავარჯიშო სესია და ზოგჯერ მხოლოდ ერთ კონკრეტულ რამეზე ფოკუსირება. მაგრამ თუ მომავალ მსოფლიო თასზე წარმატებული ასპარეზობა გვსურს, ბევრი რამის გაუმჯობესება გვჭირდება. დისციპლინა გასაუმჯობესებელია, მოსამზადებელი პროცესი სწორედ უნდა გავატაროთ. ჩვენ გვჭირდება მკაფიო გზა და ძალიან ბევრი მუშაობა.
გუნდის სულისკვეთება დიდი პრობლემა არ არის, რადგან ბიჭები ყოველთვის მზად არიან ბრძოლისთვის. ეს რაგბიში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც შეეხება სათამაშო სტილს, საჭიროა, რომ ჩვენი თამაში მოვარგოთ თანამედროვე რაგბის, ასევე ახალ წესებს. შეტევის დროს ბურთი უფრო დიდხანს უნდა შევინარჩუნოთ, განვავითაროთ უკეთესი შეტევა, მაგრამ ეს ძალიან რთულია, რადგან შეტევას ბევრი რამ უკავშირდება: სიზუსტე, ბურთის გადაცემის დრო, დაჭერა და გადაცემა, მხარდაჭერა და შენს გარშემო მდგომარეობის შეფასება. ზოგ მოთამაშეს ჩვევად არ აქვს გარემოს დათვალიერება, არადა ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ძლიერი შერკინების გარეშე გამარჯვების მოპოვება რთული იქნება. ჩვენ ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს, რადგან გვყავს ძლიერი ბურჯები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ კომპონენტშიც გასაუმჯობესებელი გვაქვს დისციპლინა. ამ კომპონენტში უნდა მოვახდინოთ მოწინააღმდეგეზე დომინირება და გამოვიყენოთ ძალიან კარგი ხაზის მოთამაშეები. კმაყოფილი ვარ ჩვენი უკანა ხაზით, რადგან ბევრი სწრაფი ბიჭი გვყავს, თუმცა აუცილებელია მათი დონის განვითარება.
ვუყურე ტოპ 14-ში ლა როშელისა და ტულუზას მატჩს. დავით ნინიაშვილი მოედანზე საუკეთესო იყო. ერთ-ერთი საუკეთესო იყო ალექსანდრე ქუნთელია და ეს ძალიან კარგია. გასულ კვირაში, ტოპ 14-სა და პრო დე 2-ში 26-მა ქართველმა ითამაშა და მათი 95% ძალიან კარგი იყო“.
ჰიბრიდული მოთამაშეები
„მინდა გვყავდეს ერთგვარად ჰიბრიდული მოთამაშეები, მაგალითად, როგორიცაა ანდრო დვალი. ის მესამე ხაზში თამაშობს, მაგრამ ჩემი აზრით, მას უკანა ხაზშიც შეუძლია თამაში. ის სწრაფი და ჭკვიანი მორაგბეა. იგივე ითქმის თედო აბჟანდაძეზეც, რომელიც მგეზავია (10), თუმცა ფულბეკის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, გასულ კვირას კი, გრენობლთან, როდესაც ორიაკის 9 ნომერმა ყვითელი ბარათი მიიღო, ეს პოზიციაც შეითავსა. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ასეთი ჰიბრიდული მოთამაშის განვითარება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სათადარიგო სკამზე 6 მორკინალი და ორი ხაზის მოთამაშე გვყავს.
ერთ-ერთი ასეთი მორაგბეა ქუნთელია, რომელიც ბურჯია, თუმცა მეორე ხაზშიც უწევდა თამაში. ავსტრალიაში გასამართ მსოფლიო თასზე, განაცხადში მხოლოდ 33 მოთამაშე გვეყოლება და ამ შემთხვევაში ჰიბრიდული მორაგბეების ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია. გასათვალისწინებელია როგორც ტრავმები, ასევე მოწინააღმდეგე გუნდის შესაძლებლობები, ამინდი და ა.შ.
მთავარი სამიზნე – ოსფრიზი და გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატი
„შავი ლომი ეროვნული გუნდის „სამუშაო ლაბორატორიაა“. აქ ახალგაზრდა ბიჭების განვითარება შეგვიძლია. შავ ლომში გვყავს როგორც ახალგაზრდა, ასევე გამოცდილი მოთამაშეები, მაგალითად ლადო ჩაჩანიძე და გიორგი კვესელაძე, რომლებიც მსოფლიო თასისთვის უნდა მოვამზადოთ.
ასევე გვყავს ორი უცხოელი მორაგბე: პოტუმ და მაიკლიმ რამდენიმე თამაში ჩაატარეს სამოას ნაკრებში. ისინი თამაშობენ როგორც მეორე, ასევე მესამე ხაზში. ორივე ძლიერი ბიჭია და გუნდისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. მათ თამაში ახალ ზელანდიაში დაიწყეს, შესანიშნავი უნარები აქვთ და თამაშის ღრმა გააზრება შეუძლიათ. დარწმუნებული ვარ, ისინი ქართველ მორაგბეებს დონის ამაღლებაში, უნარების განვითარებაში დაეხმარებიან.
ჩელენჯ თასის დაწყებამდე ვეთამაშეთ გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ბენეტონს (14:36), გვექნება მატჩები ინგლისის ჩემპიონ ნორთჰემპტონთან და სამ სამხრეთ აფრიკულ გუნდთან. ოსფრიზი ჩვენი სამიზნეა. როდესაც გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში ჩართვაზე ვსაუბრობთ, უნდა დავამტკიცოთ, რომ ამ ტურნირზე კონკურენტუნარიანები ვიქნებით და უელსელებთან თამაში ამის შესაძლებლობას გვაძლევს. დარწმუნებული ვარ მათთან საინტერესო და დაძაბული შეხვედრა გვექნება.
კროკობეთ დიდი 10-ის ყველა თამაშს ვუყურებ. საქართველოში ბევრ მორაგბეზე ვფიქრობ, მაგრამ რთულია მაღალი ბიჭების პოვნა დერეფნისთვის. შავ ლომში უცხოელი მგეზავის დამატებაზე არ ვფიქრობ, რადგან ამ პოზიციისთვის ახალგაზრდა ქართველი მორაგბეები უნდა განვავითაროთ. მაგალითად, დავით იმნაძე და მათე მახარაძე. ჩვენ უნდა აღვზარდოთ ქართველი მორაგბეები ამ პოზიციისთვის, მაგრამ გუნდში პოტუსა და მაიკელის ყოლა ცუდი ნამდვილად არ არის.
ვფიქრობ, შავ ლომს შეუძლია გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში კონკურენტუნარიანი იყოს. როდესაც ამ ტურნირში ბენეტონი და ძებრე ჩაერთვნენ, ისინი პირველი ორი წლის განმავლობაში თამაშს ვერ იგებდნენ, ახლა კი ნებისმიერ გუნდთან კონკურენტუნარიანები არიან. გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში ჩართვა, დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული რაგბისთვის. ჩვენ უნდა ვივარჯიშოთ და ვითამაშოთ შესაბამის დონეზე და ეს ძალიან მნიშნელოვანია ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარებისთვის. დღეს მთავარი პრობლემა ისაა, რომ 20-წლამდელთა ნაკრებში თამაშის შემდეგ, თუ მორაგბე საქართველოში რჩება და შავ ლომში ვერ ხვდება, მაღალი დონის თამაშები აღარ აქვს“.
იხილე მეტი
-
ნაკრები
/ 15 წამი agoპიერ-ანრი ბრონკანი: ბევრი მუშაობა გვჭირდება
გააზიარეთბორჯღალოსნებისა და შავი ლომის მთავარმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა, ახალი სეზონის დაწყების წინ საკუთარ მიზნებსა...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 3 საათის agoესპანური მედია: წიტაიშვილმა გამოცდა დიდ სცენაზე ჩააბარა
გააზიარეთესპანეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში რაიო ვალეკანო მადრიდში, რეალთან 1:4 დამარცხდა. მიუხედავად ასეთი ანგარიშით მარცხისა,...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ჩოგბურთი
/ 4 საათის agoამერიკა ზვერევმა და რიბაკინამ მოიგეს
გააზიარეთUS Open როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა შორის, რუსმა მოიგო, მაგრამ ორივემ სხვა ქვეყნის სახელით....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი