გამოგვიწერეთ

რაგბი

თბილისი სამხრეთ აფრიკის ჩემპიონის მოლოდინშია

გააზიარეთ

24 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველო პირველად უმასპინძლებს „ტოიოტა ჩელენჯის“ მეორე ეტაპს – „თბილისის თასს“, რომელშიც ექვსი გუნდი ითამაშებს.

შავ ლომთან ერთად „თბილისის თასზე“ სამი სამხრეთ აფრიკული გუნდი ითამაშებს: ბლუმფონტეინის ტოიოტა ჩიტასი, მბომბელას აირლინკ პუმასი და კიმბერლეის სუზუკი გრიქასი. საქართველოს დედაქალაქში ასევე ჩამოვლენ პორტუგალიური ფრენჩაიზი ლუზიტანუში და ესპანური ფრენჩაიზი იბერიანსი, რომელმაც რუმინული გუნდი ჩაანაცვლა.

თამაშები „ავჭალაზე“ 24 და 29 სექტემბერს, ასევე 4 ოქტომბერს გაიმართება. თითო სათამაშო დღეს სამ-სამი შეხვედრა შედგება და ევროპული გუნდები სამხრეთ აფრიკელებს შეერკინებიან.

„თბილისის თასის“ პარტნიორია სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსი“.

შავი ლომი პირველ თამაშს სუზუკი გრიქასთან გამართავს; მეორე მატჩი აირლინკ პუმასთან ექნება; მესამე კი – ტოიოტა ჩიტასთან. აღსანიშნავია, რომ ქარი ქაფის წლევანდელ გათამაშებაში ამ გუნდებმა მოწინავე პოზიციები დაიკავეს.

რეგულარული გათამაშება გრიქასმა (6 მოგება, 1 მარცხი) 31 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა; ჩიტასი (5-2) 27 ქულით მეორე პოზიციაზე გავიდა; პუმასი (4-3) კი 22 ქულით მესამე ადგილს დასჯერდა. თასის ნახევარფინალში გრიქასმა ლაიონსი 52:12 დაამარცხა, ხოლო პუმასმა ჩიტასს 27:24 სძლია. შედეგად, 12 სექტემბერს, ფინალში, გრიქასი პუმასს შეერკინება, რაც იმას ნიშნავს, რომ შავი ლომი თბილისში სამხრეთ აფრიკის ჩემპიონსა და ვიცე-ჩემპიონს დაუხვდება.

„ტოიოტა ჩელენჯის“ პირველ ეტაპზე, სამხრეთ აფრიკაში, შავმა ლომმა პუმასი (46:36) დაამარცხა, გრიქასთან (21:56) და ჩიტასთან (31:47) კი დამარცხდა. ევროპული გუნდებიდან, შავი ლომი ერთადერთი იყო, რომელმაც სამხრეთ აფრიკელ მეტოქესთან გამარჯვება მოახერხა.

მეტოქეები

აირლინკ პუმასი 1969 წელს დაარსდა და ერთხელ, სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატის გამარჯვებული 2022 წელს გახდა, ხოლო მომდევნო წელს მეორე ადგილი დაიკავა;

სუზუკი გრიქასი 1886 წელს დაარსებული გუნდია და „ქარი ქაფი“ ოთხჯერ მოიგო: შორეულ 1899, 1911 და 1970 წლებში, ბოლოს კი, 2025 წელს და სამხრეთ აფრიკის მოქმედი ჩემპიონია.

ტოიოტა ჩიტასი 1895 წელს დაარსდა და „ქარი ქაფის“ ჩემპიონი შვიდჯერ გახდა, ცხრაჯერ მეორე, ხოლო 15-ჯერ მესამე ადგილი დაიკავა. შვიდი ჩემპიონობიდან ხუთი უკანასკნელ 20 წელიწადზე მოდის – ბოლო 2023 წელს.

2006-17 წლებში ჩიტასი სუპერ რაგბიში თამაშობდა, 2017 წლიდან კი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადაინაცვლა და გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში, იმხანად პრო 14-ში ჩაერთო, თუმცა 2020 წლის შემდეგ, კოვიდ-პანდემიამ ამ ტურნირში მონაწილეობის შესაძლებლობა აღარ მისცა.

2022 წელს, ევროპის პროფესიულმა საკლუბო რაგბიმ, ჩიტასი და შავ ლომი „ჩელენჯ თასზე“ მიიწვია და მას შემდეგ წვეული გუნდის სახით ევროტურნირების მონაწილეა.

თბილისის თასი

24 სექტემბერი: პუმასი-იბერიანსი (14:00); ჩიტასი-ლუზიტანუში (17:00); შავი ლომი-გრიქასი (20:00);

29 სექტემბერი: ჩიტასი-იბერიანსი (14:00); შავი ლომი-პუმასი (17:00); გრიქასი-ლუზიტანუში (20:00);

4 ოქტომბერი: პუმასი-ლუზიტანუში (14:00); გრიქასი-იბერიანსი (17:00); შავი ლომი-ჩიტასი (20:00).

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად რაგბი