ევროპის ხელბურთის ფედერაცია (EHF), ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრებს, ისევე როგორც დანარჩენ 23 მონაწილეს, ერთგვარი გაცნობითი ხასიათის ტექსტით მეგზურობას უწევს.
EHF-ის ვებ-გვერდზე წერია, რომ ევრო-2024 საქართველოსთვის პირველი დიდი ტურნირი იყო, სადაც მათ ნამდვილად მოახდინეს შთაბეჭდილება.
„საქართველო ჯგუფური ეტაპიდან ვერ გავიდა, მაგრამ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან ისტორიული გამარჯვება ნათლად აჩვენებდა, რომ უკან დაბრუნებას აპირებდნენ. მოგვიანებით ისინი მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩნენ, მაგრამ ევროპულ სარბიელს დაუბრუნდნენ იმ მიზნით, რომ უფრო შორს წავიდნენ.
საქართველომ მესამე საკვალიფიკაციო ჯგუფში სამი გამარჯვება (ორი ბოსნია და ჰერცეგოვინასთან და ერთი საბერძნეთთან) მოიპოვა და ამდენივე მარცხი ჰქონდა, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა ისლანდიის შემდეგ, ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად და ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატისთვის ბილეთების დასაჯავშნად.
ტიტე კალანდაძის გუნდი ახლა მალმოში ბრუნდება, სადაც მათი გზები კვლავ გადაიკვეთება შვედეთთან და ნიდერლანდებთან – იმავე მეტოქეებთან, რომლებსაც 2024-ში დაუპირისპირდნენ. იმ შეხვედრებში 26:42 და 29:34 წააგეს, მაგრამ ამჯერად უკვე მეტი გამოცდილებით, უფრო მკაფიო სტრუქტურით და შედეგების გაუმჯობესების ძლიერი სურვილით ბრუნდებიან. იქამდე საქართველოს ნაკრები მათთვის მეორე ევროპის ჩემპიონატს 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსან ხორვატიასთან გახსნიან .
გუნდის მთავარი ძალა კვლავ გიორგი ცხოვრებაძეა, რომელიც ცნობილია თავისი ძლიერი ნახტომით და გადამწყვეტ მომენტებში შეტევის გაძღოლის უნარით. მის გვერდით კვლავ იქნება გიორგი დიხამინჯია – საკვალიფიკაციო ეტაპის საკვანძო ფიგურა“, – წერია ვებ-გვერდზე.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 17 იანვარს, ხორვატიასთან შეხვედრით შეუდგება, 19 იანვარს მასპინძელ შვედეთს დაუპირისპირდება, ხოლო 21 იანვარს ნიდერლანდებთან მატჩია ჩანიშნული.
საქართველოს ნაკრები შვედეთში ასეთი შემადგენლობით ჩავიდა:
მეკარეები: ზურაბ ცინცაძე, დავით ნიქაბაძე, გიგი რუხაძე;
მოედნის მოთამაშეები: გიორგი ლაპიაშვილი, ვახტანგ ხელისუფალი, ხაზეინ რუსტამოვი, ვახტანგ ხარებაშვილი, გიორგი არეშიძე, ირაკლი კბილაშვილი, გიორგი ცხოვრებაძე, ერეკლე არსენაშვილი, ზურაბ გოგავა, ნიკოლოზ კალანდაძე, დავით გრიშიკაშვილი, მირიან გავაშელიშვილი, გიორგი დიხამინჯია.