ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეული კლუბი ბათუმის დინამოს მძიმე ფინანსურ კრიზისშია. ალბათ შეხსენება საჭირო არ უნდა იყოს, რომ შავი ზღვისპირა გუნდი სხვადასხვა დროს საქართველოს ჩემპიონიც გამხდარა და დავით ყიფიანის თასის მფლობელიც.
ბათუმის სტადიონი კი ცალკე აღნიშვნის ღირსია. აჭარული კლუბი ნამდვილად იმსახურებდა მსგავს ევროპული დონის არენას.
ყოველივე ამის ფონზე კი ნამდვილად სამწუხაროა, რომ ბათუმს საფეხბურთო გუნდი აღარ ჰყავდეს. უფრო სწორად ქაღალდზე კი იარსებებს, მაგრამ ეს გულშემატკივრებისთვის და ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის დიდი ვერაფერი შვებაა. გავრცელებული ინფორმაციით ბათუმის დინამოს მეოთხე ლიგაში დაქვეითება ემუქრება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ბათუმის დინამოს ოფიციალური ფან-კლუბი შავი ზღვის პირატები ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“კლუბი, რომელმაც არაერთი სიხარული გვაჩუქა, დღეს მძიმე კრიზისის წინაშეა და ახლა ჩვენი ხმა უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ოდესმე.
ვალდებულები ვართ გამოვეხმაუროთ იმ საგანგაშო ვითარებას, რომელშიც გუნდი იმყოფება — ფინანსური კრიზისის გამო საფრთხე შეექმნა კლუბის პროფესიონალურ სტატუსს. ქულების დაკლება და მეოთხე ლიგაში დაქვეითება კი ფაქტობრივად კატასტროფას ნიშნავს.
ეს მხოლოდ სპორტული პრობლემა არ არის — ეს ჩვენი ქალაქის, მისი ღირსებისა და იმ ისტორიის დისკრედიტაციაა, რომელიც 100 წელზე მეტია და მხოლოდ ბათუმის დინამოს უკავშირდება.
ამავდროულად, მადლობა არჩილ ბერიძეს — ადამიანს, რომელიც კლუბში მაშინ მოვიდა, როცა დინამო უმაღლესი ლიგიდან იყო გავარდნილი. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში დინამომ სანუკვარი ჩემპიონობა მოიპოვა.
თუმცა დგება დრო, როდესაც საჭიროა რადიკალური გადაწყვეტილების მიღება წასვლაზე — მაშინ, როცა კლუბის ინტერესები ამას მოითხოვს. არ დავუშვებთ, რომ კლუბი მიტოვებულად დარჩეს და წაიშალოს ყველაფერი, რაც აქამდე ყველამ ერთად შევქმენით.
დროა ვიმოქმედოთ — სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან!
ასევე, მივმართავ იმ ხალხს ვისაც შეგიძლიათ დინამოს გადარჩენა, გთხოვთ დროულ რეაგირებას, რადგან დრო ძალიან ცოტაა.“
ეროვნულ ლიგაში ორი წრის შემდეგ ბათუმის დინამო 30 ქულით მესამე ადგილზეა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო გუნდიდან ფეხბურთელთა უმეტესობა წავიდა.
იმედი ვიქონიოთ, რომ ვითარება დასტაბილურდება და ბათუმში ფეხბურთი არ მოკვდება.