გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ხვიჩა კვარაცხელია – სისტემაში შერწყმული ფანტაზია

გააზიარეთ

ხვიჩა კვარაცხელიაზე ძალიან ბევრი იწერება. არამარტო საქართველოში, არამედ მთელ ევროპაში. გვინდა მასზე კიდევ ერთხელ ვისაუბროთ. ჩვენ ხვიჩაზე წერა არ გვეზარება, თქვენ – ხვიჩაზე კითხვა…

სადღეისოდ კვარაცხელია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად რომ მიგვაჩნია, ეს ჩვენი, ქართული ახირება არ არის. მის შესახებ უკვე მთელი პლანეტა საუბრობს. კვარას ამ გზის გასავლელად დრო დასჭირდა, მაგრამ 25 წლის ასაკში თითქმის სრულყოფილებად იქცა.

ვფიქრობთ, ეს სრულყოფილება ლუის ენრიკემ მისცა. თუმცა, საკუთარ ღვაწლს ნაპოლისაც ნუ დავუკარგავთ, რადგან ამ ვერსიის შექმნაში იტალიელებიც დაეხმარნენ და საერთაშორისო სცენაზეც მათ გაიყვანეს. ნეაპოლში კვარა თავზეხელაღებული იყო. უფრო 70-იანი წლების ვერსია. ნეაპოლშივე დაარქვეს ალბათ ყველაზე საამაყო სახელები – „კვარადონა“ და „კვარავაჯო“. და მაინც, ნაპოლიში უფრო ქაოსური იყო – მიეცით სივრცე და ოსიმენი საჯარიმოში – დანარჩენი ტექნიკის საქმეა. განსაკუთრებით, თუ მცველთან ერთი-ერთზე რჩებოდა. ხვიჩაც ქმნიდა სპექტაკლებს და ქალაქმაც უცებ შეიყვარა.

ამას დაემატა ისიც, რომ საქართველოს ნაკრებში ლიდერად იქცა. პლუს, ეროვნულ გუნდში სრული თავისუფლება ჰქონდა. მასზე ნაკლებად იყო კომბინაციები. საჭირო იყო მხოლოდ სივრცე ენახა და გოლის შექმნა არაფრიდან შეეძლო, რაც თანაგუნდელებს რწმენას უნერგავდა და ისინიც ენდობოდნენ. ამიტომაც იყო ნაკრების კაპიტნის სამკლავური რომ ჩააბარეს. ხვიჩა საქართველოში არამარტო ტალანტი იყო, არამედ თაობების სახეც გახდა.

ნაპოლიში ხვიჩამ ფეხბურთი სხვანაირად დაინახა. სტრუქტურაში კი მოექცა, მაგრამ მის წესებს ხშირად არღვევდა. ამის უფლებასაც აძლევდნენ. პსჟ-მ სწორედ ასეთი თავზეხელაღებული და ლიდერის თვისებებით იყიდა. ერთია, ფრანგებს მხოლოდ ნაპოლის ვერსია არ უყიდიათ – იყიდეს საფეხბურთო ევოლუცია, რომელსაც გამოვლილი ჰქონდა სამი სრულიად განსხვავებული საფეხბურთო ცხოვრება. იყიდეს და მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე სრულყოფილი გარემარბი შექმნეს. ყველაზე მეტად ამის შეგრძნება ქართველებს გაგვიჭირდა. თითქოს ხვიჩა აღარ იყო ისეთი, როგორიც საერთაშორისო კარიერის დასაწყისში. დანარჩენი სამყაროც გვიან მიხვდა, რას ქმნიდა პსჟ. ახლა კი, ყველა ხედავს, რომ კვარას თამასა არ ჩერდება და კიდევ მეტი შეუძლია. ახლა თამაშსაც სხვაგვარად აკონტროლებს. კვარა აღარ ქმნის მხოლოდ „ჰაილაითებს“ და ისეთ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, რომლის გარშემოც სისტემები იგება.

თუ ნაპოლიში კვარაცხელიას მატჩის ბედის შეცვლა ფანტაზიით შეეძლო, პსჟ-ში ეს ფანტაზია სრულად სტრუქტურაში ჩაჯდა. პარიზში ნიჭს, ტალანტსა და ფანტაზიას უფრო ფართო არეალი მიეცა, უფრო მრავალფეროვანი გახდა. ხშირად შედის ცენტრისკენ, თამაშობს მარჯვენა ფლანგიდანაც. უფრო მეტად ეხმარება დაცვას და ამ კუთხით პროგრესიც თვალშისაცემი გახდა. პსჟ-მ კი, კვარას სასათბურე პირობები შეუქმნა. თუ ნაპოლიში ყველაზე უკეთ ოსიმენთან „მუშაობდა“, ახლა შეუძლია კომბინირება დემბელესთან, დუესთან, ნევეშთან, ვიტინიასთან, ჰაკიმთან… ნაპოლიში მეტოქე გუნდის მცველებმა იცოდნენ რომ კვარა უნდა შეეჩერებინათ. პსჟ-ში კი, ამას ვეღარ უბედავენ, რადგან ასეთ შემთხვევაში სხვა წერტილებში ცარიელი სივრცე დარჩებათ, რომლის გამოყენება ფრანგულ გუნდში ბევრს შეუძლია. პსჟ-ში აღარ არის „რობოტი“ გარემარბი, ყოველთვის არ თხოვენ თხოვენ სამი და ოთხი ფეხბურთელის მოტყუებას. გუნდში უქმნიან სიტუაციებს, სადაც მასთან დარჩენა ერთ მცველს უწევს. აი, იმ ერთ მცველს რა ემართება, ეს უკვე ყველამ იცის…

ავიღოთ ბაიერნის კარში გატანილი ორივე გოლი: პირველ შემთხვევაში იყო კვარასეული მოქმედება – ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, ცენტრისკენ შეიწია, შეცვალა შეტევის მიმართულება და შორეულ კუთხეში გაიტანა. რა შეეძლო ამ შემთხვევაში ბაიერნს? ალბათ არც არაფერი. კვარამ ბურთი მის „წერტილში“ მიიღო, მარცხენა ფლანგზე, ბაიერნის დაცვის წინ, სადაც გერმანელებს სივრცე დარჩათ და სადაც კვარა ყველაზე სახიფათოა. თუმცა, გოლი მხოლოდ ინდივიდუალური არ იყო. ბაიერნის მცველებმა ვერ გადაწყვიტეს მასზე გამოსულიყვნენ, თუ დაეცვათ სივრცე ზურგს უკან. მით უფრო, რომ ხვიჩას „ცარიელი“ თანაგუნდელების მოძებნაც შეუძლია, ხოლო კრეატიულობით არაორდინალური გადაწყვეტილების მიღებაც. ესეც სისტემის ნაწილი იყო, მაგრამ ხვიჩამ მომენტის ბედი თავად გადაწყვიტა.

მეორე გოლი უფრო სისტემური იყო: ჰაკიმი მარჯვნიდან მივიდა პირით ხაზამდე, ბურთი საჯარიმოში დიაგონალზე გაუშვა, დემბელემ გაატარა და კვარაცხელია იქ დახვდა, საიდანაც კომბინაციის დასრულება პრობლემა არ იყო.

ბევრი სპეციალისტი თვლიდა, რომ კილიან მბაპეს პსჟ-დან წასვლის შემდეგ გუნდის შეტევა ჩამოიშლებოდა. თუმცა, ასე არ მოხდა. მეტიც, კვარამ გუნდის შეტევითი პოტენციალი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათოდ აქცია.

კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში პსჟ-ს გოლებში მონაწილეობის რეკორდი უკვე მოხსნა – 10 გოლი, 5 პასი. თუ სხვა ციფრებს გადავხედავთ, კვარას აქვს 90%-იანი პასების სიზუსტე – ეს კი გარემარბისთვის ძალიან მაგარი მაჩვენებელია.

თუ პსჟ ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ მეორედ მოიგებს, სეზონი ისტორიული გამოვა და ხვიჩაც „ოქროს ბურთის“ მომგები დონის ფიგურა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს წელი მსოფლიო ჩემპიონატის წელია. იქ კი, საქართველო არ მონაწილეობს, რაც, შესაძლოა, ხელისშემშლელი ფაქტორი გახდეს…

თუმცა, მისი ისტორია მხოლოდ ქართულ არ არის და კვარაც ევროპული ფეხბურთის ისტორიის ნაწილია…

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ლეგიონერები