
ქართულ ძიუდოს წარმატებული პერიოდი უდგას. ჩვენმა ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა და შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა. მამაკაცებს შორის მოპოვებული მედლები არ გვიკვირს და წელს კი, პირიქით მოხდა და ეთერ ლიპარტელიანმაც გაგვახარა. ეთერი გახდა, პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელმაც პლანეტის პირველობა მოიგო. ამასთან, ყველა შეხვედრა იპონით და არცერთ შეხვედრაში ოთხ წუთზე მეტი არ დასჭირვებია.
Etablo.ge ეთერს დაუკავშირდა და მცირე ინტერვიუ ჩაწერა.
– ეთერ, უპირველეს ყოვლისა, გილოცავ ისტორიულ წარმატებას და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას. რამდენად ელოდი ასეთ ტრიუმფს ?
– ევროპის ჩემპიონატზე ფინალის წაგების შემდეგ, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ეს არ იყო მაქსიმუმი და გაცილებით მეტის გაკეთება შემეძლო. აქამდე რთული გზა გავიარე და მსურდა ეს ყველაფერი დაფასებულიყო. ბუდაპეშტში მხოლოდ საჩემპიონო ამბიციით წავედი. ევროპაზე ფინალის წაგების შემდეგ, ჩემს თავთან ერთგვარი ბრაზი მქონდა, რადგან მქონდა განცდა იმ შეხვედრაში რაღაც დავაკელი და ვეცადე ეს სიბრაზე მსოფლიო ჩემპიონატზე გადამეტანა.
– მსოფლიო ჩემპიონატზე საკმაოდ რთული ბადე შეგხვდა: ფრანგი სარა სისიქე, ფინალში მსოფლიო ჩემპიონი მომო ტამაოქი, რომელ მეტოქესთან ბრძოლას გამორჩევდი და ყველაზე მეტად ვის წინააღმდეგ ბრძოლა გაგიჭირდა?
– წილისყრას არასდროს ვაქცევ ყურადღებას. მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ჩემი მეტოქე, ვინ იქნება ბადის ჩემს მხარეს. მთავარია, იმის გაცნობიერება, რომ თუ გსურს ტიტული ყველა უნდა დაამარცხო. მხოლოდ იმას ვფიქრობდი, რომ ტატამიზე ჩემი სტილი მეჭიდავა და საკუთარი თავი მაქსიმალურად წარმომეჩინა.
– ზედიზედ, ორ ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთე ადგილი დაიკავე და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა წააგე. შენი ემოციებიც ყველას გვახსოვს. ასეთი მარცხი რამდენად რთული იყო ფსიქოლოგიურად?
– ამ ყველაფრის გადატანა ფსიქოლოგიურად მარტივი არ იყო. ერთი ნაბიჯი დამაკლდა ოლიმპიურ მედლამდე, არადა საჩემპიონოდ ვიყავი განწყობილი. ორივე მარცხი მტკივნეული იყო, მაგრამ მომავლის რწმენა მომცა. ეს სპორტია და აუცილებელია წაგების ტკივილი გაიაზრო, რომ შემდეგ გამარჯვებას უფრო კარგი გემო ჰქონდეს.
– მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ ახსენე, რომ ამ ტრიუმფს ვარლამ ლიპარტელიანს უძღვნი.
– ვარლამ ლიპარტელიანი ნამდვილი კაპიტანი და მისაბაძი სპორტსმენია, როგორც საქართველოსთვის, ასევე სვანეთისთვის. მას დიდი წვლილი აქვს ამ სპორტში და მე რომ ძიუდოისტი ვარ, ესეც ლიპოს დამსახურებაა. სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულის მოპოვება და ბედნიერი ვარ, რომ მისი სურვილის შესრულებაც შევძელი და ჩვენი გვარი მსოფლიოს ჩემპიონების გრაფაში ჩავწერე.
– ლუხუმ ჩხვიმიანის შემდეგ, მეორე სვანი ხარ, რომელმაც ეს შეძლო.
– ჩვენი პატარა, მაგრამ საოცარი რეგიონისთვის ასეთი წარმატებები ძალიან მნიშვნელოვანია. წლების განმავობაში ეს მხარე ბევრისგან მივიწყებული იყო და ახლა უფრო დაინტერესდებიან.
– შენს წარმატებაში გია თენაძის (ძიუდოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი) ძალიან დიდია…
– სპორტში ჩემი პირველი ნაბიჯები და ყოველი წარმატება ამ ადამიანის სახელს უკავშირდება. არაერთი რთული პერიოდის მიუხედავად, გია ჩემთვის და სხვა გოგოებისთვის იყო მწვრთნელიც, მშობელიც და მთავარი მოტივატორიც, რომ ჩვენი შრომა ტყუილად არ ჩაივლიდა და აუცილებლად მივიდოდით მიზნამდე.
– მეუღლეც ძიუდოსტია. წარმატებაში მის როლზეც რომ ისაუბრო…
– მე და თემო (თემურ ნოზაძე) 15 წლის ასაკიდან ერთად ვართ. ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ. ჩემი მსოფლიოს ჩემპიონობა მისი დამსახურებაცაა, რადგან ძალიან მეხმარება და ყოველთვის ჩემს გვერდითაა. ბედნიერი ვარ, რომ ის მყავს გვერდით და მჯერა ერთად კიდევ ბევრს შევძლებთ.
– ბოლოს, რა არის სამომავლო მიზანი?
– მსურს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მეტი მედალი მოვიპოვო და, რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი ოლიმპიური ჩემპიონობაა. მსურს, ჩემი გვარი ოლიმპიური ჩემპიონების ნუსხაში ჩაიწეროს. გოგოები, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერას, ჩემს შედეგებს თვალს ადევნებენ და მსურს მათთვის მოტივაციის წყარო ვიყო. ძალიან მიხარია, რომ ქალთა შორის პირველი მსოფლიო ჩემპიონი ვარ და მინდა პირველი ოლიმპიური ჩემპიონიც ვიყო.
იხილე მეტი
-
რაგბი
/ 19 საათის agoლუკა ცირეკიძე: შაბათს უნდა მოვიგოთ!
გააზიარეთ17 ოქტომბერს შავი ლომი 2026-27 წლების სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს ითამაშებს. ჩვენი გუნდი, „ავჭალაზე“,...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 2 დღის agoმამუ და გოგა ახალი სეზონისთვის ემზადებიან
გააზიარეთNBA-ში მორიგი სეზონის წინ გუნდები გამალებით ემზადებიან. უცხო არავისთვის არის, რომ მსოფლიოს ყველაზე მაგარ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ევროტურნირები
/ 2 დღის agoვილიარეალმა მოგება გაიხსენა, მიქაუტაძემ – გოლი
გააზიარეთჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტური დაიწყო და ძალიან საინტერესო მატჩები გაიმართა. გოლი ყველა მატჩში გავიდა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი