უდინეზემ 21 წლის ქართველი ცენტრალური მცველი, საბა გოგლიჩიძე ოფიციალურად წარადგინა. პრეზენტაციის შემდეგ ფეხბურთელმა მედიის კითხვებს უპასუხა და კარიერაში ახალი ეტაპის დაწყებაზე ისაუბრა.
გოგლიჩიძის თქმით, სერია A-ში თამაში მისთვის დიდი გამოცდილება იყო, თუმცა ახლა თავს ბევრად მომზადებულად გრძნობს:
„შარშანდელი სეზონი ჩემთვის განსაკუთრებული იყო – პირველად ვითამაშე სერია A-ში. დღეს კი ვგრძნობ, რომ უფრო გამოცდილი ვარ და ჩემი საფეხბურთო დონეც მნიშვნელოვნად შეიცვალა. ყოველდღიურად ვცდილობ მაქსიმალური მონდომებით ვივარჯიშო და გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო“, – აღნიშნა მცველმა.
ახალ გარემოსა და ადაპტაციაზეც შეეხო:
„გასახდელში ძალიან პოზიტიური ატმოსფეროა, პიოტროვსკის მსგავსად მეც მხოლოდ კარგ ენერგიას ვგრძნობ. გუნდში მეგობრული დამოკიდებულებაა, რაც წარმატებული სეზონისთვის უმნიშვნელოვანესია“, – თქვა ქართველმა.
გოგლიჩიძემ ასევე გაიხსენა გასულ წელს უდინეზეს წინააღმდეგ გამართული შეხვედრები:
„ორი განსხვავებული მატჩი იყო. მაშინ წარმოუდგენელიც კი მეჩვენებოდა, რომ ოდესმე ამ გუნდში ვითამაშებდი. იმ მომენტში, ვინც ამას მეტყოდა, ნამდვილად არ დავიჯერებდი. ვფიქრობ, უდინეზეში გადასვლა ჩემს კარიერაში სერიოზული ნაბიჯია წინ“.
რაც შეეხება ტაქტიკურ სქემებსა და სათამაშო პოზიციას, ფეხბურთელმა განმარტა:
„ყველაზე კომფორტულად ცენტრალური მცველის პოზიციაზე ვგრძნობ თავს. შემიძლია როგორც სამ, ისე ოთხკაციან დაცვაში თამაში, საქართველოში ორივე ვარიანტი გამომიცდია. ფეხბურთში ყველაფრისთვის მზად უნდა იყო“, – თქვა მან.
მისაბაძ ფეხბურთელზეც ისაუბრა:
„სერხიო რამოსი ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მისგან ბევრი ვისწავლე“, – აღნიშნა ქართველმა.
გოგლიჩიძე უდინეზეს ისტორიაში პირველი ქართველი მოთამაშეა, რაც მისივე თქმით, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას უკავშირდება:
„დიახ, ამას განსაკუთრებულად ვგრძნობ. უდინეზეში ქართველი ფეხბურთელი აქამდე არ ყოფილა და ამაზე ნამდვილად ვამაყობ“.
ახალი კლუბისთვისაც უკვე აირჩია მაისურის ნომერი:
„ბავშვობიდან, დაახლოებით 10-11 წლიდან 2 ნომრით ვთამაშობ. ემპოლიში ასევე 2 ნომერი მქონდა და აქაც სწორედ ეს ავირჩიე“.