გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ხვიჩა კვარაცხელია: მოედანზე ყოველთვის ბედნიერი ვარ

გააზიარეთ

28 აპრილს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალა, რომელშიც ხვიჩა კავარცხელიას პსჟ მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლებს. მატჩის წინ ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც ქართველი ფეხბურთელი იმყოფებოდა და საკმაოდ ვრცლადაც ისაუბრა.

ხვიჩა კვარაცხელია:

„ვიცით, რომ რთული თამაში იქნება. ბაიერნი ახლა კარგ ფორმაშია. მაგრამ ჩვენ პსჟ ვართ. ისიც ვიცით, რომ თუ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ, შეგვიძლია ყველას მოვუგოთ. ძალიან მოტივირებულები ვართ, რადგან ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ვთამაშობთ. თუმცა, ჩვენც ასეთი გუნდი ვართ. ამიტომ ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ. ჩვენს სახლში, საოცარი გულშემატკივრების წინ ვითამაშებთ. ისინი საოცრად გვიქომაგებენ და ატმოსფეროც განსაკუთრებული იქნება. ჩვენ გულშემატკივრებთან ერთად ვიბრძოლებთ და ვფიქრობ, მთავარი მიზეზი, რატომაც კარგად უნდა ვითამაშოთ, სწორედ ეს არის…

თავს შესანიშნავად ვგრძნობ, კარგ ფორმაში ვარ, მაგრამ ეს გუნდის დამსახურებაცაა. ერთად ფანტასტიკური რაღაცები გავაკეთეთ და მეც ამ გუნდის ნაწილი ვარ. გასულ სეზონში ბევრი მატჩი ვითამაშეთ, რის გამოც მიმდინარე სეზონის დასაწყისში ცოტა გადაღლილები ვიყავით. თუმცა, ახლა უკეთეს ფიზიკურ ფორმაში ვართ, ვიდრე სეზონის დასაწყისში. სეზონის ბოლომდე ცოტა მატჩი რჩება და ჩვენც ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ…

ბაიერნთან ფაზის ეტაპზეც ვითამაშეთ და მათსავით კარგად ვერ გამოვიყურებოდით. ტრავმებიც გვქონდა. მეორე ტაიმში ვაჩვენეთ, რომ ყველაფრის გაკეთება და მათი დამარცხება შეგვეძლო, მაგრამ საკმარისი გოლების გატანა ვერ შევძელით….

საფირმო დარტყმა? ამაზე ბევრს ვმუშაობ. ეს ასევე მოწინააღმდეგეზეცაა დამოკიდებული. ვცდილობ, ეს მოძრაობა ვარჯიშის დროსაც გავაკეთო, ასევე მატჩებში. ამაზე ყოველდღე ვმუშაობ…

გუნდში პენალტის დარტყმა რამდენიმე ფეხბურთელს შეუძლია. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. ჯერ არ გადაგვიწყვეტია, ვინ შეასრულებს პენალტებს… ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მე უბრალოდ, მოედანზე გავდივარ, ვთამაშობ, ყველაფერს ვაკეთებ. არ აქვს მნიშვნელობა, გოლს ვინ გაიტანს. მთავარი ისაა, რომ რომ მოედანზე 100%-ით დავიხარჯო…

დემბელესთან თამაში დიდი სიამოვნებაა. ის ჩემს საქმეს მიადვილებს. მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია და სწორედ ამიტომ მოიგო „ოქროს ბურთი“. თავდამსხმელებთან და მთელ გუნდთან ურთიერთობა კარგია. როდესაც ვარჯიშზე მივდივართ, ყველა იღიმის, არასდროს მინახავს, ვინმე ვარჯიშზე მოწყენილი მოსულიყო. ვფიქრობ, ეს ჩვენი ფორმაში ყოფნის ერთ-ერთი მიზეზია. სწორედ ამიტომ ვამაყობ აქ ყოფნით და ახალი მეგობრების შეძენით. ახლა ოჯახივით ვართ…

ნოიერი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, ნამდვილი ლეგენდაა, ეს ყველამ ვიცით. ვიცით, რა შეუძლია და როგორ თამაშობს, როცა ბურთი აქვს, მაგრამ ვეცდებით გოლები გავუტანოთ…

ლუის ენრიკესთან ერთად დაცვაში თამაში ძალიან გავაუმჯობესე, ამაში ნამდვილად დამეხმარა. ვიცით, რომ საჭიროებისას მცველებივით უნდა ვითამაშოთ. შესანიშნავი ვარჯიშები გვაქვს, სადაც გუნდურად ვმუშაობთ…

ვიტინიამ უკვე ივარჯიშა და, ვფიქრობ, სათამაშოდ მზადაა..

ნეაპოლში გულშემატკივრები კვარადონას მეძახდნენ. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა ფეხბურთის ღმერთს გადარებენ, ყველამ ვიცით მარადონას კლასი და ნეაპოლიში მართლაც ღმერთად მიიჩნევა, ყველა ოჯახში მისი ფოტოა. რა თქმა უნდა, მომწონს ეს შედარება, მაგრამ მას ვერავინ შეედრება, ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ვამაყობ, მაგრამ ადვილი არ არის, როდესაც ეს მეტსახელი გაქვს, რადგან ყველა მატჩში უნდა დაამტკიცო, ვინ ხარ. ამიტომ, ადვილი არ იყო, მაგრამ ბედნიერი ვარ…

ფეხბურთს იმიტომ ვთამაშობ, რომ ძალიან მიყვარს. მოედანზე ყოველთვის ბედნიერი ვარ. ვცდილობ, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო. ვფიქრობ, ფეხბურთი შეიცვალა, შეიძლება ზუსტად ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო. დიახ, მნიშვნელოვანია, რომ რაღაცები შევმატოთ, ლამაზი რაღაცები… ვამაყობ, რომ ამის გაკეთება შემიძლია. ყოველთვის ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებ. ვცდილობ დავტკბე იმით, რასაც მოედანზე ვაკეთებ“.

შეგახსენებთ, პსჟ და ბაიერნი მიმდინარე სეზონში ფაზის ეტაპზე უკვე შეხვდნენ და გერმანულმა გუნდმა პარიზში 2:1 მოიგო. სულ კი, ეს გუნდები ერთმანეთს 16-ჯერ შეხვედრიან: ცხრა მატჩი ბაიერნმა მოიგო, შვიდი – პარი სენ-ჟერმენმა.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები