
ქართველი ახალგაზრდები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ჩვენი ქვეყნის სახელის გასატანად დიდ ენერგიას დებენ. 20 წლის ალექსანდრე კოშაძე, რომელიც ტორონტოში ცხოვრობს, მკლავჭიდში უკვე სერიოზულ შედეგებს აღწევს. 19 წლის ასაკში კანადის და ჩრდილოეთ ამერიკის ჩემპიონი გახდა როგორც დიდებში, ისე 23 წლამდელთა შორის. ახალგაზრდა სპორტსმენზე თბილად საუბრობს კანადის მკლავჭიდის ლეგენდა დევონ ლარატი:
„ჩვენთან კანადაში ერთი ქართველი ჩამოვიდა, ალექსანდრე კოშაძე (14 წლის იყო მაშინ) და რამდენიმე წელიწადში მკლავჭიდში კანადის ჩემპიონი გახდა, ოხ ეს ქართველები!“ – ამბობს ლარატი.
დღეს უკვე ნათელია, რომ კოშაძე მხოლოდ დასაწყისშია და წინ დიდი გზა აქვს.
etablo.ge ალექსანდრეს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩავწერეთ.
– პირველად როდის და რატომ მოინდომე მკლავჭიდის მაგიდასთან დადგომა?
საქართველოში თითქმის ყველა ბიჭს უყვარს მკლავჭიდი – ბავშვობიდანვე ეს ერთგვარი ძალის გამოცდაა. ხაშურში ხშირად ვეჯიბრებოდი კლასელებს, თუმცა ეს უფრო გართობის ხასიათს ატარებდა. ყველაფერი სერიოზულად მაშინ დაიწყო, როცა ტორონტოში მოვხვდი. აქ ინტერნეტით ვიპოვე მკლავჭიდელები, დავიწყე მათთან ვარჯიში და მალე მივხვდი, რომ ეს უკვე ჰობი კი არა, ცხოვრება გახდა. თავიდან უბრალოდ მაინტერესებდა, მერე კი იმდენად ჩამითრია, რომ ვეღარ გავჩერდი.
– მკლავჭიდილით როდის დაინტერესდი და ვინ იყო შენი პირველი შთაგონება?
15 წლის ვიყავი, როცა ვარჯიში დავიწყე. მაშინ ლევან საგინაშვილი და დევონ ლარატი ჩემთვის შეუფასებელი მაგალითები იყვნენ. სწორედ მათმა ისტორია გამიჩინა სურვილი, რომ ოდესღაც ასეთ დონეზე მოვხვედრილიყავი.
– რომელ წონით კატეგორიაში ასპარეზობ?
ამჟამად 80 კილოგრამში ვასპარეზობ. ბევრჯერ დავამარცხე გამოცდილი მეტოქეები, დღეს კი ჩრდილოეთ ამერიკაში ჩემს წონაში პირველ ნომრად ვითვლები.
– ლევან საგინაშვილთან თუ გქონდა ურთიერთობა?
დიახ, შვეიცარიაში გავიცანი. ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო მასთან შეხვედრა. ლევანმა მითხრა: „მიაწექი რაც შეგიძლია და განაგრძე, მეც შენსავით დავიწყე“. ასეთი სიტყვები ძალიან დიდი ძალაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს მსოფლიოს ლეგენდისგან გესმის.
– რა განსხვავებას ხედავ საქართველოსა და კანადაში მკლავჭიდის განვითარებაში?
კანადაში მკლავჭიდი ნაკლებად პოპულარულია, სპონსორებიც იშვიათია და სახელმწიფოც დიდ ყურადღებას არ აქცევს. მწვრთნელებიც ფაქტობრივად არ არსებობენ, ყველა ერთმანეთის გამოცდილებას უზიარებს. საქართველოში კი სპორტსმენებს მწვრთნელები ჰყავთ, ორგანიზებულად ვარჯიშობენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, თუ მკლავჭიდი ოლიმპიური სახეობა გახდება, კანადაშიც მეტი რესურსი ჩაიდება და უფრო სერიოზულად შეხედავენ. კანადაში უფრო ბეისბოლს და ასეთ სპორტებს ექცევა ყურადღება. მკლავჭიდის ყველა ტურნირზე ჩემი ხარჯით დავდივარ.
– კანადაში იცნობდნენ საქართველოს, სანამ იქ ჩახვიდოდი?
ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ყველამ იცოდა საქართველო. როგორც კი ვამბობდი, რომ ქართველი ვარ, მაშინვე ლევან საგინაშვილს ახსენებდნენ. იცოდნენ, რომ საქართველოში გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სპორტსმენები. ეს ჩემთვის განსაკუთრებული სიამაყეა – პატარა ერი ვართ, მაგრამ სპორტში საოცარ წარმატებებს ვაღწევთ.
– დევონ ლარატთან პირველი შეხვედრა როგორ გახსოვს?
15-16 წლის ვიყავი, როცა პირველად შევხვდი. ერთ-ერთ შეჯიბრებას ესწრებოდა, სადაც მეც გამოვდიოდი. ჩემი მონაცემები მოეწონა, შემდეგ მოვიდა და მითხრა: „ქართველები როგორ ხართ ასე მაგრები?!“ ეს სიტყვები ჩემთვის მოტივაცია გახდა – იმ დღიდან მივხვდი, რომ სწორ გზაზე ვიდექი.
– ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ჩემპიონობა რას ნიშნავდა შენთვის?
ტურნირი მექსიკაში გაიმართა. დავამარცხე ამერიკელი, კოსტარიკელი, მექსიკელი და კიდევ ბევრი ძლიერი მეტოქე. ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ გამარჯვება მოვიპოვე ორივე ხელში – როგორც მარცხენაში, ისე მარჯვენაში. თანაც გავიმარჯვე დიდებში და 23 წლამდელთა შორისაც. 19 წლის ასაკში ეს ჩემთვის წარმოუდგენელი შედეგი იყო. იმ დღემ დამანახა, რომ მე ნამდვილად შემიძლია უმაღლეს დონეზე ასპარეზობა.
– დევონ ლარატთან როგორი ურთიერთობა გაქვს დღეს?
მე და მისი შვილი კონკურენტები ვიყავით, შემდეგ წონა შეიცვალა. ამიტომ ყოველთვის ყურადღებით მაკვირდებოდა. დევონი ჩემთვის არა მხოლოდ ლეგენდაა, არამედ ადამიანი, რომელიც გულწრფელად ცდილობს დამეხმაროს. ის მეგობარივით მექცევა და მის სიტყვებს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
– ოდესმე გიფიქრია საქართველოში მკლავჭიდის სკოლა გახსნა?
ჯერ ამაზე არ მიფიქრია, იმიტომ რომ გამოცდილება კიდევ უნდა დავაგროვო. თუმცა მომავალში დიდი სურვილი მაქვს, ჩემი ცოდნა და გამოცდილება ახალგაზრდებს გადავცე. საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა და მათ ნიჭს სწორად წარმართვა სჭირდება.
– შენი საბოლოო სპორტული ოცნება რა არის?
სამივე ერთად – მსოფლიო ჩემპიონობა, რეკორდების დამყარება და საქართველოს დროშის ქვეშ გამოსვლა. ჯერ მინდა ახალგაზრდებში მოვიგო მსოფლიო ჩემპიონატი, შემდეგ კი დიდებში. ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, რომ მსოფლიოს შეჯიბრებაზე საქართველოს სახელით გამოვიდე.
– შენი აზრით, რატომ არიან ქართველები სპორტში ასეთი ძლიერები?
ჩვენი გენეტიკა, ხასიათი და ისტორია. ქართველები მეომარი ერი ვართ და ეს სულში გვაქ. პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ეს არ გვიშლის ხელს, რომ დიდ საქმეს შევეჭიდოთ.
– რა როლი ითამაშა ქართულმა ხასიათმა შენს კარიერაში?
პირველ წლებში ბევრი დამარცხება მქონდა. ბევრი ამ დროს ნებდება, მაგრამ მე არ გავჩერდი. ვივარჯიშე, ბევრი ვისწავლე და შედეგიც მოვიდა. ახლა ჩემს წონაში გაცილებით უფრო ძლიერი ვარ და ვიცი, რომ ნებისმიერ მეტოქესთან რეალური შანსი მაქვს. ეს შეუპოვრობა სწორედ ქართული ხასიათის ნაწილია.
– მკლავჭიდში შენი უპრატესობა რა არის?
ჩემი მთავარი უპირატესობა ხელის ზომაა – დიდი ხელი მაქვს, რაც ამ სპორტში სერიოზულ უპირატესობას გაძლევს. ძლიერი ხელის მეშვეობით მეტოქეზე უკეთ ვაკონტროლებ პოზიციას და ბრძოლაში მეტი ბერკეტი მაქვს. თუმცა მარტო ხელის ზომა არაფერს ნიშნავს, ამას ემატება ვარჯიში, გამძლეობა და სტრატეგია. როცა ფიზიკური მონაცემები სწორად არის შერწყმული ტექნიკასთან, სწორედ მაშინ მოდის რეალური შედეგი.
– კანადაში რა მეტსახელს გეძახიან?
თავიდან „ახალგაზრდა ქართველს“ მეძახდნენ – იმიტომ რომ პატარა ასაკში გამოვჩნდი და ყველას უკვირდა, რამდენად სწრაფად ვიღებდი შედეგს. ახლა ასაკით და გამოცდილებითაც ცოტათი მოვიმატე და ეს მეტსახელი ნელ-ნელა გაქრა. თუმცა მაინც ყველგან ქართველად მიცნობენ და ეს ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო სახელია.
ალექსანდრე კოშაძე ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, მაგრამ უკვე იმ დონეზე დგას, რომ მის წარმატებებზე ლეგენდარული დევონ ლარატი საუბრობს. მის წინაშე დიდი გზაა, მაგრამ ქართული ხასიათი, მონდომება და დაუღალავი შრომა აშკარად ეტყობა.
იხილე მეტი
-
საქართველოს ჩემპიონატი
/ 3 საათის agoგიორგი არაბიძე მომავალი წლიდან ტორპედოსთვის გაირჯება
გააზიარეთგიორგი არაბიძე ტორპედო ქუთაისში დაბრუნდა. რიონისპირული კლუბის ინფორმაციით, მხარეებს შორის კონტრაქტი 1+2 სისტემით გაფორმდა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ზამთრის სახეობები
/ 6 საათის agoმოციგურავეები ოლიმპიადაზე გუნდურად გამოვლენ
გააზიარეთ2026 წლის 6-22 თებერვალს მილანი ზამთრის ოლიმპურ თამაშებს უმასპინძლებს. დღეს გაირკვა, რომ საქართველოს ფიგურული...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ევროტურნირები
/ 12 საათის agoკვარა: ჩვენ ჩემპიონები ვართ და ფრე არ გვაკმაყოფილებს
გააზიარეთჩემპიონთა ლიგის ფაზის მეექვსე ტურში პარი სენ-ჟერმენი ბილბაოში ატლეტიკს ესტუმრა და მატჩი უგოლოდ დასრულდა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი