საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე მატჩი დათმო და ახლა საბერძნეთის ნაკრების იმედად არის, ვინაც ესპანეთი თუ დაამარცხა, ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდი ფლეო ოფში გავა. ესპანელთა გამარჯვების შემთხვევაში კი, გუნდი თბილისში დაბრუნდება.
გადამწყვეტი მატჩი ჩვენებმა ბოსნიასთან წააგეს – 76:84.
მატჩი არეულად დავიწყეთ. მთავარ პრობლემად ისევ პერიმეტრი გვექცა – ვერც ჩვენ ვაგდებდით (5-დან 1) და მეტოქეც კარგად ისროდა (8-დან 4). შედეგად მეოთხედი 15:20 დავთმეთ.
თამაში ვერც მეორე მეოთხედის დასაწყისში დავალაგეთ და ბოსნია ცხრა ქულით გაგვექცა. ჯიკიჩმა ტაიმ აუტი აიღო… არ გვიშველა და ტაიმი 35:47 წავაგეთ.
მესამეს დასაწყისი ყველაზე ცუდი იყო – ბოსნიამ პერიმეტრიდან დაგვბომბა და სხვაობა 15 ქულამდე ავიდა. თამაშში მამუკელაშვილი გვტოვებდა, ვინაც ზედიზედ მიითვალა 8 ქულა, მერე ბითაძეც წაეხმარა და სხვაობა 8 ქულამდე დავიყვანეთ. აქ ბოსნიელთა თავკაცი ანერვიულდა და ტაიმ აუტი მოითხოვა. სანაძის სამქულიანის შემდეგ სხვაობა -5 ქულაა და შანსი რჩება… მეტოქე უფრო ახლოს არ გვიშვებს და დასკვნითი 10-წუთეულის წინ 62:67 ვაგებთ. დაკარგულია არაფერია – წინ მთელი მეოთხედია.
ბოლო პერიოდში მოედანზე სიტუაცია იძაბება – კამარ ბოლდუინის სროლის შემდეგ სხვაობა სამ ქულამდე დადის, იქვე მისივე სამქულიანი და ანგარიში თანაბარია – 69:69. ნურკიჩი არ გვეშვება და ბოსნია ისევ ლიდერობს. მერე რობერსონმა პერიმეტრიდან ჩაგვიგდო და სხვაობა -5 ქულაა. ჯიკიჩი ტაიმ აუტს იღებს… შეტევას ვერ ვიყენებთ. მეტიც, არასპორტულს ვიღებთ, ბოსნია ჯარიმას აგდებს, მერე სამქულიანს და სამწუთნახევრით ადრე ტაბლოზე 71:80 ანთია. წუთნახევარი გადის, არაფერი იცვლება. მერე მამუკელაშვილი საჯარიმოს აგდებს, ბოლდუინი ორ ქულას აყოლებს. როგორც შემდეგ გამოჩნდა, ეს მაქსიმუმი გამოდგა…
ანდრონიკაშვილი (2ქ), მამუკელაშვილი (20ქ, 8მ), ჯინჭარაძე, ბურჯანაძე, შერმადინი (2ქ), სანაძე (13ქ), კორსანტია, ფევაძე, შენგელია (6ქ), ბითაძე (15ქ), ბოლდუინი (18ქ), ოჩხიკიძე