გამოგვიწერეთ

რაგბი

ამაშუკელი ჩემპიონთა თასის ნახევარფინალს იმსაჯებს

გააზიარეთ

3 მაისს, ყველაზე წარმატებული ქართველი მსაჯი, ნიკა ამაშუკელი ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში იმუშავებს, რომელშიც ფრანგული ბორდო ინგლისურ ბასს უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ ამაშუკელმა შარშან ჩემპიონთა თასის ფინალი იმსაჯა. მაშინაც ფრანგულ-ინგლისური დაპირისპირება შედგა და კარდიფის პრინსიფალითიზე იმავე ბორდომ ნორთჰემპტონი 28:20 დაამარცხა.

ნიკა ამაშუკელი:

„ისე გამოვიდა, რომ მიმდინარე სეზონში 4,5 მატჩი ვიმსაჯე, რადგან მერვედფინალში, პირველ ტაიმში მცირე ტვინის შერყევა მივიღე და მეორე ტაიმში მოედანზე ვეღარ დავბრუნდი. მთლიანობაში, ოპტიმალური სეზონი მქონდა. წლების გასვლასთან ერთად, გამოცდილებაც მემატება და ჩემი პერფორმანსიც უკეთესი ხდება, რაზეც მაღალი დონის დანიშვნებიც მეტყველებს და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

ამჯერად ნახევარფინალი მანდეს, რომელშიც ბორდო ბასს მასპინძლობს და საფეხბურთო სტადიონზე იმართება, რომელიც ბევრად უფრო მეტ მაყურებელს იტევს, ვიდრე ბორდოს სარაგბო არენა. სამწუხაროდ, ამჯერად არ მეყოლებიან ქართველი დამხმარეები, რადგან ამ დონეზე მხოლოდ მსოფლიო რაგბის ელიტარული მსაჯები ინიშნებიან.

ჩემპიონთა თასი მსოფლიოს საუკეთესო საკლუბო ტურნირია და მისი ნახევარფინალის და ფინალის მსაჯობა ძალიან დიდი პატივია. მელის ფრანგულ-ინგლისური დაპირისპირება, რომელიც ყოველთვის რთული და ინტენსიური თამაშით გამოირჩევა. მოგეხსენებათ, ექვს ერზე ვიმსაჯე საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებების შეხვედრა, ჩემპიონთა თასის ნახევარფინალს მის მეორე რაუნდს ვეძახი, რადგან როგორც – ბორდოში, ასევე ბასში მრავლად არიან მათი ნაკრებების მოთამაშეები.

მიხარია ასეთი სტანდარტი რომ მიჭირავს. ამისათვის შრომას არ ვიშურებ და თავს არ ვზოგავ. მსგავსი დონის გუნდების თამაშისას მოედანზე საოცარი ამბები ხდება და მსაჯს საუკეთესო ბილეთი აქვს, რადგან ამ ყველაფერს ახლოდან უყურებს. ვეცდები ამ ამოცანას თავი საუკეთესოდ გავართვა და მივიღო უდიდესი სიამოვნება, რადგან ეს სპორტია და საბოლოო ჯამში, მისგან სიამოვნება უნდა მიიღონ როგორც მოთამაშეებმა, ასევე მსაჯებმა და გულშემატკივრებმა“.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად რაგბი