ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასის მესამე მატჩში, ჩილეს შვიდი ლელო გაუტანეს და დამაჯერებლად, 49:22 დაამარცხეს.
პიერ-ანრი ბრონკანის შეგირდებმა, ზაფხულის კამპანიაზე სამხრეთ ამერიკაში სამივე თამაში მოიგეს: ურუგვაისთან (41:34), სამოასთან (33:12) და ჩილესთან (49:22). საქართველომ ორ მატჩში ოთხი და მეტი ლელოს გატანისთვის ბონუს ქულაც აიღო და ევროპა-აზია-აფრიკის ჯგუფს 14 ქულით ლიდერობს.
ჩილე დებიუტშივე სინბინით დაისაჯა და ერთ წუთში ბაჩუკი ჭუმბაძემ ლელოთი ანგარიში გახსნა. მიუხედავად ამისა, დებიუტი ჩვენთვის მაინც არასასიამოვნო აღმოჩნდა, რადგან გუნდის კაპიტანი დავით ნინიაშვილი და კვაჭი ნიკა სუთიძე დაშავდნენ და ორივე შესაცვლელი გახდა. მათ ნაცვლად შეცვლაზე თედო აბჟანდაძე და ვახტანგ ჯინჭარაძე შევიდნენ, ორივე კარგად ჩაერთო თამაშში და მე-12 წუთზე ჯინჭარაძემ, რომელსაც სანაკრებო დებიუტი ერთი კვირის წინ სამოასთან ჰქონდა, სადებიუტო ლელოც გაიტანა. ლუკა მატკავამ სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე 100%-იანი მაჩვენებელი შეინარჩუნა და ორივე გარდასახა.
მიუხედავად იმისა, რომ ლელოებს შორის ერთი ჯარიმა მივიღეთ, თამაში ბორჯღალოსნების დომინაციით გაგრძელდა და ლუკა ივანიშვილმა უპირატესობა გაზარდა. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა და ჩილემ ერთი ლელოს გაქვითვა მოახერხა, მაგრამ ბექა შვანგირაძემ მეოთხე ლელოთი ბონუს ქულა მოგვიპოვა და მატკავამ ესეც ზუსტად გარდასახა. ეს ლელო კაცნაკლულებმა გავიტანეთ, რადგან მანამდე სინბინით თორნიკე კახოიძე დაისაჯა და ზედ შესვენების წინ ჩილემ მეორე ლელოც მიითვალა…
მეორე ტაიმის პირველმა 20-მა წუთმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, მერე კი კახოიძემ ლელოთი ჩვენი უპირატესობა კიდევ უფრო დამაჯერებელი გახადა; 67-ე წუთზე, შერკინების შემდეგ ლელო იოანე იაშაღაშვილმა დაამიწა; 79-ე წუთზე კი, ჯინჭარაძემ დუბლი შეასრულა. მატჩის გაწითლებულ დროზე ჩილემ მესამე ლელო მიითვალა, რის შემდეგაც საბოლოო შედეგი დაფიქსირდა…
ბორჯღალოსნები ერთა თასის მომდევნო სამ მატჩს ნოემბერში ითამაშებენ. მეტოქეებად ტონგა, აშშ და კანადა ეყოლებათ. თამაშები საქართველოში გაიმართება.