33 წლის გამოცდილმა შემტევმა ავთანდილ ებრალიძემ კარიერა ეროვნულ ლიგა 2-ის კლუბ გონიოში გააგრძელა.
გონიოში მისი გადასვლის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იყო საფეხბურთო მენეჯერი გეგი კიკაბიძე, რომელიც პორტუგალიურ სააგენტო Unik Sport-ში მუშაობს. სწორედ კიკაბიძის რეკომენდაციით დაინტერესდა გონიო ებრალიძით და მისი უშუალო ჩართულობითაც დაიხურა ტრანსფერი.
ებრალიძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ასევე პორტუგალიის და კვიპროსის უმაღლეს ლიგებში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. ფეხბურთელმა გონიოსთან 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამით საკუთარ ქალაქს უბრუნდება.
ტრანსფერის შემდეგ გეგი კიკაბიძემ სოციალურ ქსელში კლუბის პრეზიდენტზე, დავით დოლიძეზე დაწერა:
„დათო დოლიძეს რომ ვუყურებ, მახსენდება ის ბრძოლისუნარიანობა და ქარიზმა, შევარდენის აღდგენის პერიოდში მე და ჩემს პარტნიორებს რომ გვქონდა.
ნოლიდან დაიწყო ამ ბიჭმა ეს საქმე და დასახული მაღალი მიზნების შესასრულებლად ყველაფერს აკეთებს.
აჭარას და საქართველოს სჭირდება ასეთი მოტივირებული ადამიანები კერძო სექტორში. ამ ბიჭს შეუძლია ბათუმის ამ დაბას და არამხოლოდ ამ დაბას დიდი სიხარული მოუტანოს.
ავთო ებრალიძის დაბრუნებაც არ არის პატარა ამბავი ლიგა 2-ის გუნდისთვის, რომელიც პროგრესირებს და ავთოც ამ პროექტის ღერძი უნდა გახდეს. მისი გამოცდილება ძალიან გამოადგება გუნდსაც, ფეხბურთელებსაც და ლიგასაც. წარმატებები ავთოს, გონიოს და ქართულ ფეხბურთს.
მიხარია, რომ ეს ბიჭი დავუბრუნე აჭარას და ჩვენს ლიგას.“
შეგახსენებთ, რომ სწორედ გეგი კიკაბიძემ აღადგინა ისტორიული კლუბი შევარდენი 1906. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში გუნდმა 2016 წელს მოიგო საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატი, ხოლო 2017-ში – ლიგა 3.
2019 წელს კიკაბიძემ შევარდენი დატოვა, თუმცა მანამდე გუნდმა დასახული მიზანი შეასრულა და ლიგა 2-ში ადგილი მეექვსე პოზიციით შეინარჩუნა.
მოგვიანებით, 2022 წელს შევარდენი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით ეროვნული ლიგა 2-დან მოიხსნა და ქვედა ლიგაში დააქვეითეს. შემდეგ კლუბმა მთლიანად შეწყვიტა არსებობა.