
საქართველოს შვიდკაცა ნაკრების მთავარ მწვრთნელად გიორგი ნოზაძე დაინიშნა. პარალელურად შეიცვალა სისტემა, რაც შვიდკაცასა და შვიდქალას ერთობლივ განვითარებას მოიცავს.
საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით შვიდკაცასა და შვიდქალას მწვრთნელები ერთმანეთთან უფრო მჭიდრო კავშირში იქნებიან, ხოლო რიგ პოზიციებზე იმუშავებენ ერთი და იგივე სპეციალისტები. მაგალითად, ორივე გუნდს ეყოლება ერთი ვიდეო-ანალიტიკოსი და მენეჯერი, რაც კომუნიკაციას გააადვილებს.
შვიდკაცას ახალი მთავარი მწვრთნელი, 34 წლის გიორგი ნოზაძე 14 წელია სამწვრთნელო კარიერას ეწევა. 2011 წელს სამხრეთ აფრიკაში, შარქსის აკადემიაში სპორტულ მენეჯმენტს სწავლობდა, თამაშობდა აკადემიის გუნდში და იმავე წელს შვიდკაცას ქარის თასზე შარქსის წევრი იყო.
2014 წლიდან მწვრთნელად მუშაობდა კაცთა გუნდებში: 10 წელი იუნკერებში გაატარა, შარშან კი რუსთავის ხარებს შეუერთდა. ამავდროულად, წლებია საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფის წევრია, რაც მწვრთნელთა გადამზადებას მოიცავს.
გიორგი ნოზაძე:
„პირველ რიგში მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა და მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოს შვიდკაცა ნაკრებში მისი დაარსების დღიდან მუშაობდნენ და ეს თამაში აქამდე მოიტანეს. ასევე მადლობა სტაფის ყველა წევრს და მორაგბეს.
გუნდურ სპორტის სახეობებში შვიდკაცა ყველაზე დინამიური და ინტენსიური თამაშია, რომელიც მოთამაშეების მხრიდან შესაბამის მზაობას მოითხოვს. დღეს ისეთი ტენდენციაა, რომ არატრადიციულ სარაგბო ქვეყნებში ინვესტიციები შვიდკაცაში უფრო მიემართება, ვიდრე 15-კაცაში, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს. შვიდკაცა 2016 წლიდან ოლიმპიური სახეობაა, მეორეს მხრივ ნაკლებ რესურსს მოითხოვს და სარაგბო მოთხოვნებიც ნაკლებია. აქ ყურადღება დინამიკასა და სისწრაფეზეა გამახვილებული, ნაკლებად აქტუალურია შერკინება და მოლი, რაც თამაშს აადვილებს. თავისთავად, დღევანდელი შვიდკაცა ტექნიკურ და ტაქტიკურ ჭრილშიც ძალიან განვითარდა და ამას ფეხი უნდა ავუწყოთ.
ამ გამოწვევებს ყველამ ერთად უნდა გავართვათ თავი – კლუბებმა, მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა უნდა დავინახოთ დიდი, საერთო სურათი. ეს ნიშნავს შვიდკაცას მეტ შიდა ტურნირს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ჩვენ გვაქვს ესპუართა ლიგა, რომელშიც უმეტესად 18-იდან 23 წლამდე მორაგბეები თამაშობენ. თუ ჩვენ ამ ასაკში რეგულარულად ჩავატარებთ თუნდაც ერთდღიან ტურნირებს, ეს კარგი იქნება როგორც შვიდკაცა ნაკრებისთვის, ასევე თავად კლუბებისთვის. შევძლებთ აღმოვაჩინოთ ისეთი მორაგბეები, რომლებიც თავიანთი უნარებით შეიძლება უფრო დამახასიათებლები იყვნენ შვიდკაცა რაგბისთვის და ტურნირები მათ დაოსტატებას ხელს ერთი-ორად შეუწყობს.
ჩვენ არ გვინდა რომ კლუბებს სავარჯიშო პროცესში ხელი შევუშალოთ და გამოვაცალოთ ისეთი მორაგბეები, რომლებზეც აქცენტს აკეთებენ. პირიქით, აქცენტს გავაკეთებთ იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც შესაძლოა ჯერ მზად არ იყვნენ 15-კაცა რაგბისთვის, მაგრამ შეიძლება საინტერესო უნარები ქონდეთ შვიდკაცა რაგბისთვის.
მსოფლიო რაგბის ვარსკვლავებს თუ გადავხედავთ, მათ უმრავლესობას 18-20 წლის ასაკში დიდი კვეთა ქონდა შვიდკაცა რაგბთან. დღევანდელ საქართველოს ნაკრებშიც მრავლად არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებმაც თავის დროზე 18-წლამდელთა შვიდკაცა ითამაშეს: ვანო კარკაძე, ლადო ჩაჩანიძე, ლუკა ივანიშვილი, ლუკა მატკავა, მიხეილ ალანია, გიორგი კვესელაძე, დემე თაფლაძე, დავით ნინიაშვილი, დაჩი პაპუნაშვილი, ზურა ლუტიძე. ნაკრების ვეტერანი მორაგბეებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ მაშინ როდესაც ქვეყანაში არანაირი სარაგბო ინფრასტრუქტურა არ იყო, სწორედ შვიდკაცას თამაშები აძლევდათ იმ უნარებს, რაც შემდგომ 15-კაცა რაგბიში წარმატებული კარიერის აწყობაში ეხმარებოდა.
გიორგი ნოზაძის თქმით, საქართველოს რაგბის კავშირს უკვე წარდგენილი აქვს განაცხადი რაგბი ევროპაში და მომავალი წლიდან აუცილებლად აღდგება საქართველოს 18-წლამდელთა შვიდკაცას ნაკრები:
„ეს ახალგაზრდებს ორმაგ მოტივაციას მისცემს. განაცხადი უკვე გაკეთებულია და მათ ექნებათ შანსი, რომ სცადონ თავი როგორც 15-კაცა, ასევე შვიდკაცა რაგბში და ითამაშონ საქართველოს სახელით. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუმცა, შესაძლოა, პირველ წელს 18-წლამდელთა ნაკრებს ბ დივიზიონში მოუწიოს ჩართვა“.
ისევე, როგორც მისი წინამორბედები, ახალი მთავარი მწვრთნელიც აქცენტს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრაზე აკეთებს:
„ჩემს მუშაობას არ ექნება ფასი, თუ არ გავითავისებთ საით მივდივართ. 2020 წელს საფრანგეთი (რომელსაც ამხელა პოტენციალი აქვს) ვერ გავიდა ოლიმპიადაზე, ხოლო 2024 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. 2016 წლის ოლიმპიადაზე ესპანეთმა ითამაშა. ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორი ნაბიჯების განხორციელების შემთხვევაში ამ ბარიერს დავძლევთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩამოვაყალიბოთ ისეთი გუნდი, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება ოლიმპიადისთვის. ამისათვის საჭიროა, რომ ევროპაში მუდამ ვიყოთ მოწინავე ოთხეულში“.
სამხრეთ აფრიკაში გატარებულმა პერიოდმა გიორგი ნოზაძეს მნიშვნელოვანი კონტაქტები დაუტოვა ადგილობრივ მორაგბეებსა თუ სპეციალისტებთან. ერთ-ერთი მათგანია სამხრეთ აფრიკის ნაკრების ვარსკვლავი როსკო სპეკმანი, რომელმაც შესაძლოა ჩვენს გუნდში კონსულტანტად იმუშაოს:
„მქონდა მასთან კომუნიკაცია. როსკომ აქტიური სარაგბო კარიერა უკვე დაასრულა. ბოლოს ინდოეთის ჩემპიონატში ითამაშა. ინდოელებმა პროფესიონალური ლიგა გააკეთეს და თანამედროვე ვარსკვლავები გადანაწილებული იყვნენ ექვს გუნდში. როსკოსთან ვმეგობრობ და თავადაც გამოხატა ინტერესი. როდესაც გვეცოდინება ზუსტი კალენდარი, შეძლებისდაგვარად ჩვენს გვერდით იქნება და კონსულტაციას გაგვიწევს. გარდა ამისა ბლუ ბულსისა და შარქსის კოლეჯებიც დაინტერესებული არიან ჩვენთან თანამშრომლობით, რაც გულისხმობს გაცვლით პროგრამებს, ერთმანეთთან ვიზიტებს. გვაქვს სურვილი რომ ოქტომბერში მათი 18-წლამდელთა შვიდკაცა მოვიწვიოთ, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ საუბრის დონეზეა და ვნახოთ რა გამოვა“.
ჯერჯერობით უცნობია თუ როდის და სად შედგება გიორგი ნოზაძის ოფიციალური დებიუტი, რადგან მანამდე სელექციის რთული პროცესია:
„საქართველოს რაგბის კავშირს დაკონტრაქტებული ყავდა შვიდკაცას მოთამაშეები. მათ ასევე კონტრაქტები აქვთ დიდი 10-ის 15-კაცა გუნდებთან. რადგან წელს აქცენტს 18-23 წლის მოთამაშეებზე ვაკეთებთ, წელს კონტრაქტს არავისთან გავაფორმებთ. პირველი წელიწადი საინტერესო გამოწვევა იქნება ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის. პატარ-პატარა შიდა ტურნირების მიხედვით გვექნება სელექცია, ჩვენს მიერ დასახული კრიტერიუმებით გაკეთდება ბირთვი და მხოლოდ ამის შემდეგ გადავდგამთ ნაბიჯებს პროფესიონალიზმისკენ.
უნარებთან ერთად, მოთამაშეს შვიდკაცა რაგბის მიმართ სიყვარული უნდა ჰქონდეს. შვიდკაცას თავისი სპეციფიკა აქვს, რაც გულისხმობს დღეში სამ თამაშს, მათ შორის დასვენებას და ა.შ. თავისებური ყოფა ჭირდება არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის გარეთ. შეიძლება ნახო მაგარი უნარების მქონე მოთამაშე, მაგრამ არ ქონდეს შვიდკაცასთვის საჭირო ცხოვრების წესი და ასეთ მოთამაშეს ჩვენ კანდიდატად არ განვიხილავთ. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანაა ამოვიცნოთ მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ ამ გამოწვევას, ამ ინტენსივობას გაართვან თავი და ბირთვის შეკვრის შემდეგ დავგეგმავთ ტურნირებს.
დიდი მადლობა რაგბის კავშირს ნდობისთვის. ვეცდები გავამართლო მათი მოლოდინები. მნიშვნელოვანია, რომ რაგბის კავშირში შვიდკაცას განვითარებას გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავენ. ასევე მადლობა კლუბებს თანადგომისთვის. მაქვს მოლოდინი, რომ ერთობლივად აუცილებლად შევძლებთ ამ გამოწვევისთვის თავის გართმევას. მათი თანადგომის გარეშე ჩემს საქმეს აზრი არ ექნება და შედეგიც ვერ დადგება ისეთი, როგორის მოლოდინიც გვაქვს“.
იხილე მეტი
-
კალათბურთი
/ 4 საათის agoორი ნახევარფინალისტი ცნობილია, ორიც – გასარკვევი
გააზიარეთსაკალათბურთო სუპერლიგის ფლეი ოფის ორი ნახევარფინალისტი ცნობილია. რეგულარული სეზონის გამარჯვებულმა თსუ-მ, კავკასია 3:0 დაამარცხა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 6 საათის agoფლეი ოფის მეხუთე მატჩი ორივე ქართველმა წააგო
გააზიარეთNBA-ში ფლეი ოფები გრძელდება და დღეს დილით ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. ცუდი ის არის,...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 13 საათის agoთბილისს ფიფასა და უეფას მაღალჩინოსნები სტუმრობდნენ
გააზიარეთსაქართველოს ფეხბურთის ფედერაციას (სფფ) სამუშაო ვიზიტით მყოფ მსოფლიოს მინი-ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ფილიპ ჯუდა და...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი