
ეროვნული ლიგის სეზონის პირველი ნახევარი დასრულდა. მე-18 ტურის მატჩები 28 და 29 მაისს გაიმართა და არაერთი საინტერესო ეპიზოდით გამოირჩა.
დილამ დინამო თბილისი დაამარცხა
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გორის დილა თბილისის დინამოს დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. მატჩი დაბალი ტემპით დაიწყო – ორივე გუნდი ფრთხილობდა და მეტოქის შეცდომის გამოყენებას ცდილობდა. ანგარიში მე-19 წუთზე სტუმრებმა გახსნეს – კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთის შემდეგ იაკობიძემ ბურთი ასუნსაოს დაუგორა, რომელმაც ვარდნაში ეფექტური დარტყმით დინამო დააწინაურა.
გაშვებული გოლის შემდეგ დილა გააქტიურდა და ტაიმის ბოლოს გათანაბრება შეძლო. აუტიდან ჩაწოდებული ბურთი შეყილაძემ მიიღო, ფინტით მეტოქე ჩამოიშორა და ძლიერი დარტყმით ანგარიში 1:1 გახადა. მეორე ტაიმი დილამ უკეთ დაიწყო და 52-ე წუთზე ისევ შეყილაძემ შეაგდო, კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთის შემდეგ არეულობაში მან დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მატჩის მიმდინარეობისას ინციდენტიც მოხდა – ჯაბა კანკავა ერთ-ერთ გულშემატკივართან სიტყვიერი დაპირისპირების გამო მოედნიდან გააძევეს. ეს დისკვალიფიკაცია დინამოსთვის განსაკუთრებით მძიმეა, რადგან წინა ტურში ტორპედოსთან მატჩში გუნდმა შვიდი ფეხბურთელი დაკარგა.
ამ გამარჯვებით დილამ 38 ქულა მოაგროვა და მეორე პოზიცია გაიმყარე, დინამო თბილისი კი 29 ქულით მესამე ადგილზეა.
ტორპედომ შინ გარეჯთან წააგო
ქუთაისის ტორპედო საკუთარ მოედანზე საგარეჯოს გარეჯს დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. იმერულმა კლუბმა ზედიზედ მეორე მატჩი წააგო – წინა ტურში დინამოსთან, ახლა კი გარეჯთან.
ანგარიში მე-19 წუთზე ვახო ბედოშვილმა გახსნა. მარჯვენა ფლანგიდან, კუთხესთან მიახლოებულმა, საჯარიმოს გარედან რობენის სტილში დაარტყა და ბადე შეარხია. საბოლოო ანგარიში 84-ე წუთზე სერგი კუხიანიძემ დააფიქსირა.
სამგურალმა თელავს სძლია
თელავში წყალტუბოს სამგურალმა 3:1 იმარჯვა. შეხვედრა მძაფრი სტარტით დაიწყო, უკვე პირველ წუთზე გიორგი ფანცულაიამ ანგარიში გახსნა. მე-15 წუთზე თელავმა გაათანაბრა, გოლი ნიკოლოზ ცეცხლაძემ გაიტანა.
35-ე წუთზე ისევ ფანცულაიამ გაიტანა და დუბლი შეასრულა. საბოლოო ანგარიში ვინიციუს ვიანამ 68-ე წუთზე დააფიქსირა. სამგურალმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში პოზიცია გაიმყარა.
იბერიამ გაგრას ქამბექით მოუგო
მოქმედი ჩემპიონი იბერია შესანიშნავ ფორმაშია და მე-18 ტურში კიდევ ერთი გამარჯვება იზეიმა – გაგრა 3:1 დაამარცხა. შეხვედრის მე-19 წუთზე გიორგი გეგეჭკორმა ანგარიში გაგრას სასარგებლოდ გახსნა, თუმცა იბერიამ ქამბექი შემოგვთავაზა. მთავარი გმირი იური ტაბატაძე იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა. მესამე გოლი კი ამირან ძაგანიამ 87-ე წუთზე შეაგდო.
იბერია სეზონში ჯერ კიდევ დაუმარცხებელია და ლიდერის სტატუსს ამართლებს.
დინამო ბათუმმა კოლხეთი დაამარცხა
დინამო ბათუმმა შინ ფოთის კოლხეთი 2:0 დაამარცხა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ფოთელები მე-6 წუთზე ათი კაცით დარჩნენ – მსაჯმა აკაკი გიუნაშვილს წითელი ბარათი უჩვენა.
პირველი გოლი პაულაუსკასმა მე-40 წუთზე გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში მოჰამედ ფოფანმა დააფიქსირა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა პრობლემების მიუხედავად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში პოზიციები გაიუმჯობესა.
მე-18 ტური მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული გამოდგა. გუნდებმა თავიანთი ძალები მაქსიმალურად გამოიყენეს და გულშემატკივრებს საინტერესო მატჩები აჩუქეს. ეროვნულ ლიგაში ბრძოლა გამწვავებულია და სეზონის მეორე ნახევარი კიდევ უფრო დაძაბული და საინტერესო გამოდგება.
იხილე მეტი
-
ლეგიონერები
/ 7 წუთი agoქართველები შეცვლებზე და სკამზე
გააზიარეთლა ლიგაში მერვე ქართველი ვიხილეთ – გიორგი წიტაიშვილმა რაიო ვალეკანოს მაისურით სადებიუტო მატჩი იქაური...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 13 საათის agoზურიკო დავითაშვილმა მიჯრით მეხუთე გამარჯვება იზეიმა
გააზიარეთზურიკო დავითაშვილის სენტ ეტიენმა საფრანგეთის ლიგა 2-ის მეხუთე ტურში, მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. ქართველი ფეხბურთელის...
ავტორი Giorgig -
ძიუდო
/ 15 საათის agoერთადერთი ქართული მედალი ევროპის ჩემპიონატიდან
გააზიარეთმონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში დასრულებულ ჯუდოს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა, მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვეს. ბებერი...
ავტორი Giorgig