ცნობილია საქართველოს ნაკრების ის შემადგენლობა, საიდანაც ევრობასკეტისთვის 12 კალათბურთელი შეირჩევა. სერბმა სპეციალისტმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა, რომელიც საქართველოს ნაკრებს სათავეში ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირის წინ ჩაუდგა და ფინალურ ეტაპზე გაიყვანა, 16-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ეს 16 კალათბურთელი 28 ივლისიდან ვარჯიშს ლატვიაში დაიწყებს. გუნდი მთლიანობაში ექვს მოსამზადებელ მატჩს ჩაატარებს და აგვისტოს ბოლოს კვიპროსში, ევროპის ჩემპიონატში ჩაებმება.
შემადგენლობაში ევროპაში მოთამაშე ლეგიონერებთან ერთად ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის კალათბურთელები არიან. გოგა ბითაძეს და სანდრო მამუკელაშვილს ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირის ექვს მატჩში გასაგები მიზეზის გამო არ უთამაშიათ, მაგრამ ევრობასკეტის მსვლელობისას ნბა-ში დასვენების პერიოდია და იქ მოთამაშე კალათბურთელები საკუთარი ქვეყნის ნაკრებში ასპარეზობენ.
გაფართოებულ შემადგენლობაში შვიდი სუპერლიგის მოთამაშეა, ერთიც ამერიკელი გამთამაშებელი, ნატურალიზებული საქართველოს მოქალაქე, კამარ ბოლდუინი. ამ შემადგენლობით საქართველოს ნაკრები შეკრებას ლატვიის კურორტ იურმალაში დაიწყებს, სადაც ერთკვირიანი ვარჯიშების შემდეგ ორ სპარინგ-მატჩს – ისრაელთან და ესტონეთთან გამართავს.
მთლიანობაში, საქართველო ექვს მოსამზადებელ მატჩს გამართავს ევროპის ოთხ ქვეყანაში: ლატვიაში, ლიეტუვაში, პოლონეთში და ჩეხეთში. ამ მატჩებიდან რამდენიმე დახური იქნება.
25 აგვისტოს, ჩეხეთიდან საქართველოს ნაკრები კვიპროსში გაემგზავრება, სადაც 28 აგვისტოს ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს ესპანეთთან გამართავს.
საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობ ასეთია:
რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, კახა ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, გიორგი კორსანტია, სანდრო სანაძე, ალექსანდრე ფევაძე, თრნიკე შენგელია, გიორგი სულაბერიძე, ლუკა მაზიაშვილი, გოგა ბითაძე, კამარ ბოლდუინი, გიორგი ოჩხიკიძე, ილია ლონდარიძე.