მსოფლიო რაგბის 20 წლამდე ჩემპიონატის მეცხრე ადგილის ნახევარფინალში საქართველო ესპანეთს 14 ივლისს, ჩვენი დროით 17:30 საათზე ვერონაში, „ლუიჯი ძაფანელაზე“ ეთამაშება.
ესპანეთი, რომელიც მსოფლიოზე მეორედ მონაწილეობს, კარგ ტურნირს ატარებს. ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში საფრანგეთთან 11:49 დამარცხდა; მეორე ტურში არგენტინას დიდი ბრძოლა გაუმართა, დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გატყდა და ორ ქულას გამორჩა – 30:33; მესამე ტურში ესპანეთმა უელსსაც დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ საბოლოოდ უქულოდ დარჩა – 25:35.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში მასპინძელ იტალიასთან თამაშის შემდეგ საქართველოს შემადგენლობაში მცირრედი ცვლილებებია. შეხვედრას ტოვებს გუნდის კაპიტანი ანდრო დვალი, რომელსაც მსაჯმა იტალიასთან მატჩში მე-12 წუთზე წითელი ბარათი აჩვენა და მის ნაცვლად მესამე ხაზში ლუკა ნარსია ბრუნდება.
დამწყებებში ადგილი შეინარჩუნეს ბურჯებმა ბაჩუკი ბარათაშვილმა და მათე ღურწკაიამ, კვაჭმა მიხეილ ხახუბიამ, მეორეხაზელებმა თემურ წულუკიძემ და გაგი მარგველაშვილმა, ასევე მესამეხაზელებმა გიორგი არძენაძემ და მიხეილ შიოშვილმა. დვალის არყოფნაში გუნდს წულუკიძე უკაპიტნებს.
ორი ცვლილებაა ხაზში: გიგი სირბილაძის ნაცვლად მგეზავის პოზიციაზე თამაშს გიორგი ჯაში იწყებს და გიორგი სპანდერაშვილს შეუწყვილდება. ჯაშმა ტურნირზე ერთხელ ითამაშა შეცვლაზე. ცენტრიდან ფრთაზე გადაინაცვლა სანდრო მესხიძემ და მის ნაცვლად ნუგზარ ქევხიშვილს დათა ახვლედიანი შეუწყვილდება, რომელიც მარქაფიდან დაწინაურდა. მეორე ფრთაზე კვლავ ლუკა კეშელავას, ხოლო ფულბეკად ლუკა თაყაიშვილს ვიხილავთ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
ხაზი: ლუკა თაყაიშვილი, სანდრო მესხიძე, დათა ახვლედიანი, ნუგზარ ქევხიშვილი, ლუკა კეშელავა, გიორგი ჯაში, გიორგი სპანდერაშვილი;
შერკინება: ბაჩუკი ბარათაშვილი, მიხეილ ხახუბია, მათე ღურწკაია, თემურ წულუკიძე, გაგი მარგველაშვილი, გიორგი არძენაძე, ლუკა ნარსია, მიხეილ შიოშვილი;
მარქაფა: შოთა ხელაძე, გიორგი ტურაშვილი, გიორგი მესხიძე, დავით ბარამია, ნიკა აბესაძე, თემურ ძოძუაშვილი, საბა შარვაშიძე, სანდრო სესიაშვილი.