გამოგვიწერეთ

ნაკრები

ზურაბ ამონაშვილი: ამ ასაკში განვითარება მნიშვნელოვანია

გააზიარეთ

საქართველოს 18 წლამდე ნაკრები 4 აგვისტოს სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება და საერთაშორისო სერიის ფარგლებში სამ მატჩს ითამაშებს.

ზურაბ ამონაშვილის შეგირდები 8 აგვისტოს ინგლისელ თანატოლებს გაეჯიბრებიან; 12 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის A ნაკრებს ერკინებიან; 16 აგვისტოს კი –ირლანდიას.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ამონაშვილმა შემადგენლობის, მზადებისა და მოლოდინების შესახებ ისაუბრა:

„გუნდთან ერთად მხოლოდ ბოლო ერთი კვირა გავატარე, რადგან 20 წლამდე ნაკრებთან ერთად იტალიაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიმყოფებოდი. თუმცა, ვფიქრობ, ნაყოფიერი შეკრება გვქონდა. სამწუხაროდ, პერიოდიდან გამომდინარე ვერ ვახერხებთ ამხანაგური თამაშის გამართვას, რაც ჩვენი მთავარი პრობლემაა. სათამაშო პრაქტიკის არქონა და შეუთამაშებლობა პირველ შეხვედრაში დაგვეტყობა, მით უმეტეს, რომ გუნდში გვყავს ახალი სახეები და მათ არ აქვთ გამოცდილება.

სამწუხაროდ ტრავმის გამო გამოგვაკლდა გუნდის კაპიტანი დავით ბარამია, რომელმაც 20 წლამდე ჩემპიონატზე ტრავმა მიიღო. ვინც მწყობრშია ისინი ბოლომდე იხარჯებიან და მაქსიმალურად ვცდილობთ დავხვეწოთ ტაქტიკური ელემენტები. მანამდე უმთავრესი აქცენტი ფიზიკური და ტექნიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე კეთდებოდა. ვფიქრობ, ინგლისთან თამაშისთვის მზად ვიქნებით.

ეს არის ასაკი, სადაც განვითარება უმნიშვნელოვანესია, რაშიც მსგავსი ტურნირები გვეხმარება. იმ ბიჭებისთვის, რომლებიც ამჟამად გუნდში ვერ მოხვდნენ არაფერი დასრულებულა. ნოემბერში კიდევ გვექნება საერთაშორისო თამაშები და იქაც იქნება ცვლილებები. გარდა ამისა, ჩემპიონატის მსვლელობას ყურადღებით ვადევნებთ თვალს და ის ვინც პროგრესირებს, აუცილებლად მიიღებს შანსს.

სამწვრთნელო შტაბში დაგვემატა გიორგი ნემსაძე, რომლის გამოცდილებაზე ზედმეტია საუბარი. გიორგის უკვე საკმაოდ დიდი სამწვრთნელო გამოცდილებაც დაუგროვდა და ძალიან გაგვაძლიერა – დერეფნის მწვრთნელია და მუშაობს დეტალებზე. დარწმუნებული ვარ მისი მუშაობა ძალიან დიდ გარდატეხას შემოიტანს ბურთის მოპოვების საკითხში.

ინგლისს და ირლანდიას 18 წლამდე ასაკში ორ-ორი გუნდი ყავთ. მათი შიდა ჩემპიონატიც ბევრად უფრო მაღალი ტემპისაა, ვიდრე ჩვენი. მიუხედავად იმისა, რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით ჩვენი ჩემპიონატებიც ვითარდება, საერთაშორისო თამაშების ტემპთან ადაპტირება გვიჭირს. მათ უკვე შეძლეს ამხანაგური თამაშების ჩატარება და შეთამაშების მხრივაც ნაკლები პრობლემა ექნებათ.

ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა თამაშების მოგება იქნება, მაგრამ ამავე დროს მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ყველა მორაგბეს მიეცეს სათამაშო დრო და შეიძინონ ის გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია განვითარებისთვის.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები