2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებული საკვალიფიკაციო მატჩების წინ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დახურული ტესტ-მატჩი გამართა და ლიბანს 93:74 აჯობა.
ალეკსანდარ ჯიკიჩის გამოძახებული 15 კალათბურთელიდან 13-მა ითამაშა. მოედანზე არ გასულან ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია და სანდრო მამუკელაშვილი. მხოლოდ რვა წუთი ითამაშა გოგა ბითაძემაც.
ჩვენი გუნდიდან ყველაზე შედეგიანები მარკიზ რიდი და ალექსანდრე ფევაძე (13-13 ქულა) იყვნენ. გამოსარჩევია ბექა ბურჯანაძის ორმაგი დუბლიც – 10 ქულა, 12 მოხსნა.
23 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს. მოსალოდნელია, რომ იქ უკვე საბრძოლო შემადგენლობას ვიხილავთ, რადგანაც მეტოქე ლიბანზე გაცილებით ძლიერი იქნება.
სწორედ ისრაელთან სპარინგი უნდა მივიჩნიოთ გენერალურ რეპეტიციად თვის ბოლოს დაგეგმილი ოფიციალური მატჩების წინ. შეგახსენებთ, რომ კვალიფიკაციის მეორე ჯგუფური ეტაპის ეგიდით, ქართველი კალათბურთელები 28 აგვისტოს მონტენეგროს უმასპინძლებენ, 31 აგვისტოს კი პორტუგალიას ესტუმრებიან.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები პირველ ეტაპზე A ჯგუფში თამაშობდა, სადაც თანაბარი ბალანსით (3 მოგება, 3 წაგება) მესამე ადგილზე გავიდა, პირველ-მეორე პოზიციები კი ესპანეთმა (5-1) და უკრაინამ (4-2) გაინაწილეს. კვალიფიკაციის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები B ჯგუფიდან გამოსულ მონტენეგროს (4-2), პორტუგალიასა (3-3) და საბერძნეთს (3-3) ორ-ორჯერ, შინ და გარეთ გაეჯიბრება. სრული ცხრილიდან სამი საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატზე წავა.
საქართველოს ნაკრების სრული სტატისტიკა ლიბანთან:
ალექსანდრე მერკვილაძე (15წ; 5ქ; 2მ), მარკიზ რიდი (14წ; 13ქ; 1მ; 3პ), რატი ანდრონიკაშვილი (13წ; 2ქ; 1მ; 4პ), კახა ჯინჭარაძე (17წ; 8ქ), ბექა ბურჯანაძე (22წ; 10ქ; 12მ; 4პ), გიორგი კობახიძე (6წ; 1მ), ვილი ისიანი (8წ; 1მ), დუდა სანაძე (18წ; 10ქ), გიორგი ტურძილაძე (16წ; 10ქ; 2მ; 1პ), გიორგი კორსანტია (22წ; 11ქ; 7მ; 1პ), ალექსანდრე ფევაძე (19წ; 13ქ; 1მ; 1პ), გოგა ბითაძე (8წ; 9ქ; 2მ), გიორგი ოჩხიკიძე (23წ; 2ქ; 4მ; 8პ).