თბილისში გამართული ხუთდღიანი შეკრების შემდეგ, საქართველოს ნაკრები საბერძნეთში ჩავიდა. ალეკსანდარ ჯიკიჩმა ათენში ცხრა კალათბურთელი იახლა, რომლებსაც სტამბოლში მარკიზ რიდი შეუერთდა, ხოლო ათენის აეროპორტში – ესპანეთიდან ჩამოფრენილი ალექსანდრე ფევაძე და რატი ანდრონიკაშვილი. მოგვიანებით გუნდს საბერძნეთის დედაქალაქში გიორგი კორსანტიაც შეუერთდა.
23 ნოემბერს, სერბი სპეციალისტის განკარგულებაში 13 კალათბურთელი იქნება: გიორგი ოჩხიკიძე, დუდა სანაძე, გიორგი კობახიძე, მათე ყავლაშვილი, კახაბერ ჭინჭარაძე, ალექსანდრე მერკვილაძე, გიორგი ტურძილაძე, ვილი ისიანი, საბა გიგიბერია, რატი ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია და მარკიზ რიდი და სამი დღის განმავლობაში ამ შემადგენლობით ივარჯიშებს; ხოლო 26-ში, უშუალოდ მატჩის დღეს კი, ნაკრებს დუბაიდან გუნდის კაპიტანი, თორნიკე შენგელია დაემატება.
23 და 24 ნოემბერს ნაკრები აეკ-ის დარბაზში ივარჯიშებს, ხოლო 25-ში ცნობილ და უზარმაზარ ოლიმპიურ კომპლექს „ოაკა“-ს სარბიელს მოთელავს. ეს გახლავთ დარბაზი, რომლის მოედანზეც ულტრათანამედროვე LED-იატაკია და სადაც პანათინაიკოსი ევროლიგის მატჩებს მასპინძლობს. სწორედ ამ 18 000-იან დარბაზში გაიმართება მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩი საბერძნეთსა და საქართველოს შორის.
შეგახსენებთ, საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ექვსგუნდიან ჯგუფში, უკრაინისა (6 მოგება) და ესპანეთის (5) შემდეგ, მესამე ადგილზეა. რვა ტურის შემდეგ ჩვენს გუნდსაც ხუთი გამარჯვება აქვს. შემდეგ მოდიან ოთხი გამარჯვების მქონეს სამი გუნდი – პორტუგალია, საბერძნეთი, მონტენეგრო. მსოფლიო პირველობის საგზურს ჯგუფის სამი საუკეთესო ნაკრები მიიღებს. შესაბამისად, დარჩენილ ოთხ შეხვედრაში საქართველოს მინიმუმ ორი გამარჯვება სჭირდება, რათა მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გავიდეს. საბერძნეთის შემდეგ, 29 ნოემბერს, საქართველო თბილისში პორტუგალიას უმასპინძლებს.