საქართველო-ფარერების მატჩის წინ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ჟურნალისტებთან შეხვედრა სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გახსნა, ვინაც ნაკრების მეკარის, გიორგი ლორიას ეროვნული გუნდიდან წასვლა გამოაცხადა და გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.
“ძალიან ვნერვიულობ, 5 ივნისს ბოლო მატჩს ჩავატარებ ნაკრებში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც ჩემ გვერდით იდგა ამ დროის მანძილზე. ოჯახს, მეგობრებს, მწვრთნელებს, სტაფს, ექიმებს, ყველა თანაგუნდელს, ვისთანაც მომიწია თამაში. ყველას ვინც კამერის უკან იდგა და გულშემატკივრებს. მომავალშიც მინდა ყოველთვის ისეთი სავსე ვნახო დინამო არენა, როგორც ჩემი სადებიუტო მატჩის დროს იყო ესპანეთის ნაკრებთან. საქართველოს ნაკრების მაისური ჩემთვის სათამაშო ფორმა არ ყოფილა – ეს იყო დიდი პატივი და ოცნება. თუმცა, ისევ ვრჩები ფეხბურთში, ჯერ საკლუბო კარიერას გავაგრძელებ, შემდეგ კი ჩემი ცოდნა მინდა მომავალ თაობას გავუზიარო“, – თქვა გიორგი ლორიამ, რომელიც ჟურნალისტებმა აპლოდისმენტებით გააცილეს.
ლორია ხვალ ნაკრებში 79-ე მატჩს ჩაატარებს.
შემდეგ ვილი სანიოლის დრო დადგა…
“როდესაც სეზონი მთავრდება ძალიან რთულია ფეხბურთელებისთვის. თუმცა, ყველამ იცოდა, რომ ამ მატჩებისთვისთვის მომზადებული უნდა ჩამოსულიყვნენ. სათამაშო სტრატეგიაში არაფერს შევცვლით და ექსპერიმენტები არ გვექნება.
გამოძახებულმა ფეხბურთელებმა იციან, რომ აქ კონკურენციის გაზრდისთვის იქნებიან. რამდენიმე ფეხბურთელი გვყავს 21 წლამდე ნაკრებში, რომლებმაც იციან, რომ ნაკრებში მოხვედრა მათზეა დამოკიდებული. გვაქვს 10 ადგილი, სადაც კონკურენცია საჭიროა.
ხვალ კაპიტანი ლორია იქნება, შემდეგ მატჩში არ ვიცი, ჯერ არ მიფიქრია ამ საკითხზე.
რადგან ხარებაშვილი 23 ფეხბურთელშია, აქვს შანსი ითამაშოს. თუმცა, სასწავლი და სავარჯიშო ჯერ ბევრი აქვს. რადგან გამოვიძახე, ცხადია, პოტენციალიც გააჩნია.ფარერები კარგ დაცვას თამაშობს. დისციპლინირებული გუნდია, იოლი მატჩი არ გვექნება და 100% უნდა დავიხარჯოთ.
რაც შეეხება სიახლეებს: გაგუა ფორმას ახლა იღდგენს ხორვატიაში, მაგრამ ყველაზე კარგი შთაბეჭდილება ჯერ გაგნიძემ დატოვა და იმედია ასე გააგრძელებს“, – თქვა ვილიმ.