
17 ოქტომბერს შავი ლომი 2026-27 წლების სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს ითამაშებს. ჩვენი გუნდი, „ავჭალაზე“, ჩელენჯ თასის პირველ ტურში, უელსურ ოსფრიზს უმასპინძლებს.
გუნდი ახალ სეზონს განსაკუთრებული მზადებით ხვდება. სექტემბერ-ოქტომბერში, პიერ-ანრი ბრონკანის შეგირდებს ხუთი გასახურებელი თამაში ჰქონდა: გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის იტალიურ გუნდ ბენეტონთან, ინგლისის პრემიერშიფის ჩემპიონ ნორთჰემპტონთან, სამხრეთ აფრიკის ქარი ქაფის ჩემპიონ სუზუკი გრიქასთან, ამავე ტურნირის ვიცე-ჩემპიონ აირლინკ პუმასთან და მესამეადგილოსან ტოიოტა ჩიტასთან.
შავი ლომის 22 წლის უკანახაზელი ლუკა ცირეკიძე, რომელიც მგეზავისა და ფულბეკის პოზიციას ფარავს, გუნდთან ერთად უკვე მესამე სეზონს ატარებს. ლუკა მზადებით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ გუნდი წელს ტურნირს გამარჯვებით დაიწყებს.
ლუკა ცირეკიძე:
„ოსფრიზთან მატჩს მზადყოფნაში ვხვდებით. გასული წლის შემდეგ, შემადგენლობაში ბევრი ცვლილება განხორციელდა. ფაქტობრივად, ახალი, ახალგაზრდული გუნდი შეიკრა და შეთამაშება იყო საჭირო. ამ კუთხით ძალიან დაგვეხმარა განვლილი ხუთი მატჩი. გარდა შეთამაშებისა, ამ მატჩებმა ბევრი რამ გვასწავლა, როგორც საკუთარი, ასევე მოწინააღმდეგის თამაშიდან. ვფიქრობ, ეს გამოცდილება ჩელენჯ თასზე ძალიან წაგვადგება. ვეცდებით დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ და მაყურებელს სანახაობრივი და რაც მთავარია წარმატებული თამაში შევთავაზოთ.
ჩელენჯ თასამდე ამდენი გასახურებელი თამაში აქამდე არასდროს გვქონია. კარგია რომ განვითარების შანსი მოგვეცა. პირადად ჩემთვის გამორჩეული იყო ნორთჰემპტონთან შეხვედრა. მართალია დიდი ანგარიშით დავმარცხდით, მაგრამ მეტოქისგან ბევრი სასარგებლო რამ წამოვიღეთ. ეს ყველაფერი გადავიტანეთ აფრიკულ გუნდებთან და, შედეგად, ბოლო ორი შეხვედრა მოვიგეთ, რაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანი იყო.
ახალი სტილით და ახალი მოთამაშეებით
ჩელენჯ თასზე შავი ლომი ბრონკანის ხელმძღვანელობით პირველად ითამაშებს. ტურნირზე რამდენიმე მოთამაშის დებიუტიც შედგება. ზაფხულის პერიოდში გუნდს ახალგაზრდებიც მრავლად დაემატნენ, რომლებმაც თავი მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატში გამოიჩინეს.
ცირეკიძე ამბობს, რომ ახალმა მწვრთნელმა ჩვენი გუნდის სათამაშო სტილში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა:
„აქამდე ჩვენი სტილი შეტევითი თამაში არ ყოფილა. დაცვაში ძალიან ბევრ დროს ვატარებდით და ბევრი ბოჭვა გვიგროვდებოდა. ახლა ეს ყველაფერი შეიცვალა, ვცდილობთ შეტევაში მეტი დრო გავატაროთ და მოწინააღმდეგე წნეხში ვამყოფოთ. სჯობს შეტევაში დაიხარჯო, ვიდრე დაცვაში ორმაგად იმუშავო, რადგან ბევრი ენერგია მიაქვს. ამასთან, აქცენტი სწრაფ თამაშზე კეთდება, ოფლოუდებზე თუ ფეხით თამაშზე, არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს.
რაც შეეხება ახალგაზრდებს, ისინი გუნდს კარგად შეეწყვნენ და მარტივად აუღეს ალღო ვარჯიშებს. ცდილობენ ლაღად ითამაშონ და გუნდისათვის სასარგებლოები გახდნენ. მათი ჩართულობა ძალიან გვეხმარება, განსაკუთრებით ტრავმების ფონზე და ყველა მათგანს ეტყობა უდიდესი მოტივაცია.
ოსფრიზთან მოლოდინები
ოსფრიზი საქართველოში კარგ ხასიათზე მოდის. რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატში სამი მატჩის ჩატარება მოასწრო და სამხრეთ აფრიკაში განცდილი ორი მარცხის შემდეგ, ბოლო ტურში უელსურ დერბიში დრაგონსი 38:31 დაამარცხა.
„მეტოქის შესწავლა მიმდინარეობს, ვცდილობთ არცერთი დეტალი არ გამოგვრჩეს. სწრაფი და ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია, რომლებიც მუდამ ცდილობს წნეხი მეტოქეზე გადაიტანოს. ასრულებენ საბრძოლო დარტყმებს და რაქში ღლეტვაზე აქტიურობენ. თუმცა, ჩვენი გუნდის თითოეულ მოთამაშეს თავში მხოლოდ ის უტრიალებს, რომ შაბათს უნდა მოვიგოთ. ყველა ვარჯიშზე სულ უფრო ვრწმუნდებით, რომ ეს შეგვიძლია! ამ კუთხით ძალიან დიდ როლს თამაშობს გულშემატკივარი. მათი ოვაციები და მხარდაჭერა, მოედანზე მყოფებს მოტივაციას და სტიმულს გვმატებს და იმედია, შაბათს სავსე ავჭალაზე მოგვიწევს თამაში.
იხილე მეტი
-
რაგბი
/ 34 წამი agoლუკა ცირეკიძე: შაბათს უნდა მოვიგოთ!
გააზიარეთ17 ოქტომბერს შავი ლომი 2026-27 წლების სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს ითამაშებს. ჩვენი გუნდი, „ავჭალაზე“,...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 1 დღის agoმამუ და გოგა ახალი სეზონისთვის ემზადებიან
გააზიარეთNBA-ში მორიგი სეზონის წინ გუნდები გამალებით ემზადებიან. უცხო არავისთვის არის, რომ მსოფლიოს ყველაზე მაგარ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ევროტურნირები
/ 2 დღის agoვილიარეალმა მოგება გაიხსენა, მიქაუტაძემ – გოლი
გააზიარეთჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტური დაიწყო და ძალიან საინტერესო მატჩები გაიმართა. გოლი ყველა მატჩში გავიდა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი