
17 ოქტომბერს, ქართული ფრენჩაიზი შავი ლომი, ისტორიაში მეოთხედ, ჩელენჯ თასის გათამაშებაში ჩასართავად ემზადება. ქართველი მორაგბეები 2026-27 წლების სეზონის სასტარტო მატჩში უელსურ ოსფრიზს დაუხვდებიან. ისიც სათქმელია, რომ გუნდი ევროპულ ტურნირზე პირველად ითამაშებს პიერ-ანრი ბრონკანის ხელმძღვანელობით.
ივნისიდან დღემდე, შავმა ლომმა რვა მოსამზადებელი მატჩი გამართა. ქართული ფრენჩაიზი ზაფხულში სამხრეთ აფრიკაში იმყოფებოდა, სადაც ტოიოტა ჩელენჯის ფარგლებში სამ აფრიკულ გუნდს შეერკინა. სექტემბერში ამხანაგური მატჩები გამართა გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის წარმომადგენელ იტალიურ ფრენჩაიზ ბენეტონთან და ინგლისის პრემიერშიფის მოქმედ ჩემპიონ ნორთჰემპტონთან, რის შემდეგაც თბილისის თასზე სამხრეთ აფრიკის ქარი ქაფის ჩემპიონს, ვიცე-ჩემპიონსა და მესამეადგილოსანს ეთამაშა.
ჩელენჯ თასისთვის ბრონკანმა გაფართოებულ შემადგენლობაში 42 მორაგბე შეიყვანა, საიდანაც 23 მორკინალი და 19 ხაზის მოთამაშეა. გუნდი გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების ნაზავს წარმოადგენს. ახალგაზრდების სიმრავლე განსაკუთრებით ხაზში შეინიშნება. ჩელენჯ თასზე ქართული ფრენჩაიზის შემადგენლობაში პირველად ითამაშებენ ლეგიონერები – მაიკლ ქარი და ლეავასა პოტუ. სატურნირო განაცხადში რამდენიმე ისეთი მოთამაშეა, რომლებიც დიდი 10-ის კლუბებში თამაშობენ და ბრონკანი მათ საჭიროების შემთხვევაში დაიმატებს.
ჩელენჯ თასი 1996 წლიდან იმართება და მასში ევროპის წამყვან კლუბებთან ერთად, 2022 წლიდან სამხრეთ აფრიკული გრანდებიც მონაწილეობენ. მიმდინარე სეზონში თასისთვის ფრანგული TOP 14-ის ექვსი (ბაიონი, კასტრი, ლიონი, პერპინიანი, ტულონი და ვანი), ინგლისის პრემიერშიფის ორი (ჰარლიქუინსი და ნიუკასლი) და გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის რვა გუნდი იბრძოლებს – ალსთერი (ირლანდია), ედინბურგი (შოტლანდია), დრაგონსი, ოსფრიზი, სქარლეთსი (ყველა უელსი), ბენეტონი და ძებრე (ორივე იტალია) და შარქსი (სამხრეთ აფრიკა). მათ ემატება ორი წვეული გუნდი – სამხრეთაფრიკული ჩიტასი და ქართული შავი ლომი.
აღნიშნული 18 გუნდი სამ ჯგუფშია გადანაწილებული და თითოეულ მათგანს ჯგუფურ ეტაპზე ოთხი თამაშის გამართვა მოუწევს – ორის შინ და ორის სტუმრად. ფლეი ოფში 12 საუკეთესო გადის, მათ ჩემპიონთა თასიდან დაქვეითებული ოთხი გუნდი დაემატება და 1/8-ფინალური წყვილები შედგება.
შავი ლომი ჩელენჯ თასზე 2023 წლის შემდეგ რეგულარულად თამაშობს და ყველა სეზონში მოახერხა თითო გამარჯვების მოპოვება: 2023 წლის დეკემბერში გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის უელსურ გუნდ სქარლეთსთან (23:7); 2024 წლის დეკემბერში ფრანგული TOP 14-ის ვანთან (22:19); 2026 წლის იანვარში ასევე TOP 14-ის წევრ მონტობანთან (31:28).
ამ სეზონში ჩვენი გუნდი მესამე ჯგუფში ოსფრიზთან, ედინბურგთან, ჰარლიქუინსთან, ტულონთან და ვანთან ერთად მოხვდა. 17 ოქტომბერზე უკვე გითხარით; 13 დეკემბერს TOP 14-ის გრანდ ტულონს საფრანგეთში ეწვევა; 10 იანვარს ასევე სტუმრად TOP 14-ის ბინადარ ვანს შეერკინება; 17 იანვარს კი, შოტლანდიურ ედინბურგს თბილისში დაუხვდება.
შავი ლომი 2026-27 წლების ჩელენჯ თასზე
შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, გიორგი ჩხარტიშვილი, დათო აბდუშელიშვილი, გიგა კობახიძე, გიორგი მამაიაშვილი, გიორგი ქიმუცაძე, ბაჩუკი ბარათაშვილი, ნიკოლოზ ნარმანია, შოთა ხელაძე, ვახტანგ ჯინჭარაძე, ირაკლი ქვათაძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, დემურ ეფრემიძე, ლადო ჩაჩანიძე, დავით არველაძე, მაიკლ ქარი, ლეავასა პოტუ, გიორგი ცუცქირიძე, ლაშა ციხისთავი, ლუკა ნარსია, ოთარ გიორგაძე, გიორგი სინაურიძე, სანდრო მამამთავრიშვილი;
ხაზი: გიორგი სპანდერაშვილი, თემურ ძოძუაშვილი, დავით იმნაძე, ლუკა ცირეკიძე, ლუკა თაყაიშვილი, თორნიკე კახოიძე, დემურ თაფლაძე, აკაკი ტაბუცაძე, რომა მახათაძე, ოთარ მეტრეველი, ლუკა ტაბატაძე, ლეონიდე სალდაძე, დემეტრე დევდარიანი, დავით ხუროშვილი, მათე მახარაძე, დათა ახვლედიანი, ვაჟა მიქაძე, მიხეილ ყაჩლავაშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი.
იხილე მეტი
-
ძიუდო
/ 43 წამი agoძიუდოში წონის ლიდერი მხოლოდ ქალი გვყავს
გააზიარეთმსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ცვლილებები ქართველ ძიუდოისტებსაც...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
რაგბი
/ 13 წუთი agoშავი ლომი მეოთხე ჩელენჯ თასს იწყებს
გააზიარეთ17 ოქტომბერს, ქართული ფრენჩაიზი შავი ლომი, ისტორიაში მეოთხედ, ჩელენჯ თასის გათამაშებაში ჩასართავად ემზადება. ქართველი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 8 საათის agoქართველი მსაჯების დატვირთული ოქტომბერი
გააზიარეთFIBA-ს ევროტურნირების შემოდგომის სეზონი, ქართული საარბიტრო კორპუსისთვის განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა. ოქტომბრის განმავლობაში, ქართველ მსაჯებსა...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი