საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე მეორე მატჩი გამართა და ამჯერად სენსაციის მოხდენა ვეღარ შესძლო. ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდმა იტალიასთან კი იბრძოლა, მაგრამ ბოლო მეოთხედი მთლიანად ჩააგდო და 62:78 დამარცხდა.
დასაწყისი არ გამოგვივიდა. სროლები არცერთი კომპონენტში არ მიგვდიოდა – საჯარიმოებსაც კი ვაფუჭებდით და ხუთიდან მხოლოდ ორი გვქონდა ჩაგდებული. პირველ მეოთხედში რვა სამქულიანიც ავაცილეთ… დიდად ვერც იტალია ვარგობდა და ჩვენების ცუდი სროლების ფონზე მხოლოდ 10:18 ჩამოვრჩით.
მეორე მეოთხედში აქცენტი სამწამიანზე გავაკეთეთ., რასაც მამუკელაშვილისა და ბითაძის გააქტიურება მოჰყვა. შედეგად სხვაობა ორ ქულამდე დავიყვანეთ – 20:22. უსაქმოდ არც იტალიელები ყოფილან, მაგრამ ბოლდუინმაც გამოიღო ხელი, სამქულიანს ორი ორქულიანი მიაყოლა და ტაიმის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე წინ უკვე საქართველოა – 28:27 და ჯანმარკო პოცეკო ტაიმ აუტს იღებს… დიდად არაფერი შეცვლილა და გუნდები შესვენებაზე თანაბრად გავიდნენ – 32:32.
პოცეკოს ტაიმ აუტის აღება მესამე მეოთხედის დასაწყისშიც დასჭირდა: ბითაძის კარგი თამაშის შემდეგ საქართველო ოთხი ქულით დაწინაურდა – 41:37. ამჯერად მეტოქეს კარგად წაადგა, სამი წუთი ქულა ვერ ჩავაგდეთ და იტალია 46:41 დაწინაურდა. წუთშესვენება უკვე ალეკსანდრ ჯიკიჩმა აიღო… და მაინც შეტევაში გვიჭირდა, ბევრი გვქონდა დაკარგვა, მაგრამ დაცვაში მეტნაკლებად კარგი თამაშით მეტოქეს „გაქცევის“ საშუალებას არ ვაძლევდით და ბოლო მეოთხედის წინ ექვსი ქულით ვაგებთ – 47:53.
იტალიამ ბოლო მეოთხედი 13-ქულიანი გაქცევით გახსნა და სხვაობამ 19 ქულას მიაღწია. ამის შემდეგ თამაშის შემობრუნება ძალიან ძნელი იყო და ასეც მოხდა… ბოლოს გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ნერვები ვერ მოთოკა და მოედნიდან გააძევეს. დიდი შანსია, ხვალ საბერძნეთთან მატჩი გამოტოვოს.
ანდრონიკაშვილი (3ქ), მამუკელაშვილი (13), ჯინჭარაძე, ბურჯანაძე (7ქ), შერმადინი, სანაძე (8ქ), კორსანტია, ფევაძე, შენგელია, ბითაძე (22ქ), ბოლდუინი (9ქ), ოჩხიკიძე