
19 წლის ლევან ხოზრევანიძე დინამო ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია. მან ბოლო სამ შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა: ჯერ ბოლნისის სიონს გაუტანა საქართველოს თასის მერვედფინალში სადებიუტო ბურთი, შემდეგ ეროვნულ ლიგაში დინამო თბილისს, ხოლო მესამე გოლი, რომელიც საგარეჯოს გარეჯთან შეხვედრაში შეაგდო, გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა (1:0).
სწორედ ამ შედეგიანობის შემდეგ, გამოცემა „ლელომ“ ხოზრევანიძე ეროვნული ლიგის მეოცე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაამსახურებულად შეიყვანა. მთავარი გუნდის ღირსების დაცვას ლევანი სულ ცოტა ხნის წინ შეუდგა, თუმცა უკვე აშკარაა – ბათუმელებს ჰყავთ ნიჭიერი ფორვარდი, რომელსაც დიდი ფეხბურთის თამაშის ყველა შანსი აქვს.
etablo.ge ლევან ხოზრევანიძეს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩავწერეთ.
– რამდენი წლის იყავით, როცა ფეხბურთის თამაში დაიწყეთ და სად იყო ეს?
9 წლის ასაკში, სასპორტო სკოლა ბასკოში. ჩემი პირველი მწვრთნელი ვახტანგ ქაცარავა იყო, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემი როგორც ფეხბურთელის, ისე პიროვნების ჩამოყალიბებაში.
– ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა, რომ ფეხბურთელი გამხდარიყავით?
სანამ ფეხბურთზე შევიდოდი, პატარა ასაკიდანვე ძალიან მაინტერესებდა, სულ ვთამაშობდი… ოჯახის წევრები ხშირად იხსენებენ, რომ პირველად ბურთს როცა შევეხე, მას შემდეგ აღარ მინდოდა მისი გაშვება. სწორედ ამ სიყვარულმა და ინტერესმა გადამწყვეტი გავლენა მოახდინა ჩემს არჩევანზე.
– ბათუმის დინამოში რომელი წლიდან ხართ და როგორ მოხვდით გუნდში?
დინამო ბათუმში 13 წლიდან ვარ. მაშინ გუნდის U13-ის მწვრთნელი გიორგი ბერძენიშვილი დამიკავშირდა და გადმოსვლა შემომთავაზა. იმ პერიოდში ბასკოში ვთამაშობდი და აჭარის რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მთვლიდნენ. დინამოსთან ტურნირებზე შეხვედრის შემდეგ გამიცნეს და სწორედ ასე მოვხვდი კლუბში.
– ბავშვობიდან ფორვარდი იყავით?
ბავშვობაში 10 ნომრის პოზიციაზე ვთამაშობდი. მწვრთნელმა ალექსანდრე კანთიძემ ფორვარდად დამაყენა და ერთ-ერთ ტურნირზე გუნდის ბომბარდირი გავხდი.
– ბავშვობაში რომელი ფეხბურთელი იყო თქვენი კუმირი?
კრიშტიანუ რონალდო – შრომისა და თავდადების მაგალითი. ბავშვობიდან მინდოდა მისთვის მიმებაძა.
– დინამო ბათუმის ისტორიაში თქვენი საყვარელი ფეხბურთელი ვინ არის და რატომ?
ჩემთვის საუკეთესო იყო ჯოვინო ფლამარიონი – მისი გატანილი გოლები და ხარისხიანი თამაში განსაკუთრებულად დამამახსოვრდა.
– რას ნიშნავს თქვენთვის დინამო ბათუმი როგორც კლუბი?
საფეხბურთო ოჯახია, რომელმაც მომცა შანსი, რომ საუკეთესო გავხდე. ჩემი ქალაქისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
– როგორია მუშაობა გია ჭიაბრიშვილთან და რა რჩევებს გაძლევთ ყველაზე ხშირად?
გიორგი ჭიაბრიშვილი, ჩემი აზრით, დღეს საქართველოში საუკეთესო მწვრთნელია. ყველაზე ხშირად ტაქტიკურ თემებზე მელაპარაკება და რჩევებს მაძლევს, რაც ძალიან მეხმარება განვითარებაში.
– რა განცდა იყო, როცა „დინამო ბათუმში“ დებიუტი შედგა?
ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიყავი, დებიუტი საქართველოს თასზე, “გაგრა 2”-ს წინააღმდეგ მქონდა. იმ შეხვედრაში პენალტიც გამოვიმუშავე. ამ მომენტს დიდი ხნის განმავლობაში ველოდი და ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდებოდა.
– სადებიუტო გოლის გატანისას რას გრძნობდით და ვის მიუძღვენით ის?
ძალიან გახარებული ვიყავი. ეს გოლი გუნდს დაეხმარა თამაშში დაბრუნებაში. ჩემი ყველა გოლი მივუძღვენი ადამიანებს, რომლებიც მენდობიან და რწმენას ინარჩუნებენ, ასევე, ვისაც ჩემი არასდროს სჯეროდა. მინდა კიდევ ბევრი გოლი გავიტანო და ისინი დავამწუხრო.
– ბოლნისის სიონის, დინამო თბილისის და გარეჯის წინააღმდეგ გატანილი გოლებიდან რომელი იყო ყველაზე განსაკუთრებული და რატომ?
ყველა მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ყველაზე განსაკუთრებული გარეჯთან – იმიტომ, რომ გუნდს გამარჯვება მოუტანა. ჩემთვის მთავარი ყოველთვის გუნდური შედეგია.
– ბათუმის „დინამოს“ მაისურის ტარება რას ნიშნავს თქვენთვის?
უდიდესი პასუხისმგებლობაა ატარო ასეთი ქალაქისა და გუნდის მაისური. ეს პატივია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გულშემატკივრები გავახარო.
– მოედნის მიღმა როგორი ხართ — მშვიდი თუ აქტიური?
ბავშვობაში ძალიან აქტიური ვიყავი, ბოლო პერიოდში კი უფრო მშვიდი და გაწონასწორებული გავხდი.
– რომელ ევროპულ ჩემპიონატში და რომელ კლუბში გინდათ ოდესმე თამაში?
ვოცნებობ ტოპ 5 ლიგაზე, ხოლო კარიერის ბოლოს – ბრაზილიის ჩემპიონატში მსურს წასვლა, რადგან სამხრეთ ამერიკული ფეხბურთი უფრო თავისუფალია, ვნებით და სიამოვნებით ითამაშება. ოცნება რეალ მადრიდში მოხვედრაა.
– თამაშის წინ გაქვთ რაიმე ჩვევა?
ყოველთვის მარჯვენა ფეხით შევდივარ მოედანზე, შემდეგ ვლოცულობ და ღმერთს ვთხოვ ძალასა და ენერგიას, რომ ჯანმრთელი და გამარჯვებული დავტოვო მოედანი.
– კარიერული მიზანი?
ეროვნულ ნაკრებში თამაში – ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა, როგორც ყველა ფეხბურთელისთვის.
ბათუმის დინამოს გულშემატკივრებს რას ეტყოდი?
დიდ მადლობას ვუხდი ქომაგობისთვის. მათ გვერდში დგომას ძალიან ვგრძნობ და მოვუწოდებ, რომ ჩემი სჯეროდეთ. ყველაფერს გავაკეთებ მათ გასახარებლად
ლევან ხოზრევანიძე მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ უკვე აჩვენებს, რომ შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს როგორც კლუბში, ისე მომავალში ეროვნულ ნაკრებშიც. მისი პროგრესი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება აკადემიის აღზრდილმა შრომით და მიზანდასახულობით უმაღლეს დონემდე მიაღწიოს. ახლა მთავარი ის არის, რომ ეს გზა სწორი ნაბიჯებით და ზედმეტი ეიფორიის გარეშე განაგრძოს.
იხილე მეტი
-
ნაკრები
/ 8 საათის agoახალგაზრდულმა შეკრება ცვლილებით დაიწყო
გააზიარეთსაქართველოს 21 წლამდე ნაკრები ივნისში დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. რამაზ სვანაძის შეგირდები 5 ივნისს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 20 საათის agoვილი სანიოლი: წინსვლა და პროგრესი გვაქვს
გააზიარეთსაქართველოს ნაკრებმა ივნისის სანაკრებო პაუზის დროს პირველი ამხანაგური მატჩში რუმინეთს გაეჯიბრა და 1:1 ეთამაშა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 22 საათის agoსაქართველო რუმინეთს ამხანაგურად დაუზავდა
გააზიარეთსაქართველოს ნაკრებმა ივნისის სანაკრებო პაუზის დროს პირველი ამხანაგური მატჩში რუმინეთს გაეჯიბრა და 1:1 ეთამაშა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი