
მსოფლიო რაგბიმ 2026 წელს საქართველოში – თბილისსა და ქუთაისში გასამართი ჩემპიონატის დეტალები დაამტკიცა. მოგეხსენებათ, ტურნირში მონაწილე გუნდების რაოდენობა გაიზარდა და პირველად 2009 წლის შემდეგ, კვლავ 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შეიცვალა ჩემპიონატის სახელიც და მსოფლიო რაგბის 20 წლამდე ჩემპიონატის ნაცვლად, მას ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ეწოდა.
გაიმართა წილისყრაც: საქართველოს ნაკრები A ჯგუფში, მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან ითამაშებს; B ჯგუფში ახალი ზელანდია, იტალია, შოტლანდია და იაპონია მოხვდნენ; C ჯგუფში – არგენტინა, ინგლისი, ირლანდია და აშშ; D ჯგუფში – საფრანგეთი, ავსტრალია, ესპანეთი და ფიჯი.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ოთხი მოწინავე თასის ნახევარფინალში გავა; ჯგუფის მეორეადგილოსნები 5-8 ადგილებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას; მესამეადგილოსნები 9-12 ადგილებს გაითამაშებენ; ხოლო ჯგუფის აუტსაიდერები 13-16 ადგილებისთვის ითამაშებენ.
A და C ჯგუფის თამაშები თბილისში, ავჭალის სტადიონზე ჩატარდება, ხოლო B და D ჯგუფის შეხვედრებს ქუთაისის აია არენა უმასპინძლებს. ფლეი ოფები ორ დღეზე იქნება განაწილებული, ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩები კი, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.
შეგახსენებთ, საქართველომ 20 წლამდე ჩემპიონატს პირველად 2017 წელს უმასპინძლა და მსოფლიო რაგბისგან საუკეთესო შეფასება მიიღო.
„მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურნირი – მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის, ახალი, თამამი ფორმატით. მონაწილეთა რაოდენობის 16-მდე გაზრდა იმის დასტურია, რომ გვსურს რაგბი მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფრო პოპულარული გავხადოთ და უფრო მეტ ახალგაზრდა მოთამაშეს მივცეთ განვითარების შესაძლებლობა.
საქართველომ ერთხელ უკვე დაამტკიცა, რომ ტურნირების მაღალ დონეზე მასპინძლობა შეუძლია და ახლაც მოუთმენლად ველით მასთან თანამშრომლობას, რათა ჩავატაროთ მსოფლიო დონის ჩემპიონატი“, – განაცხადა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა ბრეტ რობინსონმა.
„სიხარულით და სიამაყით ველოდებით ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს საქართველოში, რომელიც ახალი ფორმატით გაიმართება. ამ პრესტიჟული ტურნირის მასპინძლობა თბილისსა და ქუთაისში, სამ ფანტასტიურ სტადიონზე, პრივილეგიაა ჩვენი სარაგბო ერისთვის. მზად ვართ უმაღლესი დონის თამაშებისთვის, რომელიც გულშემატკივარს მრავალი წლის განმავლობაში ემახსოვრება“, – ეს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, დავით კაჭარავას სიტყვებია.
კიდევ ერთი სიახლე ის იქნება, რომ 2026 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი პირველი საერთაშორისო ტურნირი იქნება, სადაც გამოიყენება ბოჭვის დაწევის მეთოდიკა, რათა მინიმუმამდე შემცირდეს თავთან კონტაქტის ალბათობა. ინიციატივა მოთამაშეთა უსაფრთხოებითაა ნაკარნახები და წარმატებით დაინერგა შიდა ჩემპიონატებში.
იხილე მეტი
-
წყალბურთი
/ 1 საათის agoოლიმპი და იბერია კონფერენს ლიგას აგრძელებენ
გააზიარეთწყალბურთში კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და ორი ქართული კლუბი ასპარეზობას აგრძელებს. თბილისის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ევროტურნირები
/ 4 საათის agoკეინი პირველია, კვარაცხელია – მეექვსე
გააზიარეთ2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული მიუნხენის ბაიერნისა და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი, ჰარი კეინი გახდა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 1 დღის agoსუპერლიგას ერთი დაუმარცხებელი გუნდი შემორჩა
გააზიარეთსაქართველოს სუპერლიგის მეოთე ტურის მიილია და დაუმარცხებელი მხოლოდ ერთი გუნდი დარჩა. ერთი, რაც ნათელი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი