გამოგვიწერეთ

კალათბურთი

სუპერლიგას ერთი დაუმარცხებელი გუნდი შემორჩა

გააზიარეთ

საქართველოს სუპერლიგის მეოთე ტურის მიილია და დაუმარცხებელი მხოლოდ ერთი გუნდი დარჩა. ერთი, რაც ნათელი ჩანს, რვა საუკეთესოში მოსახვედრად საინტერესო ბრძოლები იქნება მოსალოდნელი.

ბათუმი-კავკასია 71:80

(16:29; 28:25; 20:7; 7:19)

აჭარის მთავარ ქალაქში ერთმანეთს პრინციპული და აქამდე დაუამრცხებელი მეტოქეები, ბათუმი და კსუ-კავკასია დაუპირისპირდნენ. მატჩი საკმაოდ დაძაბული და გარდამავალი გამოდგა: მიუხედავად იმისა, რომ კავკასიელებმა თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, მასპინძლებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს და მესამე პერიოდში ბრწყინვალედ ითამაშეს, რომელიც 20:7 მოიგეს და დასკვნითი 10-წუთეულის წინ ბათუმელები სამქულიანი (64:61) სხვაობით დაწინაურდნენ.

მიუხედავად ამისა, სტუმრებმა ბოლო პერიოდი ძალზე ძლიერად და ორგანიზებულად ჩაატარეს, მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს, ათწუთეული 19:7 მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვეს.

კავკასიის შემადგენლობაში შედეგიანობით ჯასტინ ფორსტი (16 ქულა, 5 პასი), გიორგი ტურძილაძე (14 ქულა, 7 მოხსნა), აკაკი დვალიშვილი (13 ქულა) და სანდრო სანაძე (11 ქულა) გამოირჩნენ; ბათუმის რიგებში ბრწყინვალე იყო გიორგი ოჩხიკიძე, რომელმაც 30 ქულა და 5 პასი მიითვალა, ლარი პაუელმა 16 ქულა და 6 მოხსნა ჩაიწერა, ხოლო კარსონ ბაშამმა 11 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა.

ქუთაისი-თსუ 98:81

(20:26; 23:18; 29:16; 26:21)

ქუთაისში ერთმანეთს სამი წაგების მქონე ადგილობრივი გუნდი და დაუმარცხებელი თსუ დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტი სტუმარი იყო, ქუთაისელებმა ნავსი გატეხეს და მიმდინარე სეზონში პირველი, თანაც ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება დააგემოვნეს.

ზოგადად, იმერულ კლუბს არ ჰყავს ცუდი შემადგენლობა და აქამდე არსებული წარუმატებლობა ობიექტურ მიზეზებს – გუნდის დაკომპლექტებას, სავარჯიშო პროცესის შეფერხებას და საკუთარ არენაზე თამაშის შესაძლებლობის არქონას უკავშირდებოდა. დარბაზის რეაბილიტაციის გამო ისინი პირველად თამაშობდნენ შინ და პირველივე მატჩში ლიდერი იმსხვერპლეს. შეხვედრა თსუ-მ კარგად დაიწყო და პირველი პერიოდის (26:20) შემდეგ მეორე ათწუთეულში უკვე 12-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვა (32:20), თუმცა ეს მასპინძლებისთვის მხოლოდ გამოფხიზლების ნიშანი აღმოჩნდა.

ბაქარ ბერეკაშვილისა და ლეგიონერების – ანტონიო პატერსონისა და მაიკლ ფრაიზერის შედეგიანი თამაშით ქუთაისელებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს და დიდ შესვენებაზე ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მხოლოდ მინიმალური, მხოლოდ ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა (44:43); მეორე ნახევარმა მასპინძელთა სრულმა დომინაციით ჩაიარა. ქუთაისმა მესამე პერიოდი 29:16 მოიგო და, ფაქტობრივად, მატჩის ბედი გადაწყვიტა; რიონისპირელებს დასკვნით ათწუთეულში ტემპი არ დაუგდია და სოლიდური სხვაობითაც იმარჯვა.

მატჩში საუკეთესნი იყვნენ: ანზორ ნადირაძე (19 ქულა, 10 მოხსნა), ანტონიო პატერსონი (16 ქულა), ბაქარ ბერეკაშვილი (16 ქულა), მაიკლ ფრაიზერი (15 ქულა) და ვილი ისიანი (14 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი); თსუ-ს რიგებში ენდრიუ ობრაიენი (20 ქულა, 15 მოხსნა, 10 პასი) და ლუკა ლიკლიკაძე (14 ქულა) გამოირჩნენ. ჰო, ობრაიენმა მიმდინარე სუპერლიგის პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა.

ბლექ ფორტრესი-თელავი 79:88

(19:26; 17:19; 22:17; 21:26)

ბლექ ფორტრესმა თელავს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 79:88 დამარცხდა. მთელი მატჩის განმავლობაში თელაველები ლიდერობდნენ, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ბოლო წუთებამდე უჭირდათ და გამარჯვების მოპოვება მხოლოდ დასკვნით პერიოდში მოახერხეს.

ბლექ ფორტრესის შემადგენლობაში ლუკა კალატოზიშვილმა 21 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა, დონდრე რედიკმა 18 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა, ხოლო სერგი ნინუას ანგარიშზე 13 ქულა იყო; თელაველთა მხრიდან კი ტროი საიმონსი (24 ქულა), გრეგორი მილტონი (11 ქულა, 9 მოხსნა, 8 პასი), ვატო გარჩილაძემ (13 ქულა) და მაილს კარტერმა (12 ქულა) გამოირჩნენ.

მარგვეთი-ორბი 75:78

(15:17; 20:20; 14:19; 26:22)

მარგვეთმა ტყიბულის ორბს თბილისში უმასპინძლა. რადგან ზესტაფონის დარბაზი დაკავებულია, მარგვეთი საშინაო მატჩებს დროებით თბილისში მართავს.

მატჩი პრინციპული და უაღრესად დაძაბული გამოდგა. ტყიბულელებს ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი, ალექს მეთიუსი აკლდათ, ხოლო ზესტაფონელებმა ეროვნული ნაკრების უგუნდოდ მყოფი მოთამაშე, კახა ჯინჭარაძე დაიმატეს. ამ ფაქტორებმა შეხვედრას განსაკუთრებული ინტრიგა შესძინა და მთელი მატჩის განმავლობაში გუნდები თანაბრად იბრძოდნენ. ორბი ძირითადად წინ იყო, თუმცა ზესტაფონელები მუდმივად ინარჩუნებდნენ შანსს და ქულა-ქულაზე მიჰყვებოდნენ მეტოქეს. თუმცა, გადამწყვეტ წუთებში ბექა ლომაშვილმა ზედიზედ ორი სამქულიანით ტყიბულელებს ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოუპოვა და ორბმა 78:75 იმარჯვა.

ორბიდან შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეები ბექა ლომაშვილი (24 ქულა, 9 მოხსნა), კევონ ვესტი (23 ქულა, 11 მოხსნა, 7 პასი) და ჰენრი ვეტერი (12 ქულა) იყვნენ; მარგვეთიდან კი – ჯაზირ ტრემბლი (16 ქულა), ტიერნო სილა (13 ქულა, 9 მოხსნა), კახა ჯინჭარაძე (13 ქულა) და ჯასტინ ვებსტერი (13 ქულა).

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი