კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე ტურის სამი მატჩი გაიმართა. თუმცა, რამდენიმე გუნდისთვის პირველი გამოდგა. გეხსომებათ, პირველი ტურის რამდენიმე თამაში თოვლის გამო გადაიდო.
რუსთავი-ტორპედო 1:0
რუსთავმა ელიტაში დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა. გიორგი ცეცაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჟან სოუზა დე ალმეიდას გოლით მოუგო ტორპედოს.
ტორპედოს მალევე შეეძლო გათანაბრება: ვლადიმერ მამუჩაშვილი წააქციეს, პენალტი დაინიშნა. კომნენ ანდრიჩმა ზუსტად კი შეასრულა, მაგრამ არბიტრმა სასტვენის გარეშე დაარტყაო და ნიშნულზე მეორედ მიუთითა. სერბმა ფორვარდმა ამჯერად ვეღარ გაიტანა – ბურთი პაპუნა ბერუაშვილმა მოიგერია.
შემდეგ მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ გოლი აღარ გასულა. რუსთავმა სეზონში პირველივე შეხვედრა მოიგო, ტორპედოს კი, ორი მატჩიდან ორივე წაგება აქვს…
დინამო ბთ-გაგრა 1:1
ამ მატჩში სამი პენალტი დაინიშნა, აქედან ორი გავიდა და 1:1 დაფიქსირდა.
73-ე წუთზე დმიტრი მანდრიჩენკო გაგრელთა საჯარიმოში წააქციეს. პენალტი ნიკა კალანდარიშვილმა დაარტყა და ოლეკსანდრ ვორობეიმ მოგერია ბურთი…
86-ე წუთზე პენალტი ისევ მანდრიჩენკომ ისევ კალანდარიშვილმა დაარტყა და ამჯერად ზუსტად – 1:0.
გაგრამ მაინც მოახერხა გათანაბრება. რევაზაშვილმა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე პენალტი ამჯერად ბათუმელთა კარში დანიშნა. მათე ცინცაძემ 11 მეტრიდან ზუსტად დაარტყა და 1:1.
სპაერი-დინამო თბ 1:2
თბილისის დინამოელებმა სპაერს მოუგეს. მატჩის დასაწყისში ნიკა ნინუას კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი ნიკოლოზ უგრეხელიძემ შეაგება.
35-ე წუთზე დინამოელების სწრაფი კონტრშეტევა განხორციელდა, გიორგი გვასალიას პასით რუი მონტეირუმ გაიტანა – 0:2.
მეორე ტაიმის შუაში სპაერმა სხვაობა შეამცირა: გოჩა ცირდავამ მოიპოვა პენალტი და გიგა სამხარაძემ ზუსტად შეასრულა – 1:2.
8 მარტს ტურის ბოლო მატჩი გაიმართება – ტყიბულის მეშახტე წყალტუბოს სამგურალს წყალტუბოში უმასპინძლებს…