გამოგვიწერეთ

ინტერვიუ

რაჭა – ქალი პრეზიდენტის გუნდი ქართულ ფეხბურთში

გააზიარეთ

ქართულ ფეხბურთში კლუბის პრეზიდენტი ქალი ძალიან იშვიათია. სწორედ ამიტომ, რაჭას ისტორია გამორჩეულია. გუნდის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ჟანა ბაბუნაშვილი უკვე წლებია ყველაფერს აკეთებს, რომ გოგონებს ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

ჟანა ბაბუნაშვილს გუნდის შექმნის ისტორიაზე, სირთულეებსა და მომავალ გეგმებზე ვესაუბრეთ.

– რომელ წელს დაარსდა რაჭა და როგორ დაიწყო გუნდის გზა?

შემთხვევით რაჭის ერთ-ერთი სოფლის სკოლაში ვიყავი, სადაც ქიმიის ლაბორატორია გავხსენით. იქ დავინახე, სპორტის გაკვეთილზე გოგონები ფეხბურთს თამაშობდნენ. უცნაურად მომეჩვენა, რომ გოგო ფეხბურთს თამაშობს – ყველგან ვერ შეხვდები ამას. ვკითხე მათ, ფეხბურთის გუნდი რომ იყოს, ითამაშებდით-მეთქი? ეგრევე თანხმობა მითხრეს.

ამის შემდეგ გამიჩნდა იდეა და ორ ადამიანთან ერთად ჩამოვაყალიბე კლუბი. რაჭაში იყო ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომლის ერთ-ერთი მიმართულება გოგონების გაძლიერება გახლდათ. ამ ორგანიზაციას დავაფინანსებინე ეს პროექტი – ხელფასები და ყველაფერი, რაც საჭირო იყო. სამოყვარულო გუნდიდან პროფესიულ კლუბად ჩამოვყალიბდით და ახლა უკვე უმაღლეს ლიგაში ვთამაშობთ.

ეს იდეა გავუზიარე რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბექა ოშხერელს, ასევე დავეკითხე მამუკა კვარცხელიას და გუნდი ამ ორ ადამიანთან ერთად დავაფუძნე. სამივე ძალიან ბევრს ვაკეთებთ გოგონებისთვის, მაგრამ ყოფილა მომენტები, როცა ტრანსპორტირების ფული არ გვქონდა, არათუ სასტუმროს. წარმოიდგინეთ, რომ მოთამაშე რაჭიდან მიდის წალკაში ან ახალციხეში, ამდენი საათი ავტობუსშია და პირდაპირ შედის თამაშზე. რა წარმატებაზე ან მოგებაზეა აქ საუბარი? ერთი დღე ხომ უნდა დაისვენოს ორგანიზმმა.

ძალიან სტრესულია ჩემთვის. ყოფილა შემთხვევა, რომ დირექტორს დაურეკავს და უთქვამს – „ამ ფინანსურ სტრესში აღარ მინდა არაფერი“. მაგრამ შედეგი იყო და ვეუბნებოდი – „ცოტაც, ახლა ვერ ვუღალატებთ გოგოებს“. მაგალითად, ახლაც ფორმები არ გვქონდა და ჰოლანდიელი სპონსორი მოვიძიე, მაგრამ ეს ხომ ერთჯერადია. დაფინანსება სტაბილური უნდა იყოს.

– რატომ გადაწყვიტეთ ქალთა საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბება – რა იყო მთავარი მოტივაცია?

ყველაფერი სწორედ იმ სკოლაში ნანახმა სურათმა გადამაწყვეტინა. როცა დავინახე, რომ გოგონებს ძალიან უყვარდათ ფეხბურთი და ოცნებობდნენ გუნდზე, ვიგრძენი, ეს უნდა გამეკეთებინა. მთავარი მოტივაცია სწორედ მათი ოცნების რეალობად ქცევა იყო.

– რა სირთულეებს წააწყდით დასაწყისში და როგორ გადალახეთ ისინი?

დასაწყისში სირთულეები არ იყო, რადგან სტაბილური სპონსორი გვყავდა იმ ორგანიზაციის სახით, რომელიც იხდიდა ხელფასებს და აკმაყოფილებდა ყველა საჭიროებას – ფორმა, ეკიპირება, ტრანსპორტირება და ყველაფერი.

მაგრამ როდესაც საქართველოში ე.წ. „რუსული კანონი“ შემოვიდა, ამან ძალიან შეგვიშალა ხელი. ეს ორგანიზაცია უცხოელების მიერ იყო დაფუძნებული. მათ ასეთი ნება ჰქონდათ – წავიდნენ საქართველოდან და სხვა პროექტებიც დახურეს. მარტო ეს მიზეზი არ ყოფილა, მაგრამ ეს კანონი ბოლო წვეთი აღმოჩნდა.

ფინანსები ჩვენი მთავარი პრობლემა იყო. ახლა მუნიციპალიტეტი გვეხმარება, რაც ძალიან დროული და დასაფასებელია.

– არსებობს თუ არა რაიმე განსაკუთრებული ისტორია კლუბის სახელთან ან ემბლემასთან დაკავშირებით?

კლუბს სახელი რაჭის პატივსაცემად დავარქვით. ემბლემაც რეგიონული სიმბოლიკით არის შთაგონებული.

– გუნდშია კესო მეტონიძე – როგორ აღმოაჩინეთ ის და რა პირველი შთაბეჭდილება დაგიტოვათ?

როდესაც გუნდი შევქმენით, სოფელ-სოფელ დავდიოდით და გოგონებს ვეძებდით. ვისაც სურვილი ჰქონდა ეთამაშა, ვიწვევდით. თავიდან სამოყვარულო დონეზე ვუყურებდით და ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ უმაღლეს ლიგაში მოვხვდებოდით.

კესო მაშინ მამასთან ერთად მოვიდა – ჩვეულებრივი გოგო იყო, რომელსაც ფეხბურთი უყვარდა. არასოდეს ჰქონდა პროფესიულ დონეზე ნათამაშები და თვითონაც არ იცოდა თავისი შესაძლებლობები. პირველივე ვარჯიშზე, როცა მოვიდა, გუნდის დირექტორმა თქვა – „ძალიან მაგარი გოგოა“.

– 16 წლის ასაკში უკვე ეროვნულ ნაკრებშიც იყო გამოძახებული და შარშან 91 გოლი გაიტანა. როგორ დაახასიათებთ როგორც ფეხბურთელს და პიროვნებას?

კესო არის არაჩვეულებრივი გოგო. საოცრად სწავლობს სკოლაში და არასოდეს შეშლია ხელი ფეხბურთისთვის. ვფიქრობ, ყველა ადამიანისთვის და მშობლებისთვის უნდა იყოს მაგალითი. ბევრს ჰგონია, რომ თუ კარგად თამაშობ ფეხბურთს, სკოლაში ვერ ისწავლი. ეს საერთოდ არ არის კავშირში – მან დაამტკიცა, რომ შეიძლება იყო კარგი მოსწავლე და კარგი ფეხბურთელი ერთდროულად.

არ არსებობს მომენტი, როცა გონება გაფანტული ჰქონდეს – ჩვეულებრივ ვარჯიშზეც კი. როცა სხვები ხუმრობენ, ის სერიოზულია და ცდილობს სიტუაცია აკონტროლოს.

– გრძელვადიან პერსპექტივაში რა არის „რაჭას“ მთავარი ოცნება?

იმდენი წარმატებული ადამიანი ჰყავს რაჭას, ველოდები იმ დღეს, როცა რომელიმე წარმატებული რაჭველი იტყვის: „მე დავაფინანსებ გუნდს, მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა გოგოს ჰქონდეს შესაძლებლობა ითამაშოს ფეხბურთი, თუ ამის სურვილი აქვს“.

მინდა, რომ აღარ მომიწიოს უცხოეთში სპონსორის ძებნა – მსურს საქართველოში ვიპოვო ასეთი ადამიანი. ვერ წარმომიდგენია ისეთი ადამიანი, რომელიც ვერ ხვდება, რატომ არის ქალების გაძლიერება უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ბიჭების.

ამას მხოლოდ თამაშზე არ ვამბობ – გოგო ხდება ლიდერი, უშიშარი, მამაცი. არ არსებობს დაბრკოლება, რომელიც მას შეაჩერებს.

როდესაც გოგოებს ისეთი დაფინანსება აქვთ, როგორც ბიჭებს, ეს მათ მოტივაციას აუმაღლებს.

– რებრენდინგს, სოციალურ მედიას და პოპულარიზაციას აქცევთ თუ არა დიდ ყურადღებას?

არის რაღაცები, სადაც დიდი ფული არ არის საჭირო და მინიმალური დანახარჯებია. ძალიან ვართ ამაში ჩართულები.

– სად ვარჯიშობთ და როგორი ინფრასტრუქტურა გაქვთ?

საკუთარი მოედანი არ გვაქვს. თუმცა ძალიან დიდი მადლობა ამბროლაურში მდებარე უეფას სტანდარტების მქონე სტადიონს, სადაც უსასყიდლოდ გვაძლევენ ვარჯიშისა და თამაშის საშუალებას. ეს ძალიან დიდი დახმარებაა.

კერძო კლუბი ვართ და შესაძლებელი იყო, ქირა მოეთხოვათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს. ამ სტადიონის გახსნაც ჩემი ერთ-ერთი მოტივაცია იყო, როცა გუნდის შექმნას ვგეგმავდი და ამ დროისათვის ზუსტად დაემთხვა.

– რას ეტყოდით იმ გოგონებს, ვინც ახლა იწყებენ ფეხბურთში გზის ძებნას?

არ არსებობს დაბრკოლება, რომელიც მათ შეაჩერებს. სტერეოტიპები ისევ არსებობს და არ უნდა მოუსმინონ. ფინანსური პრობლემებიც ექნებათ, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ცხოვრებისეული დაბრკოლებაა.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით კლუბის გენერალურ დირექტორს – ლაშა რატიანს:

– ახლახანს გუნდმა 21 წლის სომეხი ლეგიონერი, 21 წლის კარინე იეღიანი დაიმატა – როგორ მოხდა ეს ტრანსფერი?

სანდრო შენგელიამ დაგვაკავშირა ფეხბურთელთან. გარდა ამისა, გუნდში უკვე გვყავს ლეგიონერები – ტაჯიკეთიდან და რუსეთიდან. ორი ნახევარმცველი და ერთი მეკარე.

– რა მიზნები გაქვთ მიმდინარე სეზონში?

ჩვენი მთავარი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა.

– უმაღლეს ლიგამდე როგორი იყო გზა და რა სირთულეები გადალახეთ?

კლუბი მხოლოდ 4 წლისაა. მეორე ლიგიდან დავიწყეთ. პირველ და მეორე წელს წელს მეორე ადგილზე გავედით, მესამე წელს კი გადათამაშებებიდან მოვახერხეთ უმაღლესში ასვლა. ეს ჩვენთვის დიდი ისტორიაა.

-კლუბის სტრატეგია რა არის – მხოლოდ შედეგზე ორიენტირებული ხართ თუ ასევე ტალანტების განვითარებაზეც?

ჩვენთვის მთავარი მომავალი თაობაა. შედეგიც მნიშვნელოვანია, მაგრამ პრიორიტეტი მაინც ახალგაზრდების განვითარებაა.

-გრძელვადიან პერსპექტივაში რა არის რაჭას მთავარი ოცნება?

ჩვენი მთავარი ოცნებაა, რომ რაჭველი ფეხბურთელები საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვდნენ. ერთი უკვე თამაშობს, კესო მეტონიძე.

– გუნდის სკაუტინგი როგორია – აკადემია თუ გყავთ, როგორ არჩევთ ახალ ფეხბურთელებს?

გუნდის აკადემია უკვე არსებობს და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა და ადგილობრივი ფეხბურთელი დავამკვიდროთ პირველ გუნდში.

რაჭას პრეზიდენტის, ჟანა ბაბუნაშვილის თავდადება და ენერგია, რომ გოგონებს ჰქონდეთ საკუთარი ოცნების განხორციელების შესაძლებლობა, ნამდვილად გამორჩეულია. გუნდი დღეს დღეს უმაღლეს ლიგაშია და მომავალში კიდევ უფრო დიდი მიზნები აქვს.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ინტერვიუ