ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სპორტული გამოცემა Goal.com ყოველწლიური პრესტიჟული ჯილდოს – “ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა განახლებულ სიას აქვეყნებს. 2025 წლის რეიტინგში ხვიჩა კვარაცხელია ტოპ-ათეულში შეიყვანეს – ის მეშვიდე პოზიციას იკავებს.
აღსანიშნავია, რომ წინა განახლებაში ქართველმა შემტევმა მე-11 ადგილი დაიკავა და ოთხი საფეხურით წინ წაიწია. ასეთი პროგრესი, დიდი ალბათობით, მისმა ფენომენალურმა გამოსვლამ განაპირობა ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც პარი სენ-ჟერმენის შემადგენლობაში არამხოლოდ ტურნირი მოიგო, არამედ ფინალშიც მოახერხა გოლის გატანა.
2024/25 წლების სეზონის ჯამში კვარაცხელიამ 14 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა. თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ციფრები სრულად ვერ გადმოსცემს იმ გავლენას, რაც ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე მოახდინა.
გარდა ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფისა, ხვიჩამ მიმდინარე სეზონში მოიგო საფრანგეთის ლიგა 1, საფრანგეთის თასი და იტალიის სერია A. სეზონის პირველი ნახევარი მან ნაპოლიში გაატარა და სერიოზული წვლილი შეიტანა გუნდის მეორედ ჩემპიონობაში, რის შემდეგაც იანვარში პარი სენ-ჟერმენს შეუერთდა. გარდა ამისა, მას აგვისტოში ევროპის სუპერთასის მოგების შანსიც ექნება – პსჟ ტოტენჰემს დაუპირისპირდება.
Goal.com-ის ტოპ-20 რეიტინგში ხვიჩას უკან არიან ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჰარი კეინი, რობერტ ლევანდოვსკი, ვინისიუს ჯუნიორი და ჯუდ ბელინგემი. აღსანიშნავია, რომ სიაში პსჟ-ის 9 ფეხბურთელია წარმოდგენილი, რაც ფრანგული გრანდის დომინაციას ადასტურებს.
“ოქროს ბურთის” 2025 წლის პრეტენდენტები (რეიტინგი Goal.com-ის მიხედვით):
1. უსმან დემბელე (პსჟ)
2. ლამინ იამალი (ბარსელონა)
3. რაფინია (ბარსელონა)
4. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
5. კილიან მბაპე (რეალი)
6. დეზირე დუე (პსჟ)
7. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)
8. აშრაფ ჰაკიმი (პსჟ)
9. პედრი (ბარსელონა)
10. ჰარი კეინი (ბაიერნი)
11. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
12. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)
13. ვიტინია (პსჟ)
14. ჟოაო ნევეში (პსჟ)
15. ვიქტორ გიოკერესი (სპორტინგი)
16. ნუნუ მენდეში (პსჟ)
17. ვინისიუს ჯუნიორი (რეალი)
18. ჯუდ ბელინგემი (რეალი)
19. ბრედლი ბარკოლა (პსჟ)
20. დეკლან რაისი (არსენალი)