ევროპაში ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის მოახლოებასთან ერთად, ქართული ფეხბურთის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო იზრდება. ბოლო წლებში ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავმა თამაშმა ევროპულ კლუბებს ქართველი ფეხბურთელების მიმართ დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეუცვალა. ახლა კი სატრანსფერო სიახლეებში სულ უფრო ხშირად ჩნდებიან სხვა ქართველი ფეხბურთელების სახელებიც.
ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ფიგურა ზურიკო დავითაშვილია. ფრანგული მედიის ინფორმაციით, მის მიმართ ინტერესს იჩენენ ევერტონი, ბენფიკა, მონაკო, ლილი, ოლიმპიაკოსი და ბეშიქთაში.
დავითაშვილს მორიგი კარგი სეზონი ჰქონდა და საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. შედეგად, ბევრი ფიქრობს, რომ მალე უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში გადავა. ფრანგულ და თურქულ მედიაში მის სისწრაფეს, ტექნიკასა და ერთი-ერთზე თამაშს, ხშირად თავად კვარაცხელიას სტილსაც კი ადარებენ.
საინტერესო სიტუაციაა გიორგი წიტაიშვილის გარშემოც. ჩვენებური თავისუფალი აგენტი ხდება და ბოლო პერიოდში მისი სახელი ფრანგულ ფეხბურთს აქტიურად დაუკავშირდა. წიტაიშვილის კარიერის გაგრძელება ლიგა 1-ში ერთ-ერთ რეალურ ვარიანტად განიხილება.
სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილიც არის.
სპორტინგში მისი პირველი სეზონი იდეალური არ გამოდგა – ტრავმებმა და არასაკმარისმა სათამაშო დრომ გავლენა მოახდინა. თუმცა, ესპანური მედიის ინფორმაციით, ჩვენებურით ხეტაფე, ხირონა, რაიო ვალეკანო და სელტა ინტერესდებიან.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მისი სტილი ლა ლიგას უფრო კარგად მოერგება და იმასაც ამბობენ, რომ ქოჩორაშვილი დაუფასებელი ფეხბურთელია. განსაკუთრებით მოსწონთ მისი ენერგია, ფიზიკური თამაში და ბურთის სწრაფი წინ წაღება. ესპანური მედია ჩვენებურს „box-to-box“ ტიპის თანამედროვე ნახევარმცველად აღწერს – ფეხბურთელად, ვისაც დაცვაში შეუძლია თამაში და შეტევის დაწყებაც.
რაც შეეხება ანზორ მექვაბიშვილს, ევროპული კლუბები განსაკუთრებით მის ფიზიკურ მონაცემებსა და უნივერსალურ სტილს აკვირდებიან. ქართველი ნახევარმცველი ბევრისთვის „ჩუმი ლიდერის“ ტიპის მოთამაშეა – ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე დიდ სამუშაოს ასრულებს, მაგრამ ყურადღების ცენტრში იშვიათად ექცევა.
დაველოდოთ სატრასნფერო ფანჯრის გახსნას…