გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

საქართველოს გოლიც სანატრელი გაუხდა

გააზიარეთ

ერთა ლიგის B დივიზიონის მეხუთე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე უნგრეთს დაუხვდა და 0:2 დამარცხდა.

საქართველო-უნგრეთი 0:2

0:1 დვალი (73სკ); 0:2 ვარგა (85)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, დვალი (აზაროვი 77), ლოჩოშვილი, გაგნიძე (ეგოიანი 77), მექვაბიშვილი, ჩაკვეტაძე (ზივზივაძე 77), წიტაიშვილი (დავითაშვილი 63), კვერნაძე, მიქაუტაძე

ერთა ლიგის წლევანდელი გათამაშების ხუთი ტური მიილია და საქართველოს ნაკრები გოლის გარეშეა. ეს  მინიმუმ 450 წუთია, რაც ყველა დროის ანტი-რეკორდია. ეროვნულმა გუნდმა ბოლოს ამხანაგურ მატჩში ბაჰრეინს გაუტანა, ხოლო ოფიციალურ მატჩებში სულაც გასული წლის 18 ნოემბერს, ბულგარეთთან შეაგდო.

რამაზ სვანაძემ წინამორბედის სათამაშო სქემა შეცვალა და ოთხმცველიან ტაქტიკაზე გადაერთო, რასაც შეტევაში ფეხბურთელის დამატება მოჰყვა, მაგრამ გოლი მაინც არ ჩანს.

არადა, თითქოს ცუდი პირველი ტაიმი არ გვქონია. ბურთის კონტროლი ჩვენი იყო და თითქმის ყველაფერს სწორად ვაკეთებდით, მაგრამ საჯარიმომდე, შემდეგ კი, ბოლო პასი გვიჭირდა. ასეთი რამ მხოლოდ ორჯერ გამოგვივიდა: თუმცა, ლუკა ლოჩოშვილის გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა, ხოლო გიორგი კვერნაძემ გიორგი წიტაიშვილის ჩაწოდებულს თავი კარგად ვერ დაუხვედრა და ხელსაყრელი სიტუაციიდან ააცილა.

მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა და ამის მოლოდინიც გვქონდა. რატომ? იმიტომ, რომ ნაკრებსაც და ქართულ გუნდებსაც ასეთი სენი სჭირთ. უფრო სწორად მეტოქე გუნდის მწვრთნელები უკეთ ახერხებენ სიტუაციის წაკითხვას და სწორი დასკვნების გამოტანას. ასე მოიქცა უნგრელთა თავკაციც და შესვენების შემდეგ ბურთის კონტროლი უკვე მადიარებმა დაიწყეს, სიმწვავეს მოუმატეს და ჩვენს კართან საკმაოდ დაცხა: სტანდარტულის შემდეგ უნგრელებმა კარში დაარტყეს და გოლისგან ნიკა გაგნიძემ გვიხსნა; მალევე საბა გოგლიჩიძეს ბურთი აეჭრა და საკუთარი კარისკენ გაგზავნა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა გადაგვარჩინა; უნგრელთა კიდევ ერთი შეტევა და თავური დარტყმის შემდეგ ბურთი მამარდაშვილის კარს ოდნავ ასცდა; ვეღარ გავუძელით: კიდევ ერთი სტანდარტი და 73-ე წუთზე ლაშა დვალის ავტოგოლი.

რამაზ სვანაძემ მდგომარეობის გამოსწორება სამმაგი ცვლილებით სცადა. ვერაფერი შევცვალეთ. მეტიც, უნგრელებმა შეტევაში გართულები კონტრშეტევაზე დაგვიჭირეს და ბარნაბას ვარგამ მეორე გაგვიტანა და…

ჩვენივე ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიამ საშინაო არენაზე უკრაინას 1:0 აჯობა და ისევ ცხრილის თავში. ჯგუფის გამარჯვებული ბოლო ტურში გადაწყდება – 10 ქულიანი უნგრეთი 11 ქულიან ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს.

ჩვენ კი უკრაინას კოშიცეში ვესტუმრებით. თუ მოვიგებთ, ლიგაში დარჩენა გარანტირებული გვაქვს, სხვა შედეგის შემთხვევაში კი, C დივიზიონის რომელიმე გუნდთან ფლეი აუტი გვექნება…

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები