
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის 30-კაციანი სატურნირო რაზმი დაასახელა.
ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელზეც საქართველო 2016 წლის შემდეგ ზედიზედ მერვედ თამაშობს, ჩვენი გუნდი 17 მორკინალით და 13 ხაზის მოთამაშით წარსდგება და აქამდე ჩატარებულ ტურნირებს შორის საუკეთესო შედეგის ჩვენებას ეცდება.
განვლილი ჩემპიონატებიდან უმცროსი ბორჯღალოსნების საუკეთესო შედეგი მერვე ადგილი (2023 წელს) იყო, სამ-სამჯერ კი, მეცხრე და მეათე ადგილს დასჯერდა.
სატურნირო შემადგენლობაში მყოფი 30 მოთამაშიდან 12, ლეგიონერია და ისინი ფრანგული ტოპ 14-ისა და პრო დე 2-ის კლუბებს წარმოადგენენ. 18 მორაგბე შვიდ ქართულ კლუბზე ნაწილდება: ექვსი თბილისის ლელოდანაა, სამ-სამი ქუთაისის აიადან და თბილისის არმიადან, ორ-ორი რუსთავის ხარებიდან და თბილისის ხვამლიდან, ხოლო თითო-თითო თბილისის ლოკომოტივიდან და ფოთის კოლხი რაინდებიდან.
ახალგაზრდულ ჩემპიონატზე უმცროს ბორჯღალოსნებს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ეყოლება. 30 მოთამაშიდან თითქმის ნახევარი (14) 2007 წელსაა დაბადებული და 20-წლამდელებში გაისადაც მოუწევს თამაში, ორი სულაც ორი წლით უმცროსი, 2008-წლიანია – მათე მახარაძე და გიორგი ხონელიძე.
ვიტო კოლელიშვილი, უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი:
„გადაწყვეტილების მიღება რთული იყო და ვეცადეთ მაქსიმალურად ადეკვატურები ვყოფილიყავით. ვრცელი და გამორჩეული ციკლი გამოგვივიდა, რომელიც სამხრეთ აფრიკის ტურნესაც მოიცავდა. ამან მოთამაშეებთან მეტი დროის გატარების და მათი უკეთ გაცნობის შესაძლებლობა მომცა…
სამწუხაროდ, ტრავმების გამო ბოლო მომენტში გამოგვაკლდა ლუკა საღინაძე და გიორგი მეფარიშვილი…
აშშ-სთან მატჩი ნაწილობრივ სელექციას, ნაწილობრივ კი ახალი მორაგბეების გუნდთან ინტეგრირებას და მათთვის სათამაშო დროის მიცემას ემსახურებოდა. პირველ ტაიმში ჩვენს მოთხოვნებზე აქცენტი ვერ გავაკეთეთ, მრავლად გვქონდა წუნი, ბურთს ვერ ვაკონტროლებდით და თამაში ვერ ავაწყეთ. მეორე ტაიმში დავალებები შესრულდა და თამაშიც სხვაგვარი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ უხვქულიანი შეხვედრა იყო, ვფიქრობ, დამაგვირგვინებელ ნაწილში უკეთ თამაში შეიძლებოდა. ეს პროცესია და შეცდომების გამოსწორებას ახალ ზელანდიასთან ვეცდებით…
გუნდში მრავლად გვყავს უმცროსი ასაკის მოთამაშეები. მიუხედავად იმისა, რომ საპასუხისმგებლო ტურნირი გველის, გრძელვადიანი პროცესია და მათი გუნდში ინტეგრირება მოვახდინეთ. მინდა ვთქვა, რომ ეს მოთამაშეები აქ ყოფნას იმსახურებენ და საკუთარ პოტენციალსაც აუცილებლად გამოავლენენ“.
შეგახსენებთ, მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატს, 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით საქართველოს ორი ქალაქი – თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს. პლანეტის 16 საუკეთესო გუნდი ჯამში 40 თამაშს გამართავს – 20-ს თბილისში და 20-ს ქუთაისში. შეგახსენებთ, საქართველო 20-წლამდელთა ჩემპიონატს მეორედ (პირველად 2017 წელს) მასპინძლობს.
საქართველო A ჯგუფში მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან მოხვდა. ვიტო კოლელიშვილის შეგირდები პირველ მატჩს 27 ივნისს, უელსის წინააღმდეგ გამართავენ; 2 ივლისს, სამხრეთ აფრიკას ერკინებიან; ხოლო 7 ივლისს ურუგვაის ეთამაშებიან. ჩვენი გუნდის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები თბილისში, „ავჭალაზე“ გაიმართება.
მანამდე უმცროსი ბორჯღალოსნები 22 ივნისს, რუსთავში, ახალი ზელანდიის წინააღმდეგ დასკვნით მოსამზადებელ შეხვედრას გამართავს.
უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა
შერკინება: გიორგი ტურაშვილი, ნიკოლოზ ბალანჩივაძე, ლუკა იასეშვილი, დავით არჩვაძე, ანრი შველიძე, გიორგი აღნიაშვილი, ლევან ეზიეშვილი, საბა ნოზაძე, გაბრიელ რაზმაძე, ნიკოლოზ ჩხორთოლია, ანდრია ბილანიშვილი, დავით ბარამია, ლუკა ნარსია, გიორგი ზაზაძე, გიორგი არძენაძე, ირაკლი ყოლბაია, მიხეილ შიოშვილი;
ხაზი: გიორგი ხონელიძე, დაჩი წიკლაური, თემურ ძოძუაშვილი, მათე მახარაძე, ლეონიდე სალდაძე, დავით ბარბაქაძე, დემეტრე დევდარიანი, დათა ახვლედიანი, ავთანდილ ზვიადაძე, ლუკა ტაბატაძე, საბა ნატროშვილი, ნიკოლოზ ხალვაში, დათა არობელიძე.
იხილე მეტი
-
ძიუდო
/ 2 საათის agoულან-ბატორის გრანდ სლემი უმედლოდ დავიწყეთ
გააზიარეთმონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში დაიწყო ძიუდოისტთა გრანდ სლემი. აღსანიშნავია, რომ ტურნირი ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშების...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
სანაკრებო ტურნირები
/ 3 საათის agoმექსიკა ფლეი ოფშია, დევიდმა ჰეთ თრიკი შეასრულა
გააზიარეთ2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთმა მასპინძელმა, მექსიკამ A ჯგუფის მეორე ტურში სამხრეთ კორეის ნაკრები...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 3 საათის agoსაქართველო მსოფლიო თასისთვის დაირაზმა
გააზიარეთუმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის 30-კაციანი სატურნირო რაზმი დაასახელა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი