გამოგვიწერეთ

ნაკრები

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ზელანდია დაამარცხეს

გააზიარეთ

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა პირველად ქართული რაგბის ისტორიაში ახალ ზელანდიელ თანატოლებს სძლიეს! მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფარგლებში, აქამდე „ჯუნიორ ოლ ბლექსს“ ოთხჯერ შევერკინეთ და ყველა ჯერზე გამარჯვებული მეტოქე რჩებოდა, ახლა კი საქართველომ პირველი გამარჯვება იზეიმა.

ეს იყო ჩვენი გუნდის ბოლო გასახურებელი შეხვედრა 2026 წლის მსოფლიო რაგბის ჩემპიონატის წინ, რომელიც 27 ივნისს, თბილისსა და ქუთაისში იწყება. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კარგი სანახაობრივი თამაში აჩვენეს, მეტოქეს ფაქტობრივად არაფერში ჩამოუვარდებოდნენ, დასკვნით წუთებში სრულ უპირატესობასაც დაეუფლნენ და დამსახურებული გამარჯვებით გაიხარეს.

რუსთავის “ხარები არენაზე” ვიტო კოლელიშვილის შეგირდებმა ახალ ზელანდიას ოთხი ლელო გაუტანეს, აქედან ბოლო უკანასკნელ წუთზე.

პირველ ტაიმში სტუმრები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ. დებიუტში რამდენიმე შეცდომა დავუშვით, ორჯერ დავჯარიმდით და ზელანდია ხუთმეტრიანი დერეფნიდან გათამაშებული კარგი კომბინაციის შემდეგ გარდასახული ლელოთი დაწინაურდა.

მეტოქეს მე-11 წუთზე ვუპასუხეთ – ხუთმეტრიანთან ჯარიმის გათამაშებისა და პირველი მიძალების შემდეგ, მიხეილ შიოშვილმა რაქის შემდეგ მძლავრად შეუტია, ორი მცველი კონტაქტით დაჯაბნა და ბურთი ძელებსშუა დაამიწა, თემურ ძოძუაშვილმა კი გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.

შესვენებამდე ანგარიშის შეცვლის შანსი ორივე გუნდს ქონდა. ხელდახელ შეტევების შედეგად ორივე მხარეს გაიჭრა ხაზი, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში დაშვებული შეცდომების გამო, ტაიმი 7:7 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ცენტრალურ ზონაში შეცდომა დავუშვით, დაკარგული ბურთი ზელანდიელმა მორაგბემ აიტაცა, კონტრშეტევაზე ორ მცველს გაექცა და სტუმრები გარდასახული ლელოთი დაწინაურდნენ. მიუხედავად ამისა, საქართველომ მოახერხა ინიციატივის დაუფლება. მეტოქეს შიოშვილმა შერკინებიდან შეუტია და დაჩი წიკლაურს პასი არ დაუგვიანა, მანაც ფეხებსშორის შესრულებული ულამაზესი პასით ფრთაზე ლუკა ტაბატაძე მარტო დატოვა, რომელმაც ნახტომში ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო.

67-ე წუთზე „ჯუნიორ ოლ ბლექსმა“ კარგი შეტევით მესამე ლელო მიითვალა და შვიდქულიანი უპირატესობა აღადგინა. ამის შემდეგ მასპინძლებმა ზეწოლა კიდევ უფრო გაზარდეს. 71-ე წუთზე მოლით წინსვლის შემდეგ რაქიდან გუნდის კაპიტანმა ლუკა ნარსიამ შეუტია და ლელოებით ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ არაზუსტი გარდასახვის გამო ანგარიშში ორი ქულით ჩამოვრჩით.

რადგან შერკინებაში მეტოქეს ხშირად ვაჯარიმებდით, 77-ე წუთზე სინბინით დაისაჯა, ბოლო წუთზე კი მოლმა კარგად იარა, რის შემდეგაც დაუწყობელ დაცვას რაქიდან ირაკლი ყოლბაიამ შეუტია და მეოთხე ლელოთი საქართველოს ისტორიული გამარჯვება მოუპოვა – 22:19…

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები