გამოგვიწერეთ

ნაკრები

სვანაძე: ხასიათის პრობლემა გვქონდა

გააზიარეთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ქუთაისში ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრით (1:1) გახსნა. მატჩის შემდეგ მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე ჟურნალისტებს შეხვდა და დეტალურად ისაუბრა როგორც გუნდის პრობლემებზე, ისე იმ მოლოდინებზე, რაც ამ თაობასთან დაკავშირებით აქვს.

სვანაძის თქმით, ყველასთვის ნათელი იყო, რომ შეთამაშების ნაკლებობა ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება იქნებოდა, თუმცა მისთვის გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდურ სულისკვეთებას და მოედანზე ლიდერობის საკითხს:

„შეთამაშების პრობლემას ველოდით, ეს ბუნებრივი იყო. მაგრამ რაც ნამდვილად ვერ დავინახე, ეს ხასიათია – მოედანზე ლიდერი უნდა გამოჩნდეს, ვინც გუნდს წინ წაიყვანს. ამაზე ყველაზე დიდი პრეტენზია მაქვს. პირველ შეკრებაზე ვართ და დრო გვჭირდება, მაგრამ სწორი დამოკიდებულება და ხასიათი არ უნდა დაგვაკლდეს,“ – აღნიშნა სვანაძემ.

მთავარმა მწვრთნელმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი ასეთ დონეზე პირველად თამაშობდა და ეს გარკვეულ სირთულეებს ქმნიდა. მისი თქმით, საბოლოო სურათის მიღებას რამდენიმე შეკრება დასჭირდება:

„არ ვამბობ, რომ ვიღაცამ თავი დააკლო, უბრალოდ გუნდურ სულისკვეთებაზე ვსაუბრობ. დარწმუნებული ვარ, მეორე წრისთვის უფრო ორგანიზებული სახე გვექნება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მანამდე თავს დავაკლებთ – ფეხბურთელებმა საკუთარი ძალა და რწმენა თავად უნდა იპოვონ,“ – თქვა სვანაძემ.

სპეციალისტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობაზე, რაც მისი თქმით, ბევრ მოთამაშეს აშკარად ეტყობოდა:

„ჩრდილოეთ ირლანდიის ფეხბურთელებს გაცილებით მაღალი ტემპი ჰქონდათ. ინტენსივობა და მოძრაობა დიდ სირთულეს გვიქმნიდა. ეს საკითხი კლუბებში უნდა მოგვარდეს, რადგან ნაკრებში დრო ძალიან მცირეა. თუ ბიჭები საკუთარ გუნდებში არ იმუშავებენ, სანაკრებო დონეზე ამას ვერ გამოვასწორებთ,“ – აღნიშნა სვანაძემ.

სვანაძის თქმით, მიზანი მაინც მაღალია და ამბიცია, რომელსაც საქართველოს ნაკრები ბოლო წლებში მიეჩვია, კვლავ ძალაშია:

„ორი ევროპირველობა ზედიზედ ვითამაშეთ და ბუნებრივია, მოლოდინი გაიზარდა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ თაობიდან მაქსიმუმი მივიღოთ. საბოლოოდ რამდენად შორს შევძლებთ წასვლას, ამას უკვე ოქტომბრის შეკრების შემდეგ უფრო ნათლად ვიტყვი,“ – დასძინა მწვრთნელმა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 10 ოქტომბერს ლატვიაში ჩაატარებს. ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ გაემგზავრება ფინალურ ეტაპზე, რომელიც ალბანეთსა და სერბეთში გაიმართება, ხოლო მეორეადგილოსნები პლეი-ოფში იბრძოლებენ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები