
შავმა ლომმა თბილისის თასის მეორე მატჩი სამხრეთ აფრიკის თასის მფლობელსა და ქარი ქაფის ვიცე-ჩემპიონ აირლინკ პუმასთან ბოლო წამებზე 21:19 მოიგო.
აღსანიშნავია, რომ ივნისის დასაწყისში, შავმა ლომმა ამავე გუნდს ტოიოტა ჩელენჯზეც აჯობა, მაგრამ მაშინ თამაში უხვქულიანი გამოდგა და 46:36 დასრულდა.
პირველ ტურში ქარი ქაფის ჩემპიონ სუზუკი გრიქასთან 15:21 ჩამორჩენის შემდეგ, მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობაში ცხრა ცვლილება განახორციელეს. გუნდის სამწვრთნელო შტაბი ჩელენჯ თასის პირველი მატჩისთვის ოპტიმალური შემადგენლობის ძიების პროცესშია და მოსამზადებელ თამაშებში მუდმივი როტაცია ჩვეულებრივი მომენტია.
თამაშის მსვლელობისას ორივე გუნდის მხრიდან მრავლად იყო ტექნიკური წუნი, რის გამოც ხშირად ინიშნებოდა შერკინება. აქ კი შავი ლომი დიდ უპირატესობას ფლობდა და მეტოქე არაერთხელ დააჯარიმა, მაგრამ პუმასი მოლში თავს კარგად იცავდა. ასე გაგრძელდა მე-20 წუთამდე, მერე კი საქმეში ჩვენი უკანახაზელებიც ჩაერთვნენ და ვახტანგ ჯინჭარაძემ ანგარიში გახსნა, ცირეკიძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა.
ამის შემდეგ ინიციატივა სამხრეთ აფრიკელების ხელში გადავიდა, რასაც ჩვენმა შეცდომებმაც შეუწყო ხელი და შესვენებამდე მათ ორი ლელოთი გვიპასუხეს, რომელთაგან ერთი გარდასახეს – 7:12.
ანგარიში 58-ე წუთზე გავათანაბრეთ და ამჯერადაც მოლით ვიხეირეთ. პუმასმა ჩვენი მიძალება კი შეაჩერა, მაგრამ საქმეში ამჯერად ფორვარდები ჩაერთვნენ და მიზანს ოთარ გიორგაძემ უწია, ხოლო ცირეკიძემ უპირატესობა დაგვიბრუნა. პუმასი ისევ გააქტიურდა, 66-ე წუთზე ფრთა დაუცველი დაგვრჩა და კვლავ მდევრის როლში აღმოვჩნდით.
მატჩის მიწურულს სტუმრებმა ჯარიმებს მოუხშირეს და სინბინით დაისაჯნენ, რასაც შავი ლომის მორიგი შედეგიანი მოლი მოყვა. ამჯერად ლელო ირაკლი ქვათაძემ მიითვალა, ხოლო ცირეკიძემ გამარჯვების მომტანი გარდასახვა გაიტანა – 21:19.
თბილისის თასის მეორე სათამაშო დღეს ევროპელების სასარგებლოდ დასრულდა. შავი ლომის გარდა, სამხრეთ აფრიკელ მეტოქეს ესპანურმა იბერიანსმაც სძლია, პორტუგალიური ლუზიტანუში კი ქარი ქაფის ჩემპიონთან ვერაფერს გახდა.
იბერიანსისა და ჩიტასის მატჩში ესპანელებმა შეძლეს თამაშზე კონტროლის დამყარება და ბევრისთვის მოულოდნელად, სამი ლელოთი და ორი გარდასახვით დაწინაურდნენ. ჩიტასმა პირველ ტაიმში ერთი, მეორეში კი ორი ლელო გაქვითა და წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ბოლო წუთზე დაჯარიმდა, იბერიანსმა ჯარიმა სამ ქულაში გარდასახა და 22:19 გაიმარჯვა.
სუზუკი გრიქასი კი ლუზიტანუშს შეერკინა და ოთხი უპასუხო ლელოს შემდეგ 26:0 დაწინაურდა. პორტუგალიელებმა პირველ ტაიმში ორი, მეორეს დასაწყისში კი ერთი ლელო გაიტანეს და სხვაობა შვიდ ქულამდე დაიყვანეს. მაგრამ მერე ინიციატივა კვლავ სამხრეთ აფრიკელთა ხელში გავიდა და გრიქასმა ბონუს-ქულით, 59:19 იმარჯვა.
თბილისის თასის დასკვნითი ტური 4 ოქტომბერს გაიმართება: 14:00 საათზე პუმასი ლუზიტანუშს ეთამაშება; 17:00 საათზე გრიქასი იბერიანსს შეხვდება; დღის ბოლოს კი, 20:00 საათზე, შავი ლომი ჩიტასს შეერკინება.
იხილე მეტი
-
სანაკრებო ტურნირები
/ 1 საათის agoმარკო როსი: საქართველო ძლიერი გუნდია
გააზიარეთUEFA-ს ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები ბუდაპეშტში, უნგრეთს დაუპირისპირდება. მატჩის წინ მასპინძელთა მთავარმა...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
რაგბი
/ 2 საათის agoთბილისის თასზე ევროპამ აფრიკას აჯობა
გააზიარეთშავმა ლომმა თბილისის თასის მეორე მატჩი სამხრეთ აფრიკის თასის მფლობელსა და ქარი ქაფის ვიცე-ჩემპიონ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 6 საათის agoკავკასიამ ევროტურნირი მარცხით დაიწყო
გააზიარეთკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა ევროპის ჩრდილოეთ საკალათბურთო ლიგაში მარცხით მოიწყო. თუმცა, მარცხის მიუხედავად, კსუმ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |