გამოგვიწერეთ

ნაკრები

“ჩვენი მთავარი ძალა მენტალიტეტშია” – სვანაძე პოლონეთთან მოგების შემდეგ

გააზიარეთ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის გათამაშება გამარჯვებით გახსნა. რამაზ სვანაძის შეგირდებმა პოლონეთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხეს და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერობაც მოიპოვეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე პრესის წარმომადგენლებს შეხვდა და როგორც მატჩის ანალიზი, ასევე ზოგადი ტაქტიკურ-ფსიქოლოგიური ასპექტები შეაფასა.

თამაშის შეფასება:

“შთაგონების წყარო რეალურად არ იცვლება ძალიან დიდი ხანია, არა მარტო ამ თაობაში, არამედ ამის წინა თაობაში. მნიშვნელოვანია ყველაფერი, ასეთ დონეზე განსაკუთრებით, ნებისმიერი დავალება, მცირე დეტალი წინასწარ უნდა იყოს დამუშავებული და ასეც არის, მაგრამ მერწმუნეთ, თუ გუნდს არ აქვს ხასიათი, მენტალურად ძლიერი ხასიათი, თითოეულ ფეხბურთელს, ნებისმიერ დავალება, რაც არ უნდა, განსაკუთრებით, ასეთი სტრესის თამაშში, როდესაც პასუხისმგებლობის გრძნობა ძალიან მაღალია, ძალიან ძნელია მიზნის მიღწევა. გვყავს გამოცდილი ფეხბურთელებიც, მაგრამ უმრავლესობა ევროპულ ფეხბურთში ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს, ამიტომ ხასიათის სიმტკიცე წინა პლანზე გამოდის. ამას ემატება კონკრეტული დავალებები, სტრატეგია, რომელიც ასე კარგად სრულდება.

იმედია, ასე გავაგრძელებთ. არ მეგულება ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე რაღაცას დათმობს, როგორც არ უნდა ვითარდებოდეს თამაში. დღეს იყო მომენტები, როცა კარგად ვითამაშეთ, იყო მომენტები, როცა შედარებით დავალებები არ სრულდებოდა, პენალტის შემდეგ ფსიქოლოგიური უპირატესობა პოლონელების მხარეს გადაიხარა, მაგრამ სწორედ მაშინ გამოჩნდა ჩვენი მზაობა რთულ სიტუაციაში ძალის საპოვნელად და მატჩი ჩვენს სასიკეთოდ დავასრულეთ.”

ემოციური ფონით გამოწვეული ყვითელი ბარათები:

“ასაკიდან, იმ ემოციიდან გამომდინარე, რომელიც მოჭარბებული იყო, უნდა გაკონტროლდეს თავის გამოჩენის სურვილიც. ვერ გავამართლებ ვერანაირ ქმედებას, როცა ყვითელ ბარათს არასაფეხბურთო სიტუაციაში მივიღებთ. ამაზე გვქონდა ლაპარაკი თამაშამდე და კიდევ გვექნება, რადგან თითოეული ფეხბურთელი გვჭირდება, განსაკუთრებით ბოლო მოვლენების ფონზე, როცა ტრავმის გამო რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვაკლდა.”

მეტოქის ანალიზი:

“როგორც ველოდით, ისეთი გუნდი იყო პოლონეთი: სწრაფი, აგრესიული, ორთაბრძოლებსა და სტანდარტულებზე ძალიან კარგი. ჩვენი დავალება თავიდან ბოლომდე მორგებული იყო პოლონეთზე, ვფიქრობ, ამ ყველაფერმა იმუშავა. მივიჩნევ, რომ ის პენალტი იმ მომენტში არ იყო ლოგიკური, მაგრამ ამის შემდეგ თამაშის სადავეები ხელიდან გავუშვით, საბედნიეროდ მცირე ხნით. საერთო ჯამში მადლობელი ვარ ფეხბურთელების, რადგან რთული დავალებები ზედმიწევნით შეასრულეს.”

U21 ნაკრების ზრდა და ქართული ფეხბურთის მომავალი:

“რეალურად დღეს ყველანი ბედნიერები ვართ გამარჯვებით, მაგრამ მე, როგორც ამ ნაკრების მწვრთნელი, ყველაზე ბედნიერი იმით ვარ, რომ უკვე მესამე წელია ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატზე თამაში და ჯგუფურ ეტაპზე თამაშის მოგება ჩვეულებრივი ამბავი გახდა.

ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა ქართულ სანაკრებო ფეხბურთს აქვს, მერწმუნეთ, ამაზე დიდი არავის არაფერი გვაქვს, ძალიან მარტივად შეგვიძლია უახლოეს წარსულს თვალი გადავავლოთ, ეს ყველაფერი მხოლოდ ტელევიზორში გვქონდა ნანახი. იზრდება ყველა, ჩვენც, ფეხბურთელებიც, მოდიან თაობებიც.

თუ პოლონელებმა ნამდვილად უსახელო გუნდი გვიწოდეს, ვიტყოდი, რომ ეს არის გუნდი, რომელმაც წინა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი გადალახა, გამორჩეულ გრანდებს აჯობა, შემდეგ ეს არის გუნდი, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპიც გადალახა და პირველი ტურის მატჩიც მოიგო. ვიცი, რომ ურთულესი თამაშები გვაქვს წინ, პროგნოზის გაკეთება წარმოუდგენელია და არც ვაპირებ ამის გაკეთებას. ერთადერთი ვიცი, რომ არავინ არაფრის დათმობას არ აპირებს, სანამ მინდორზე ვართ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს დღეები დიდხანს გაგრძელდეს, რადგან მთლიანად სჭირდება ქართულ ფეხბურთს და სჭირდება იმ თაობებს, რომლებიც აქ არიან და ტელევიზორშიც უყურებენ. ეს არის ყველაზე დიდი რამ, რაც ჩვენს თავს ახლა ხდება. ეს გუნდი ხდება ის გუნდი, რომლისთვისაც სულერთია ვის წინააღმდეგ თამაშობს და ამას ყოველთვის ამტკიცებს.”

გმირული თამაში – საბა საზონოვის თავდადება

“არ შეიძლება საზონოვის თამაში არ გამოვყო. ურთულესი იყო, ეს ყველა ფეხბურთელს ეხება, მაგრამ საზონოვს გამოვყოფ იმიყომ, რომ ძალიან დიდი ხნის შემდეგ ითამაშა 90 წუთი, ითამაშა მაშინ, როცა რეალურად მისთვის 90 წუთის თამაში არ შეიძლებოდა. იყო მომენტები, როცა ზოგიერთ ფეხბურთელს თამაში აღარ შეეძლო, მაგრამ თვითონ დამიძახეს, რომ ბოლომდე ვითამაშებო: ეს არის ჩვენი ხასიათი და მიდგომა, ეს არის, რაც ყველაზე დიდ რამეს გვაძლევს.”

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 14 ივნისს, ქალაქ ჟილინაში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები