
უიკენდის დასასრულს TOP 5 ლიგებში სამი ქართული გოლი ვიხილეთ. აქედან ერთი, სულაც სადებიუტო იყო. ერთი გოლიც ჩვენებურმა ავსტრიაში გაიტანა.
ყველაფერს სათავე ბუნდესლიგაში მოთამაშე ბუდუ ზივზივაძემ დაუდო, რომელმაც ფრაიბურგს ძალიან ლამაზი გოლი გაუტანა, ეს ზივზივაძის ზედიზედ მეორე გოლია. სულ კი, 16 მატჩში სამი მოუგროვდა.
ბუდუ შეცვლაზე შევიდა და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ჰაიდენჰაიმმა ქულის მოპოვება მაინც ვერ შეძლო და ფრაიბურგთან 1:2 დამარცხდა.
აი, ჰაიდენჰაიმი კი, ძალიან მძიმე ვითარებაშია: ოთხი ტურით ადრე 19 ქულით ბოლო ადგილზეა და ფლეი აუტის ზონასთან შვიდქულიანი ჩამორჩენა აქვს. ფრანკ შმიდტის გუნდი მომდევნო ტურში ზანკტ პაულის უმასპინძლებს, რომელიც სწორედ ფლეი აუტის ზონაშია.
გიორგი ქვილითაიამ კი, TOP ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა. გიორგი მოედანზე პარიზთან მატჩის 30-ე წუთზე შევიდა და 10 წუთში გაიტანა, რითიც ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მეცი მაინც დამარცხდა – 1:3.
ქვილითაია გახდა მეექვსე ქართველი ვინც წელს TOP ლიგაში გაიტანა, ხოლო ჯამში 23 ფეხბურთელია, ვინც უმაღლეს დონეზე გოლის გატანა მოახერხა.
გიორგი წიტაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო გიორგი აბუაშვილი კუნთის ტკივილის გამო განაცხადს მიღმა დარჩა. ქვილითაიას თამაში 60 წუთი გამოუვიდა, ოთხჯერ დაარტყა კარისკენ, სამი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა, ერთი მნიშვნელოვანი პასი გააკეთა და 14-დან ექვსი დუელი მოიგო.
წიტაიშვილი კი, მეცის რიგებში საუკეთესო იყო: სამჯერ დაარტყა კარისკენ, ხუთი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა, 1 მნიშვნელოვანი პასიც გააკეთა და 13 დუელიდან ცხრა მოიგო.
მეცი 15 ქულით ბოლო ადგილზე რჩება. მისი გავარდნის საკითხი უახლოეს ტურებში ოფიციალურად გადაწყდება. მომდევნო ტურში ქართული ტრიოს გუნდი ლე ავრს ესტუმრება.
ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ში 8 თებერვლის შემდეგ არ გაეტანა და ეს ლიონთან მოახერხა, მაგრამ გუნდს ვერც მისმა გოლმა უშველა და პსჟ 1:2 დამარცხდა.
ხვიჩა საქმეში საათის თავზე ჩაერთო და გოლი მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში გაიტანა. ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ეს ხვიჩას მეხუთე გოლი იყო.
პსჟ 63 ქულით ლიდერად რჩება, მაგრამ მეორეზე მყოფ ლანსს მხოლოდ ქულით უსწრებს. პარიზელები მომდევნო ტურში ნანტს უმასპინძლებენ.
ავსტრიის ბუნდესლიგაში გაიტანა ოთარ კიტეიშვილმა, მისი შტურმი კი, ჩემპიონობისთვის უშუალო კონკურენტ ლინცერს დაუზავდა – 1:1.
ანგარიში სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა გახსნა – მე-10 წუთზე პენალტი ზუსტად დაარტყა. თუმცა, შტურმმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.
კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მე-13 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
ლინცერთან ითამაშა შტურმის კიდევ ერთმა ქართველმა გიზი მამაგეიშვილმა, რომელიც მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა.
შტურმი ლიდერობს, ლინცერი კი ორი ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში ეს გუნდები ერთმანეთში უკვე გრაცში ითამაშებენ.
იხილე მეტი
-
სანაკრებო ტურნირები
/ 8 საათის agoსაქართველო ერთა ლიგისთვის 27 ფეხბურთელით ემზადება
გააზიარეთსაქართველოს ნაკრები UEFA-ს ერთა ლიგის 2026-27 წლების გათამაშებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი მოახლოებული...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 1 დღის agoბათუმი პიონერია – მოგება ჩემპიონთა ლიგაზე
გააზიარეთსუპერლიგის ჩემპიონი ბათუმი გახდა პირველი ქართული გუნდი, რომელმაც FIBA-ს ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
რაგბი
/ 1 დღის agoშავი ლომი ინგლისში სათამაშოდ გაემგზავრა
გააზიარეთშავი ლომი 28-კაციანი შემადგენლობით ბრიტანეთში გაემგზავრა, სადაც 18 სექტემბერს, ინგლისის ჩემპიონ ნორთჰემპტონ სეინტს შეერკინება....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი