
ჩვენი წერილი გვინდა დავიწყოთ იმით, რომ ჟურნალისტს არასდროს უხარია კრიტიკული წერილების წერა. ეს იმიტომ გვიხდება, რომ ჩვენც ერთი რიგითი ქართული სპორტის გულშემატკივრები ვართ და გვიჭირს იმის დანახვა, თუ რამე არასასიამოვნო ხდება.
გარკვეულ ასპექტში თემურ ქეცბაიას ვეთანხმებით – ქართველ სპორტის ჟურნალისტებს უჭირთ კრიტიკა. თუმცა, უფრო მართალი ვიქნებით თუ ვიტყვით, რომ ერიდებათ. ალბათ უფრო იმიტომ, რომ თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს, თავს ერთი ოჯახივით გრძნობენ და კრიტიკულად რამეს დაწერა „უტყდებათ“. თუმცა, კრიტიკა ოჯახშიც მიღებულია – მამასთან, დედასთან, ძმასთან, დასთან, ქმართან, ცოლთან, შვილთან… კრიტიკა ცუდი არ არის. მთავარია იყოს ჯანსაღი და ობიექტური. კრიტიკით ბევრი რამის სწავლა და გამოსწორება შეიძლება. კრიტიკა ნაკლოვანებათა გამოვლენის მსჯელობაა.
ამ სტატიის დაწერა თემურ ქეცბაიას პრესკონფერენციამ გვაიძულა, რომელმაც ყველა გააკრიტიკა. უფრო სწორად, ყველას „გადაუარა“ – მაყურებელს, გულშემატკივრებს, ერს, ტელევიზიებს, სტადიონებს საქართველოში და ლიეტუვაში, ჩვენი ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურასა და მანძილს ქალაქებს შორის, ბიზნესმენებს, საკუთარ ფეხბურთელებსა თუ ჟურნალისტებს… ერთადერთი ვინც შეაქო, დინამო თბილისის მფლობელი რომან ფიფია და მის მიერ დახარჯული 200 მილიონია. სადღაც მართალია, სადღაც კი…
ქეცბაია პირდაპირი ადამიანია. ჩვენც პირდაპირები ვართ და სტატიაც ჩვენით დავიწყეთ, სპორტის ჟურნალისტების კრიტიკით. თუმცა, სხვაც ბევრი რამ გვაქვს სათქმელი.
აი, რას ამბობს ქეცბაია:
„ჩასაფრებულები ასეთ მარცხს ელოდებიან, რათა ბოღმა და შური გადმოაფრქვიონ… როცა გუნდისთვის არაფერი გაგიკეთებია, არ შეიძლება კლავიატურასთან დაჯდე და ბოღმა ანთხიო“.
ეს ალბათ გულშემატკივრებსაც ეხება და უფრო ჟურნალისტებს, მით უფრო ასეთი გაგრძელების შემდეგ:
„ზოგიერთი დინამოში იყო და არაფერი გაუკეთებია. რომ წავიდნენ, მერე გახდა ფიფია ცუდი და მერე გადმოაგდეს ენა. მათ შორის, ზოგიერთმა ჟურნალისტმაც. პირდაპირი ადამიანი ვარ და ყოველთვის ყველაფერს ვამბობ – ლანძღვა-გინება მაგრად შეგვიძლია“.
უკვე აღვნიშნეთ, რომ კრიტიკა ლანძღვა-გინება არ არის… როგორ ფიქრობთ, პირველი მატჩი ჟალგირისთან 3:0 რომ მოიგო დინამომ და მთელი ერი, მათ შორის ჟურნალისტებიც აღფრთოვანებული ვიყავით და მხოლოდ კარგს ვწერდით, მაშინ ვიყავით კარგები და ვილნიუსში 2:7 წაგების შემდეგ თუ ვაკრიტიკებდით, მაშინ გავხდით “ბოღმიანები, ჩასაფრებულები და გადმოვაგდეთ ენები”?
არა, ცუდები მაშინ ვიყავით, როდესაც 3:0 მოიგეთ და იმ მატჩში ხარვეზები არ დავინახეთ. დიახ, კი ვერ დავინახეთ, არამედ, არ დავინახეთ. თბილისურ მატჩზე დითირამბები რომ არ გვეძღვნა და მეორე ტაიმში დაშვებულ შეცდომებსა და ხარისხზე ცოტა მეტი რომ გველაპარაკა, იქნებ ვილნიუსური ამბავიც არ მომხდარიყო. აი, ზუსტად მაშინ ვიყავით ცუდები, როდესაც ამ თემაზე კრიტიკულად არ ვისაუბრეთ, „ენები არ გადმოვაგდეთ“ და კლავიატურიდან „ბოღმა არ ვანთხიეთ“.
ჩვენი ბრალია, რომ ჟალგირისმა ორივე მატჩის მეორე ტაიმში თქვენზე უკეთ ითამაშა, თუ უფრო იმის, რომ მეტოქის მწვრთნელმა პირველ ტაიმში გაშიფრა დინამოს ტაქტიკა, მონახაზი და სუსტი წერტილები?
არც ის არის ჩვენი ბრალი, რომ, თქვენივე თქმით, 40 წლის გიორგი ლორია პირველ მეკარედ არ მიგაჩნდათ, მაგრამ ჟალგირისთან მაინც კარში ჩააყენეთ და ამას მხოლოდ წაგებული თამაშის შემდეგ მიხვდით.
„ვილნიუსამდე ძალიან რთული შეხვედრა გვქონდა გურიასთან – ცუდ მინდორზე, ცუდ ამინდში, გზაში ექვსი საათი იქით და ამდენივე უკან, რამაც იმოქმედა ჩვენზე“.
ესეც თქვენი სიტყვებია. ჟურნალისტების ბრალია, რომ ცუდი ამინდი იყო და ტრანსპორტირებაში 12 საათი დაკარგეთ? იქნებ იმ კლუბის მენეჯმენტის ბრალია, ვისაც 200 მილიონამდე აქვს დახარჯული? დაეხარჯა კლუბს 1 000 ლარით მეტი, წასულიყო წინა დღით, გაჩერებულიყო სასტუმროში და არ გადაეღალა ფეხბურთელები. ესეც ჟურნალისტებს ხომ არ დაგვიშლია? თუ სტადიონების ხარისხზე არ ამოგვიღია ხმა?
„პირველ მატჩში იმდენი გულშემატკივარი რომ მოსულიყო სტადიონზე რამდენიც ჟალგირისს ჰყავდა, ექვს გოლს ალბათ ჩვენც გავიტანდით. ცუდია, რომ ასეთ მომენტს ელოდებიან ადამიანები, რომ მიწასთან გაგვასწორონ“.
იცით რამდენი ადამიანი იყო ვილნიუსში სტადიონზე? 4 722 მაყურებელი. და თბილისში? 4 728. ეს ოფიციალური მონაცემებია, ჩვენ არ მოგვიგონია. გეთანხმებით, რომ ევროპული ყაიდის მოწყობილ ქვეყნებში სხვანაირი და უკეთესი გულშემატკივრობა იციან, მაგრამ რაოდენობას ნურაფერს დავაბრალებთ.
და თუ სტადიონი ბოლომდე არ შეივსო, იქნებ იმის ბრალია, რომ ჩვენი ჩემპიონატის დონეა დაბალი? კი ბატონო, დაბალ დონეზე თქვენც აღნიშნეთ და ამ საკითხში ჩვენც მოგყვებით. თუმცა, რას აკეთებენ კლუბები ეროვნული ლიგის დონის ასამაღლებლად? ან იმ დახარჯული 200 მილიონით რამე ამაღლდა თუ ტყუილად წყალში გადაყრილია? თქვენ როგორ ფიქრობთ, დინამოს მენეჯმენტი და სტაფი სწორად მუშაობს და ის 200 მილიონი სწორად დაიხარჯა? თუ სწორად დაიხარჯა, ან დონე სად ჩანს, ან – შედეგი? არც ეს საკითხი გამოდის ჟურნალისტების ბრალი.
გეთანხმებით ტელევიზიების ამბავშიც. უნდა იყოს ყოველკვირეული გადაცემები, ქართული ფეხბურთის მეტი პოპულარიზაცია საჭიროა. თუმცა, უნდა იყოს საუბარი მტკივნეულ საკითხებზეც და არა მხოლოდ დითირამბები. კი ბატონო, გეთანხმებით, რომ ტელევიზია უნდა იყოს კლუბების შემოსავლის ძირითადი წყარო, მაგრამ ის ტელევიზიები ვისი გაფუჭებულია? იმის ნაცვლად, რომ მათგან შემოსავალი მიიღონ, სწორედ კლუბები უხდიან იქით ფულს, რომ მათი გუნდების თამაშები აჩვენონ. ამ საკითხზეც ბევრი „ბოღმა გვინთხევია“ კლავიატურით, მაგრამ მაინც ჩვენი ბრალი გამოდის და არა იმ ტელევიზიებს, რომელიც ხალხის ფულით და დამატებით თქვენივე კლუბის ფინანსებით იკვებება. ესეც ჟურნალისტების ბრალია თუ უფრო ტელევიზიების ხელმძღვანელების? გქონიათ ამ საკითხზე საუბარი საკუთარ კლუბში?
თქვენ ჟურნალისტებთან საუბარი და ურთიერთობა მაშინაც გიჭირდათ, როდესაც ნაკრების მწვრთნელი იყავით. ახლაც გიჭირთ. ჩვენი თხოვნა იქნება (უკეთესიც იქნება), იმეგობროთ ჟურნალისტებთან. და თუ ორივე მხარე პირდაპირ მთქმელები გამოვდივართ, იქნებ, ერთად უფრო მეტი კარგი საქმე გავაკეთოთ ქართული ფეხბურთისთვის…
იხილე მეტი
-
ნაკრები
/ 4 წამი ago18 წლამდე ნაკრები ინგლისისთვის დაირაზმა
გააზიარეთ7 აგვისტოს, საქართველოს 18 წლამდე ნაკრები, სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის პირველ მატჩს გამართავს. გიორგი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ქართული ფეხბურთი
/ 43 წუთი agoბატონო თემურ, გთხოვთ, იმეგობროთ ჟურნალისტებთან
გააზიარეთჩვენი წერილი გვინდა დავიწყოთ იმით, რომ ჟურნალისტს არასდროს უხარია კრიტიკული წერილების წერა. ეს იმიტომ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ტრანსფერები
/ 2 საათის agoდონკორი დილადან სკანდინავიაში წავიდა
გააზიარეთგანელი ფეხბურთელი ნანა კოფი დონკორი კარიერას შვედურ ,,აიკ სოლნაში ” გააგრძელებს. სკანდინავიურმა კლუბმა დონკორის...
ავტორი Giorgig