
საქართველოს ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალ ტურნირს – ერთა თასს 4 ივლისს მონტევიდეოში იწყებს, სადაც ჩვენი დროით 21:00 საათზე მასპინძელ ურუგვაის შეერკინება.
ბორჯღალოსნების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა, რომელსაც სადებიუტო თამაში სწორედ ურუგვაისთან ექნება, უკვე დაასახელა 23-კაციანი სათამაშო შემადგენლობა.
ვეტერანი ბორჯღალოსანი კოტე მიქაუტაძე, რომელსაც ეროვნული გუნდის კვართით 2023 წლის მსოფლიო თასის შემდეგ არ უთამაშია, ურუგვაისთან მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.
მიქაუტაძეს, რომელსაც 35 წელი 1 ივლისს შეუსრულდა, სანაკრებო დებიუტი 2010 წელს შოტლანდიის ა ნაკრებთან ჰქონდა. მარნეულის არმაზის აღზრდილ მეორეხაზელს, რომელიც 2009 წლიდან საფრანგეთში თამაშობს და ამჟამად ბრივის ღირსებას იცავს, ბორჯღალოსნების კვართით 88 მატჩი (3 ლელო) აქვს ჩატარებული. ბოლოს ნაკრების რიგებში 2023 წლის მსოფლიო თასზე უელსის წინააღმდეგ ითამაშა, ახლა კი გუნდს უბრუნდება.
მიქაუტაძე შერკინების მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს შეუწყვილდება. შერკინებაში თამაშს იწყებენ ბურჯები გიორგი ახალაძე და ალექსანდრე ქუნთელია, კვაჭი ნიკოლოზ სუთიძე და მესამეხაზელები – ბექა შვანგირაძე, ლუკა ივანიშვილი და თორნიკე ჯალაღონია.
ბრონკანის სასტარტო რაზმში ერთი დებიუტანტია. ფრთაზე თამაშს შავი ლომის მორაგბე რომა მახათაძე დაიწყებს, ხოლო მეორე ფრთა აკა ტაბუცაძე იქნება. სიახლეა დავით ნინიაშვილთან დაკავშირებით – უნივერსალ უკანახაზელს ამჯერად ცენტრში ვიხილავთ, სადაც გიორგი კვესელაძეს შეუწყვილდება. ნინიაშვილი მონტევიდეოში გუნდის კაპიტანიც იქნება. ფულბეკის პოზიციაზე ლუკა ცირეკიძე დადგება, ხოლო ღერძზე ვასილ ლობჟანიძე და ლუკა მატკავა შეწყვილდებიან.
ფრანგმა სპეციალისტმა მარქაფაში ექვსი მორკინალი და ორი ხაზის მოთამაშე გაამწესა. კვაჭის პოზიციაზე თამაშში ლუკა პეტრიაშვილი ჩაერთვება, ხოლო ბურჯებს ნიკა აბულაძე და ბაჩუკი ჭუმბაძე შეცვლიან; მარქაფაში ორი მეორეხაზელიც გვყავს – ლადო ჩაჩანიძე და გიორგი ჯავახია; მესამე ხაზში შეცვლიდან ილია სპანდერაშვილი შევა; ჰავბექის პოზიციაზე მარქაფაში მიხეილ ალანია, ხოლო ხაზში – თორნიკე კახოიძე.
ახალი ფორმატი
მსოფლიო რაგბის ერთა თასი ახალი ტურნირია, რომელიც ზაფხულისა და შემოდგომის ტესტ-მატჩებს ჩაანაცვლებს. ტურნირში 24 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ორ ჯგუფად არიან გაყოფილი. ერთა ჩემპიონატში მსოფლიოს 12 მოწინავე ნაკრები თამაშობს: სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, საფრანგეთი, ირლანდია, ავსტრალია, არგენტინა, ინგლისი, შოტლანდია, უელსი, იტალია, ფიჯი და იაპონია.
ერთა თასი მეორე დივიზიონს წარმოადგენს და 2027 წლის მსოფლიო თასზე კვალიფიცირებული 12 გუნდი ითამაშებს. ისინი რეგიონული პრინციპით ორ ექვსგუნდიან ჯგუფში არიან განაწილებული.
A ჯგუფი ამერიკასა და ოკეანეთს აერთიანებს: კანადა, ჩილე, სამოა, ტონდა, ურუგვაი, აშშ;
B ჯგუფი ევროპის, აზიისა და აფრიკის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა: საქართველო, ჰონკონგი, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, ზიმბაბვე.
თითოეული გუნდი მეორე ჯგუფის ყველა წარმომადგენელს წრიული სისტემით ხვდება. თამაშები ორივე სანაკრებო ფანჯარას მოიცავს – ივლისისა და ნოემბრის. მატჩებში მოპოვებული ქულები ერთიან სატურნირო ცხრილში აისახება და ნოემბრის ბოლოს, თითოეულ ჯგუფში საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი ერთა თასის პირველ, ისტორიულ ჩემპიონად გამოცხადდება.
ზაფხულის თამაშები სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში გაიმართება. საქართველო სამხრეთ ნახევარსფეროშია, სადაც, ურუგვაის შემდეგ, 11 ივლისს ჩილეში, ვინა დელ მარიში სამოას, ხოლო 18 ივლისს ასევე ჩილეში, სანტიაგოში მასპინძლებს შეერკინება. ჩილეში ორივე თამაში ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.
2030 წლიდან კი, დივიზიონებს შორის ასვლა-დაქვეითების თამაშები იგეგმება, რაც ერთა თასის მოწინავე გუნდებს, მომდევნო ოთხწლიან ციკლში 12 მოწინავეს შორის დამკვიდრების შესაძლებლობას მისცემს.
ჩვენ და ურუგვაი
ბორჯღალოსნებს ურუგვაის წინააღმდეგ აქამდე შვიდჯერ უთამაშიათ და დადებითი ბალანსი აქვთ – 5 მოგება 2 მარცხის წინააღმდეგ. ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია ჩვენთვის პირველ, 2003 წლის მსოფლიო თასიდან იღებს სათავეს. მაშინ სამხრეთ ამერიკელმა მეტოქემ მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება არ დაგვანება – 24:12; ერთი წლის შემდეგ ურუგვაის მონტევიდეოში ვეწვიეთ და ამ შემთხვევაშიც გამარჯვება მეტოქეს დარჩა.
მას შემდეგ ზედიზედ ხუთი თამაში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა: 2008 წელს მეტოქეს რუმინეთში, ბუქარესტის ერთა თასზე 20:18 ვძლიეთ; 2013 და 2015 წლებში სამხრეთელებს თბილისის თასზე ვუმასპინძლეთ და 27:3 და 19:10 მოვუგეთ; 2019 წლის მსოფლიო თასზე იაპონიაში 33:7 დავამარცხეთ; ურუგვაის ბოლოს 2022 წელს „დინამო არენაზე“ ვუმასპინძლეთ და 34:18 ვძლიეთ.
მოცემული მომენტისთვის მსოფლიო რაგბის რეიტინგში ურუგვაი 69,19 ქულით მე-15 პოზიციას იკავებს, საქართველო კი 71,94 ქულით მე-13 ადგილზეა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
ხაზი: ლუკა ცირეკიძე, აკაკი ტაბუცაძე, დავით ნინიაშვილი, გიორგი კვესელაძე, რომა მახათაძე, ლუკა მატკავა, ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: გიორგი ახალაძე, ნიკოლოზ სუთიძე, ალექსანდრე ქუნთელია, მიხეილ ბაბუნაშვილი, კოტე მიქაუტაძე, ბექა შვანგირაძე, ლუკა ივანიშვილი, თორნიკე ჯალაღონია;
მარქაფა: ლუკა პეტრიაშვილი, ნიკა აბულაძე, ბაჩუკი ჭუმბაძე, ლადო ჩაჩანიძე, გიორგი ჯავახია, ილია სპანდერაშვილი; მიხეილ ალანია, თორნიკე კახოიძე.
იხილე მეტი
-
ლეგიონერები
/ 2 საათის agoლუკა ლოჩოშვილი ბუნდესლიგაში ითამაშებს
გააზიარეთმიუხედავად იმისა, რომ ლუკა ლოჩოშვილის ნიურნბერგმა ბუნდესლიგაში გადასვლა ვერ მოახერხა, ჩვენებური მაინც გერმანიის მთავარ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 2 საათის agoსაქართველო უკრაინასთან უშანსოდ დამარცხდა
გააზიარეთ2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ჯგუფური რაუნდი ფინიშს უახლოვდება. ბოლო ფანჯრის ბოლოსწინა,...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 3 საათის agoბორჯღალოსნები ახალი ტურნირისთვის დაირაზმა
გააზიარეთსაქართველოს ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალ ტურნირს – ერთა თასს 4 ივლისს მონტევიდეოში იწყებს, სადაც...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი