გამოგვიწერეთ

ნაკრები

დემეტრე დევდარიანი: ინგლისს ცუდი თამაშით ვერ მოუგებ

გააზიარეთ

საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინტერვიუ საქართველოს 18 წლამდე ნაკრების კაპიტან დემეტრე დევდარიანთ.

შეგახსენებთ, „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის პირველ მატჩში ინგლისელი თანატოლები 35:31 დაამარცხეს. კაპიტანმაც სწორედ ამ მატჩზე და საერთოდ გუნდზე ისაუბრა.

დემეტრე დევდარიანი:

„სიტყვები არ მყოფნის, იმიტომ რომ ასეთი ემოციის გადმოცემა შეუძლებლად მიმაჩნია. ეს შენ თვითონ უნდა განიცადო. შეიძლება თამაშს უყურო და მოგება ძალიან გაგიხარდეს, მაგრამ შენ თვითონ რომ ხარ პროცესის მონაწილე სულ სხვა შეგრძნებაა. ამ დროს ადრენალინი პიკშია. არც კი წარმომიდგენია სხვა რამ შეიძლება გამოიწვიოს ასეთი გრძნობა. მართლა რთულია სიტყვების პოვნა, რადგან რისთვისაც ძალიან ბევრი ოფლი დავღვარეთ, ენერგია დავხარჯეთ და ტკივილი ავიტანეთ, დაგვიფასდა. ასეთი გრძნობა ცხოვრებაში პირველად მქონდა და იმედია, არა უკანასკნელად. გამარჯვება მთელმა გუნდმა ცეკვა-სიმღერით ავღნიშნეთ. იმდენად დაღლილი და გახარებული ვიყავი, სიმართლე გითხრათ ზუსტად არც კი მახსოვს რა ხდებოდა. სრული სიგიჟე იყო. მწვფრთნელებისა და მოთამაშეების სახეებიდან ულევი ბედნიერება მოდიოდა“.

დევდარიანს, რომელმაც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ინგლისში რამდენიმე თვე აქვს გატარებული თავიდანვე სჯეროდა, რომ მრისხანე მეტოქის დამარცხება სრულიად რეალური იყო და ამაში თანაგუნდელებსაც არწმუნებდა:

„ინგლისური რაგბი ჩემთვის ასე თუ ისე ნაცნობია და დაახლოებით ვიცოდი რას ითამაშებდნენ, როგორ სტილს შემოგვთავაზებდნენ. ვიცოდი რომ გამარჯვება რთული, მაგრამ შესაძლებელი იქნებოდა და ამას ბიჭებსაც ვეუბნებოდი – ისინიც ჩვენნაირი ბიჭები არიან, ჩვენზე მეტად თუ არა, ნაკლებად არ ნერვიულობენ და შეგვიძლია ამ თამაშის მოგება! ასე აგვიხდეს ყველაფერი. მჯეროდა, რომ ჩვენს გუნდს ყველაფრის მიღწევა შეეძლო. ალბათ, თავიდან ზოგიერთ ჩვენს მოთამაშეს გამარჯვების არ სჯეროდა, მაგრამ ახლა ყველამ ყველაფერი დაიჯერა და ვთვლი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია“.

აპრილში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ექვსი ერის ფესტივალზე ითამაშა და მართალია სამივე თამაში დათმო, მაგრამ სამივე შემთხვევაში ბრძოლა ბოლო წუთებამდე გრძელდებოდა და ქართველი მორაგბეების რწმენა სწორედ ამან გაამყარა:

„ექვსი ერის ფესტივალის შემდეგ უმეტესობამ დავიჯერეთ, რომ ამ გუნდებს არაფრით ჩამოვუვარდებით. ზუსტად ვიცოდით, რომ შემდეგ თამაშს მოვიგებდით. ძალიან დიდი თავდაჯერება მოგვცა იმან, რომ 18 წლამდე სამი ბიჭი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე იყო წასული და უდიდესი გამოცდილებით დაგვიბრუნდნენ. მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ამ გამარჯვებაში. სამწუხაროდ, გუნდის კაპიტანი დავით ბარამია გამოგვაკლდა, თორემ დარწმუნებული ვარ ჩვენი უპირატესობა კიდევ უფრო დიდი იქნებოდა“.

საქართველომ ინგლისთან მაღალი დონის შეხვედრა ჩაატარა. ზურაბ ამონაშვილის შეგირდები მეტოქეს ფაქტობრივად ყველა კომპონენტში აღემატებოდნენ – ბურთს და ტერიტორიას აკონტროლებდნენ, უნარიანად უტევდნენ ხელით და მოლით, ინგლისელები ხშირად ჯარიმდებოდნენ და რვაქულიანი ჩამორჩენის (პირველი ტაიმის ბოლოს და მეორეს დასაწყისში) შემდეგაც კი იგრძნობოდა, რომ გამარჯვება შეიძლებოდა.

„ინგლისის ნაკრებს ცუდი თამაშით ვერ მოუგებ. თითოეულ ჩვენთაგანს ძალიან კარგი თამაში გვქონდა. დიდი უპირატესობა გვქონდა ბურთის ფლობაში. იყო შეცდომებიც და ტექნიკური წუნიც, რომლის გამოსწორება ძალიან მარტივია. მჯერა ასეც იქნება და დარჩენილი ორი შეხვედრის მოგებაც შეგვიძლია. რვაქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად წამითაც არ გვიფიქრია, რომ უნდა დავნებებულიყავით. გარდამტეხი მომენტი იყო ეპიზოდი, როდესაც ინგლისი ჩვენს ხუთმეტრიანთან გვიტევდა და არეკნის დარტყმა გადაწყვიტეს. მანდ მივხვდით, რომ ისინი უფრო ნერვიულობდნენ და ეს თამაში აუცილებლად წამოსაღები იყო. მაგ დროს დავრწმუნდი, რომ ინგლისი გამტყდარი იყო და ეს ხელიდან გასაშვები შანსი არ იყო“.

ინგლისთან გადატანილი ბრძოლის მეორე დღე დასვენებას, აღდგენას და ვიდეო-ანალიზებს დაეთმო. საქართველო მომდევნო თამაშს 12 აგვისტოს მასპინძელი სამხრეთ აფრიკის (ა) წინააღმდეგ გამართავს.

„ასეთი დიდი გამარჯვების შემდეგ მომდევნო თამაშზე გადართვა ცოტა რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამ ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვას მოვახერხებთ. სერიის დაწყებამდეც ვთვლიდი, რომ სამივე თამაშის მოგება შეგვეძლო და ინგლისთან გამარჯვებამ ეს რწმენა კიდევ უფრო გაამყარა. ვიდეო-ანალიზებმა დაგვანახა ის დეტალები, რაშიც ძლიერები ვართ. ახლა მთავარია ის დეტალები და ტექნიკური წუნი გამოვასწოროთ, რაც ინგლისთან გვქონდა და გამარჯვება აუცილებლად ჩვენ დაგვრჩება“.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები