გამოგვიწერეთ

ინტერვიუ

დურსუნ ბერიძე: ვესტ ჯორჯიას მიზანი უმაღლეს ლიგაში თამაშია

გააზიარეთ

საფეხბურთო კლუბი „ვესტ ჯორჯია“ ქართულ ფეხბურთში ახალბედაა, თუმცა უკვე პირველი ნაბიჯებიდან დაამტკიცა, რომ ამბიციური გეგმებით და მტკიცე მონდომებით დიდ მიზნებს ისახავს. გუნდი, რომელიც სულ ერთი წლის წინ შეიქმნა, უკვე რეგიონული ლიგის „გ“ ჯგუფში ლიდერია და 50 ქულით ერთპიროვნულად პირველ ადგილზეა.

„ვესტ ჯორჯიას“ მთავარი მწვრთნელი 31 წლის ვაკო თევდორაძეა – ეს მისი სადებიუტო სეზონია სამწვრთნელო კარიერაში. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 18 თამაშიდან 16 მოიგო და მხოლოდ 2 ფრეზე დაკმაყოფილდა. ეს შედეგი პირდაპირ აძლევს კლუბს შანსს, მომავალ სეზონში მეოთხე ლიგაში იასპარეზოს. რეგიონულ ლიგაში სულ სამი ჯგუფია – „ა“, „ბ“ და „გ“. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ გადადის მეოთხე ლიგაში, ხოლო მეორე ადგილზე გასული გუნდი პლეიოფში იღებს მონაწილეობას.

თევდორაძე ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი ფიგურაა – ის მრავალი წლის განმავლობაში ბათუმის „დინამოს“ ერთ-ერთი საყრდენი იყო და კლუბის მაისურით 221 შეხვედრა ჩაატარა. კარიერის განმავლობაში ასევე იცავდა ქობულეთის „შუქურას“, „გონიოსა“ და ქედის „ბეთლემის“ ღირსებას.

გუნდს, როგორც ჩანს, სტაბილური საძირკველი უკვე უდევს – მას აქვს არა მხოლოდ წარმატებული პირველი გუნდი, არამედ ბავშვთა საფეხბურთო აკადემია, რომელიც რამდენიმე წელია ფუნქციონირებს და უკვე აღზრდილებსაც აწვდის.

კლუბის სულისჩამდგმელთან და დამფუძნებელთან, დურსუნ ბერიძესთან ამ ყველაფერზე, პირველ ნაბიჯებსა და მომავლის გეგმებზე ვისაუბრეთ.

– როდის დაარსდა „ვესტ ჯორჯია“ და ვინ იდგა კლუბის შექმნის იდეის უკან?

კლუბი სულ ერთი წლის წინ დავაფუძნეთ. იდეის უკან მე, დურსუნ ბერიძე, და ორი ჩემი ახლო მეგობარი ვიდექით – სულხან დავითაძე და ალეკო ბერიძე. ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ბათუმს ახალი საფეხბურთო კლუბი სჭირდებოდა. ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო ისეთი გუნდის შექმნა, რომელსაც საკუთარი აკადემია ექნებოდა და ქართულ ფეხბურთს ახალი თაობა მოამარაგებდა.

– რატომ გადაწყვიტეთ პროფესიულ ფეხბურთში შემოსვლა და აკადემიიდან პირველ გუნდამდე მისვლა?

ბავშვობაში თავად ვთამაშობდი ფეხბურთს – დაახლოებით 14 წლამდე. სამწუხაროდ, ტრავმის გამო მომიწია კარიერის შეწყვეტა, მაგრამ სიყვარული ფეხბურთის მიმართ არასდროს გამქრალა. ყოველთვის მინდოდა, რომ ჩემი კვალი დამეტოვებინა ამ სპორტში. ამიტომ პირველი ნაბიჯი აკადემიის შექმნა იყო.

დღეს აკადემიისთვის სამი სტადიონი გვაქვს, მეოთხესაც ვაშენებთ. აკადემია 2024 წელს დავაფუძნეთ, და მალევე დავინახეთ, რომ საჭირო იყო პროფესიული გუნდის შექმნაც. მთავარი მიზანი იყო, რომ ჩვენი აღზრდილები არ დაკარგულიყვნენ და გუნდის გარეშე არ დარჩენილიყვნენ. სწორედ ასე გაჩნდა ‘ვესტ ჯორჯია’.

– რატომ დაერქვა კლუბს „ვესტ ჯორჯია“ – რა მნიშვნელობა აქვს ამ სახელწოდებას?

სახელი პირდაპირ უკავშირდება ჩვენს რეგიონს – დასავლეთ საქართველოს. გვინდოდა, რომ ეს კლუბი აჭარისა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს საფეხბურთო სახე გამხდარიყო. სწორედ ამიტომ დავარქვით ‘ვესტ ჯორჯია’.

– კლუბს საკუთარი სტადიონი ან საწვრთნელი ბაზა უკვე აქვს თუ დროებით სხვას იყენებთ?

ჯერჯერობით დიდი სტადიონი არ გვაქვს, მაგრამ ესეც ჩვენს გეგმებში შედის. უკვე ვფიქრობთ იმაზე, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი არენა ავაშენოთ. რაც შეეხება დღევანდელობას – ვქირაობთ ინფრასტრუქტურას და იქ ვვარჯიშობთ და ვთამაშობთ. მაგალითად, დიდი თამაშები ლეონიძის ბაზაზე იმართება, რომელიც ჩვენი დროებითი ‘სახლია’.

– რამდენად ხელსაყრელი პირობებია ბათუმში ახალი კლუბისთვის?

ბათუმი დღეს სპორტული ქალაქია, რაც ჩვენთვის დიდი პლუსია. აჭარის ფეხბურთის ფედერაცია და ადგილობრივი ხელისუფლებაც გვერდში გვიდგას. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კერძო ძალებით და ჩვენი სახსრებით კეთდება, მხარდაჭერა ძალიან გვეხმარება. მთავარია მონდომება – და ჩვენ ეს გვაქვს.

– რამდენი ასაკობრივი გუნდი ჰყავს „ვესტ ჯორჯიას“ აკადემიას?

ამ ეტაპზე 10 ასაკობრივი ჯგუფი გვყავს. ბავშვები ყოველდღიურად ვარჯიშობენ, სისტემატურად ვათამაშებთ და გვინდა, რომ მათგან მომავალში ‘ვესტ ჯორჯიას’ ბირთვი ჩამოყალიბდეს.

– პირველ გუნდში უკვე არიან აკადემიის აღზრდილები?

გულწრფელად რომ გითხრათ, გუნდში ახლა შერჩეული არიან გამოცდილები ფეხბურთელები. თუმცა უკვე ორი 2010 წელს დაბადებული ბავშვი გადავიყვანეთ პირველ გუნდში. ისინი აკადემიიდან ამოვიდნენ და ვარჯიშობენ ძირითადთან ერთად. ერთ-ერთი მათგანი ოფიციალურ მატჩშიც გამოვიდა – ბსუ-სთან. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია – აკადემიის გზის გაგრძელება პირველ გუნდში.

– სადებიუტო სეზონში ასეთი წარმატება – ლიდერობა – მოსალოდნელი იყო?

თავიდანვე პირდაპირი ამოცანა დავისახეთ – გუნდი უნდა ყოფილიყო ისეთი, რომელსაც გადმოსვლის რეალური შანსი ექნებოდა. ამიტომ ამ შედეგს ველოდით. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ასეთი სტარტი მაინც სასიამოვნო სიურპრიზია. ჩვენი მიზანია ყოველ წელს ერთი საფეხურით მაღლა ავიდეთ და საბოლოოდ უმაღლეს ლიგაში ვითამაშოთ.

– რომელი მატჩი იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

პირველ რიგში, ჩვენი სადებიუტო მატჩი ‘ტორპედოს’ დუბლებთან. ის ლეონიძის ბაზაზე გაიმართა და ტრიბუნაზე 1500-მდე გულშემატკივარი გვყავდა. 3:2 მოვიგეთ და ეს დღე არასდროს დამავიწყდება.

მეორე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ბათუმის ‘დინამოს’ დუბლებთან. თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა და ამჯერად სტადიონზე 2000-მდე გულშემატკივარი მოვიდა. ეს იყო სიგნალი, რომ ხალხი გვენდობა და გვერდში გვიდგას.

– ვინ აფინანსებს კლუბს – კერძო ინვესტორები თუ სპონსორები?

ჯერჯერობით კონკრეტული სპონსორები არ გვყავს. ყველაფერს ჩვენ, ჩვენი რესურსებით ვაკეთებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ იმაზე, რომ მომავალში კლუბს სერიოზული პარტნიორები ჰყავდეს.

– ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა გაქვთ?

დიახ, მაქსიმალურად გვიჭერენ მხარს. მაგალითად, ლეონიძის ბაზაზე თამაშების ჩატარებაში გვეხმარებიან. აჭარის მთავრობა გვერდში გვიდგას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალი კლუბისთვის პირველი ნაბიჯები ყოველთვის ყველაზე რთულია.

– გულშემატკივრების დაინტერესება როგორია?

გულწრფელად რომ გითხრათ, ბევრად მეტი გულშემატკივარი გვყავს, ვიდრე რეგიონულ ლიგაში ვინმეს წარმოედგინა. ზოგ თამაშზე 2000-მდე ადამიანი მოდის. ეს უდიდესი მოტივაციაა როგორც ფეხბურთელებისთვის, ისე ჩვენთვის, როგორც ხელმძღვანელობისთვის. ჩვენ ბათუმის გუნდი ვართ და ადგილობრივი საზოგადოება ნამდვილად ჩვენს გვერდით დგას.

– ხუთ წელიწადში სად ხედავთ „ვესტ ჯორჯიას“?

მიზანი ძალიან ამბიციურია – უმაღლეს ლიგაში თამაში. ვიცი, რომ ეს დიდი სიტყვებია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ. გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებთ.

„ვესტ ჯორჯია“ არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთი ადამიანისა და მისი მეგობრების ინიციატივამ ქალაქს ახალი საფეხბურთო იმედი მისცეს. კლუბი, რომელმაც სულ რაღაც ერთ წელიწადში შეძლო რეგიონული ლიგის ლიდერად ქცევა, აშკარად უფრო დიდ მიზნებზეა ორიენტირებული. დურსუნ ბერიძის ამბიციები და გულშემატკივრების სიყვარული აძლიერებს იმ რწმენას, რომ „ვესტ ჯორჯია“ მომავალში ქართული ფეხბურთის მნიშვნელოვან ძალად იქცევა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ინტერვიუ