გამოგვიწერეთ

ნაკრები

ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრები ივნისის სანაკრებო პაუზის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 2 ივნისს რუმინეთს უმასპინძლებს, ხოლო 5 ივნისს ბაჰრეინის ნაკრებს დაუხვდება.

ეროვნული გუნდი თბილისში 25 მაისიდან შეიკრიბება. მთავარმა მწვრთნელმა მომავალი თამაშებისთვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის არის გურამ კაშია, ვისაც რუმინეთთან მატჩის შემდეგ გააცილებენ.

შეკრების დაწყებამდე ფრანგმა სპეციალისტმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა.

ირაკლი ეგოიანის დებიუტზე

„ნიდერლანდებში ძალიან სტაბილური სეზონი ჩაატარა. მას დიდი ხანია ვაკვირდებით, წლის დასაწყისში ვიცოდით, რომ ჩვენი გუნდის წევრი გახდებოდა და გვინდოდა მარტში გამოგვეძახებია, მაგრამ მაშინ გადავწყვიტეთ, რომ ახალგაზრდული ნაკრებისთვის დაგვეთმო. ეგოიანს შეუძლია თამაშის შეცვლა, გარდატეხის შეტანა, ინტენსიური და შემტევი ნახევარმცველია. ჩვენც სწორედ ასეთი ფეხბურთელები გვჭირდება. ადაპტაცია ექნება გასავლელი, მაგრამ სათამაშო დრო მიეცემა“.

ბაჰრეინთან სპარინგის შესახებ

„მსოფლიო ჩემპიონატის წინ მეტოქეების პოვნა ადვილი არ არის. კმაყოფილი ვარ იმ ორი თამაშით, რომელიც ფედერაციამ დანიშნა. რუმინეთი ძალიან კარგი გუნდია, მათთან თამაში რთული იქნება. ბაჰრეინი სხვა ტიპის გუნდია და ახალ ფეხბურთელებს შანსი სწორედ ამ მატჩში შეიძლება მიეცეთ, რათა გამოცდილება მიიღონ. ვფიქრობ, საინტერესო იქნება სხვადასხვა ტიპის გუნდებთან თამაში“.

დასრულებული სეზონის შემდეგ ფეხბურთელების ფორმაზე

„ახლა ფეხბურთელებისთვის რთული პერიოდია და სხვადასხვა სიტუაციაში არიან. ხვიჩა რამდენიმე დღით ადრე ჩემპიონთა ლიგის ფინალს ითამაშებს, ზურიკოს ლიგა 1-ის ფლეი ოფი უწევს, ხოლო ჩაკვეტაძემ და გოგლიჩიძემ სეზონი სამი კვირის წინ დაასრულეს. ვნახავთ, ფიზიკურად როგორ მდგომარეობაში იქნებიან ფეხბურთელები“.

გამოძახებულთა შორის მარჯვენა მცველის არყოფნაზე

„ცხადია, შესაძლებელია უფრო ფართო სიის შედგენა და ბევრი ფეხბურთელის გამოძახება, მაგრამ მთავარია, ისინი შესაბამის დონეზე იყვნენ. ვფიქრობ, გიზო მამაგეიშვილმა ამ პოზიციაზე ძალიან კარგად ითამაშა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ამ პოზიციაზე მომავალშიც დაგვეხმარება, სექტემბერში ოთარ კაკაბაძეც დაგვიბრუნდება. დაცვის ცენტრში ახალი ფეხბურთელები გვყავს – გოგლიჩიძე, გადრანი, ბერიაშვილი… შეუძლებელია, რომ ყველა ამხანაგური თამაშისთვის რადიკალურად შევცვალოთ შემადგენლობა. ფეხბურთელები იმის მიხედვით გამოვიძახე, რომ ჩვენს სისტემას მოერგონ. ძოწენიძემ სლოვაკეთში ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა. ახლა რომ არ გამოვიძახე, არ ნიშნავს, რომ არ ვაკვირდებით, პირიქით. თუ ასევე გააგრძელებს შრომას და განვითარებას, აუცილებლად გამოვიძახებთ. ამის მაგალითია ბერიაშვილი, რომელიც ნაკრებში 27 წლის ასაკში მოვიდა“.

გურამ კაშიას წასვლაზე

„კაშიაზე და მის დადებით თვისებებზე სასაუბროდ ძალიან დიდი ხანი დამჭირდება. ვაფასებ, როგორც ადამიანს, როგორც კაპიტანს. შესანიშნავი კარიერა ჰქონდა და გუნდთან ურთიერთობაში გამორჩეულია. ნაკრებს და ზოგადად ქართულ ფეხბურთს ძალიან დააკლდება. ადამიანს მაშინ ამჩნევ, როცა შენს გვერდით არ არის. რა დააკლდება გუნდს, ეს მომდევნო მატჩებში გამოჩნდება. იმედი მაქვს, რომ ქართულ ფეხბურთში დარჩება“.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ნაკრები