გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

ვილი სანიოლი: მადლობაც არ გითქვამთ

გააზიარეთ

ერთა ლიგის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შეკრებამდე ვილი სანიოლმა ტრადიციისამებრ პრესკონფერენცია გამართა.

პირველი შეკითხვა „ოქროს ბურთის“ უმთავრეს კანდიდატად მაიკლ ოლისეს დასახელებას შეეხო.

ვილი სანიოლი:

როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება, როგორც წესი, გამარჯვებული ხდება ის, ვინც ამ ტურნირზე საუკეთესოდ ითამაშებს. მაშინ, როდესაც ეს ინტერვიუ მივეცი, ეს იყო მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე. იმ დროს მიმაჩნდა, რომ ოლისე მუნდიალზე გამორჩეული იყო და მთავარი ფავორიტიც იქნებოდა. ვიცით, რომ საფრანგეთისვის ყველაფერი ცუდად დასრულდა და ოლისემაც გადამწყვეტი მატჩები ჩააგდო. შესაბამისად, დღეს ფავორიტად აღარ მიიჩნევა. დღეს სხვა ფეხბურთელები არიან ფავორიტები და კვარაც მათ შორის არის.

მიმაჩნია, ხვიჩა მბაპესა და კეინთან ერთად მთავარი ფავორიტია და, იმედია, გაიმარჯვებს. ექვსი წელია საქართველოს ნაკრებში ვარ, არაერთი გამოკითხვა ჩატარებულა და ყოველთვის, როდესაც ხმის მიცემის უფლება მქონდა, მაშინაც კი, როცა ხვიჩა არ იყო გამორჩეული, ხმას ვაძლევდი და არასოდეს მსმენია, რომ სწორად მოვიქეცი ან კარგი საქმე გავაკეთე. მადლობაც არ გითქვამთ, ახლა კი ერთი მომენტის ასე გაზვიადება და გაბუქება, არ არის სამართლიანი და ასეთი მიდგომა სწორი არ მიმაჩნია. ყველასთან გულწრფელი ვარ, დამისვეს კითხვა და ვეცადე, პატიოსნად გამეცა პასუხი.

ბევრი შეცდომა დამიშვია და მომავალშიც დავუშვებ, მაგრამ ვერავინ დამაბრალებს, რომ საქართველოს ნაკრებისთვის და თქვენი ქვეყნისთვის მაქსიმუმს არ ვაკეთებ. ვიმეორებ, მაშინ იყო სხვა კონტექსტი, სხვა სიტუაცია, მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობდა. მას შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა.

ერთა ლიგის ახალი ფორმატზე

ეს მომზადებასთან დაკავშირებით ბევრ რამეს შეცვლის. თუმცა, მსგავსი ცვლილებები, უფრო დიდ ნაკრებებს უწყობს ხელს, რომლებსაც ფეხბურთელების დიდი არჩევანი აქვთ, ხოლო შედარებით პატარა ქვეყნებს, როგორიც ჩვენი ნაკრებია, უფრო მეტი პრობლემა შეექმნება. არ გვაქვს იმის რესურსი, რომ ასეთ ინტენსიურ და მოკლე დროში ჩვენი წამყვანი ფეხბურთელები სრულფასოვნად ჩავანაცვლოთ. თუმცა, ახალ ფორმატს უნდა მოვერგოთ. მართალია, ვარჯიშისთვის უფრო ნაკლები დრო გვექნება, მაგრამ ვიმუშავებთ. ვეცდებით, ჩვენი რესურსი, რაც გვაქვს, მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

ტრავმირებულ ფეხბურთელებზე

სეზონის დასაწყისში ბევრ ფეხბურთელს სხვადასხვა სახის პრობლემა შეექმნა: ზოგს ტრავმა ჰქონდა, ზოგი ახლა დაბრუნდა და კლუბებში საკმარისი სათამაშო დრო არ აქვთ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს დიდ სირთულეს წარმოადგენს. მაგალითად, კიტეიშვილის შეცვლა ჩვენთვის ძალიან რთულია, ჩაკვეტაძესაც აკლია დრო, რაც საჭიროა უმაღლეს დონეზე სათამაშოდ. იმედია, ნაკრების მიმართ სიყვარულით ეს ყველა კომპენსირდება და ისინი მაინც ბოლომდე დაეხმარებიან გუნდს, ისევე, როგორც ყველა სხვა ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებშია გამოძახებული.

ოთარ მამაგეიშვილზე

„ის ადრეც იყო ნაკრებში გამოძახების კანდიდატი, როცა საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა, მაგრამ შემდეგ პორტუგალიაში პრობლემები შეექმნა, ვერ თამაშობდა. თუმცა, ახლა ავსტრიაში კარგად თამაშობს. რადგან ნიკა გაგნიძეს ტრავმა აქვს, გადავწყვიტეთ, რომ ოთო გამოგვეძახებინა. მის ძმასაც ვესაუბრეთ. იმედი მაქვს, რომ როცა ორივე გამოძახებულია ნაკრებში, მათი გარჩევა არ გამიჭირდება… ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის დიდი პატივი და დიდი მოტივაციაა ნაკრებში თამაში. დარწმუნებული ვარ, თუ ისე იშრომებს, როგორც მისი ძმა, ისიც შეძლებს ნაკრებში დამკვიდრებას.

ირაკლი ეგოიანზე

მან პოზიცია კი შეიცვალა, მაგრამ თამაშის ხარისხი – არა. პოზიტიურად ვუყურებ ამ ამბავს, უფრო უნივერსალური ფეხბურთელი გახდა და ნაკრებსაც მეტ სარგებელს მოუტანს. სტაბილურად ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს და ვფიქრობ, ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება.

აზაროვის ტრავმაზე

ამის შესახებ გუშინ გავიგეთ. დღეს განვიხილეთ სხვადასხვა ვარიანტი – ნარიმანიძის, შენგელიასა და გიორბელიძის დამატება, რომლებსაც ამ პოზიციაზე უთამაშიათ. თუმცა, აზარობს საბა ხარებაშვილი ჩაანაცვლებს.

ნაკრებში კაშიას ახალ როლზე

როცა გურამმა კარიერა დაასრულა, ვუთხარი, რომ ჩემი და ნაკრების კარი მისთვის ღია იქნებოდა. ახლა არ ვარ დარწმუნებული, მომავალში მას მოუნდება თუ არა ნაკრების მთავარი მწვრთნელობა, მაგრამ ჩემი მხრიდან, ყველანაირად დავეხმარები. გადავწყვიტეთ, ჩვენს სამწვრთნელო შტაბში იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში გამოცდილება არ აქვს. თუმცა, ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს და მისი გამოცდილება, ხასიათი, ძალიან წაადგება ჩვენს გუნდს.

გიორგი მაისურაძეზე

დიდი ხანია ვაკვირდებით. აქვს დიდი პოტენციალი და კარგი თვისებები. საკმაოდ რთული პერიოდი ჰქონდა, მხოლოდ ბოლო დროს დაიწყო სტაბილურად და კარგ დონეზე თამაში. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ დაკვირვებას. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში გამოვიძახოთ, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობ, სხვა ფეხბურთელები უფრო მზად არიან ნაკრებისთვის.

ერთა ლიგის ჯგუფზე

საბოლოო მიზანი ჯგუფის მოგებაა და A დივიზიონში გადასვლა გვინდა. მოგეხსენებათ, საქართველომ D დივიზიონიდან დაიწყო, შემდეგ აღზევდა და B დივიზიონამდე მოვედით. გასულ ერთა ლიგაზე ადგილი რომ შევინარჩუნეთ, გარკვეული წარმატება იყო, მაგრამ ახლა, გვინდა, მომდევნო ნაბიჯი გადავდგათ და A ლიგაში გადავიდეთ. თუმცა, უკრაინას, უნგრეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიასაც, დარწმუნებული ვარ, იგივე მიზანი აქვთ. საკმაოდ რთული ჯგუფია, ყველა გუნდი დაახლოებით ერთი დონისაა, მაგრამ მიზანია, რომ ჯგუფში გავიმარჯვოთ.

გიორგი კვერნაძეზე

კვერნაძის წარმატება არ მიკვირს და მიხარია, ადაპტაციის შემდეგ შთამბეჭდავი პროგრესი რომ აქვს. ფროზინონეს არ დაუმატებია ბევრი ძვირადღირებული ფეხბურთელი და იმ შემადგენლობით თამაშობს, რაც სერია B-ში ჰყავდა, რამაც გიორგის პროგრესს ხელი შეუწყო. ვეცდებით, მას მეტი სათამაშო დრო მივცეთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ტაქტიკიდან გამომდინარე, ყველას ვერ მიეცემა ერთად თამაშის საშუალება.

ტაქტიკაზე

ოთხივე თამაშის ერთნაირი ტაქტიკით და შემადგენლობით თამაშს არ ვაპირებთ, მაგრამ, რომელ თამაშში როგორ ვითამაშებთ, ამაზე ახლა ვერაფერს გიპასუხებთ.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები