გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ზღაპრული გამარჯვება – საქართველომ საბერძნეთს აჯობა

გააზიარეთ

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე საქართველო ნაკრებმა საბერძნეთს სტუმრად, უდრამატულეს, ოვერტაიმიან მატჩში 92:88 აჯობა და მსოფლიო ჩემპიონატზე მეორედ მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადადგა.

პირველი მეოთხედი მასპინძლების იყო, ბერძნები ანგარიშსაც აკონტროლებდნენ, ფარზეც მაგრად მუშაობდნენ და შეცდომებსაც ცოტას უშვებდნენ და 20:27 ჩამოვრჩით; მეორე მეოთხედის დასაწყისში ბერძნებს 10:2 გაქცევა მოვუწყვეთ და წინ გავედით. ამ პერიოდში დაცვაშიც ბევრად უკეთ გავისარჯეთ და დიდ შესვენებას უპირატესობით შევხვდით – 41:38.

მესამე მეოთხედში თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა. ბერძნები ბევრ შეცდომას უშვებდნენ, მაგრამ მის რეალიზებას ვერ ვახერხებდით. ამის ბრალი იყო მეოთხედი რომ წავაგეთ, მაგრამ ბოლო პერიოდის წინ ორ ქულას მაინც ვიგებდით – 61:59.

ბოლო მეოთედში წინ ექვსი ქულითაც გავედით, მაგრამ ოთხწუთნახევრით ადრე მასპინძლებმა გაგვითანაბრეს – 65:65. ფრე იყო ორწუთნახევრით ადრე, როდესაც თორნიკე შენგელია საჯარიმო ხაზზე დადგა და ორივე ჩააგდო; ბერძნებმა ბურთი შემოიტანეს, მაგრამ მარკიზ რიდმა იქვე მოპარა და წინ ოთხი ქულით ვართ – 72:68. ასეთი სხვაობა იყო წუთნახევრით ადრეც…

45 წამით ადრე ორ ქულას ვიგებთ და ბურთი ჩვენია. რიდი შეტევას აფუჭებს, მაგრამ 21 წამით ადრე ბურთი ისევ ჩვენ გვრჩება. მოგება უნდა დაგვრჩეს, მაგრამ… დუდა სანაძემ პირით ხაზიდან ბურთი ვერ შემოიტანა და 12 წამით ადრე დორსი საჯარიმო ხაზზე დგება. ბერძენი ერთ აგდებს, მეორეს აფუჭებს, გიორგი კორსანტია ხსნის და მასპინძლები ტაქტიკურ ჯარიმას იღებენ. კორსანტიამ ერთი ჩააგდო – 75:73 და 10 წამით ადრე ბურთი ბერძნების არის. 1.2 წამით ადრე დორსი სამქულიანის ჩაგდებას ცდილობს, მაგრამ რატი ანდრონიკაშვილი ჯარიმას იღებს. ბერძენი სამიდან ორს აგდებს და ათანაბრებს. სანაძე სირენასთან ერთად ისვრის და ოვერტაიმი…

დამატებით დროში ბერძნები 30 წამში ოთხ ქულას გვიგდებენ; სანაძე და რიდი ისევ ათანაბრებს. დარჩენილია სამი წუთი. გავიდა წუთი და ბერძნები უკვე ხუთ ქულას იგებენ, ხოლო წუთნახევრით ადრე შვიდ ქულას. ასეთი სხვაობაა 48 წამით ადრე და თითქოს მატჩის ბედიც აქ გადაწყდა, მაგრამ 28 წამით ადრე სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა. თუმცა, ბურთი ბერძნების არის, მაგრამ აფუჭებენ და რიდზე ჯარიმდებიან. 15 წამია დარჩენილი: რიდი ერთ აგდებს, მაგრამ მეორე სროლისას შენგელიაზე ჯარიმდებიან, ამასთან არასპორტულად. თოკოს გუნდი წინ გაჰყავს და ბურთი ჩვენია. ბერძენთა ტაქტიკური ჯარიმა რიდზე. ჩვენი ლეგიონერი ისევ ერთს აგდებს და სხვაობა ორი ქულაა, მაგრამ მარკიზმა იქვე ბურთი მოპარა მეტოქეს, ისევ ჯარიმა შენგელიაზე. თოკო ორივეს აგდებს. შვიდი წამით ადრე წინ ოთხი ქულით ვართ. ეს უკვე გამარჯვებაა…

საქართველოს ნაკრების რიგებში ყველაზე შედეგიანი რიდი იყო, რომელმაც 30 ქულა ჩააგდო; შენგელიამ 25 ქულას 11 მოხსნა და 5 პასი წაამატა; სანაძემ 13 ქულა მიითვალა; ხოლო კორსანტიას ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა – 8 ქულა, 11 მოხსნა.

დღესვე ესპანეთმა სტუმრად 93:62 მოუგო მონტენეგროს, ხოლო პორტუგალიამ შინ უკრაინას აჯობა –  95:90. ახლა სატურნირო ცხრილში ასეთი მდგომარეობაა: უკრაინა, ესპანეთი და საქართველო 15-15 ქულა; პორტუგალია – 14; საბერძნეთი და მონტენეგრო – 13-13.

მომდევნო ტურში, 29 ნოემბერს, საქართველო პორტუგალიას უმასპინძლებს, უკრაინა მონტენეგროს დაუხვდება, ხოლო ესპანეთი – საბერძნეთს.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად კალათბურთი