
თბილისის დინამომ გუნდის მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაია წარადგინა. 58 წლის ქართველი სპეციალისტი ჟურნალისტებს დინამო არენაზე შეხვდა და საკმაოდ ვრცლად ისაუბრა.
ქეცბაიასთან ერთად პრესკონფერენციაზე დინამო თბილისის დირექტორი, ზაზა დოლიძე იმყოფებოდა..
ზაზა დოლიძე:
„მადლობა ვლადიმერ კაკაშვილს, რომელიც ჩვენი სტრუქტურის ნაწილია და ამ პირობებში მაქსიმუმი გააკეთა, რის შემდეგაც შევთანხმდით, რომ ახალი ეტაპის დრო დადგა. მთავარი მწვრთნელის პოსტზე საუკეთესო კანდიდატი შევარჩიეთ. მადლობა თემურს, რადგან ამ გამოწვევას დათანხმდა. მას ექნება სრული მხარდაჭერა იმ დიდების დასაბრუნებლად, რომელსაც ქართველი ფეხბურთის გუშლემატკივარი დინამოსგან ელოდება“.
თემურ ქეცბაია:
„დიდი მადლობა ნდობისთვის. ბედნიერი ვარ იმით, რომ იმ გუნდში ვარ, რომელშიც ფეხბურთი ვითამაშე. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, დინამო თბილისი საქართველოში ნომერ პირველი გუნდია. კი, ახლა პრობლემებია, მაგრამ მოვედი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოვასწორო. დინამო ყოველთვის იყო და იქნება ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელის ოცნება. ამ გუნდს ყველა პირობა აქვს, რომ ტიტულებისთვის იბრძოლოს. სამწუხაროდ, ყველაფერი სწრაფად ვერ მოხდება. ამისთვის დრო და პროცესია საჭირო, ვფიქრობ, გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად ახალგაზრდებს განვითარებისთვის კარგი შანსი ექნებათ.
დიდი პატივია ჩემთვის დინამო თბილისის მწვრთნელობა. ეს ჩემი გუნდია, მე აქ გავიზარდე როგორც ფეხბურთელი და ახლა მაქვს შანსი, რომ დავბრუნდე, როგორც მწვრთნელი…
სამწუხაროა, რომ ამ დროის მანძილზე ვერცერთმა ქართულმა კლუბმა ევროთასებზე თამაში ვერ მოახერხა. ამაზე ბევრი უნდა ვიფიქროთ და მის მისაღწევად ბევრი შრომაა საჭირო…
არავის მოსწონს დინამოს ახლანდელი მდგომარეობა. გვსურს, ეს სიტუაცია გამოვასწოროთ. საჭიროა გუნდი გაძლიერდეს გამოცდილი ფეხბურთელებით, რომელებიც ახალგაზრდებს შედეგის მიღწევაში დაეხმარებიან. გუნდის გაძლიერებაზე მფლობელისგან სრული მხარდაჭერა გვაქვს. სამწუხაროა, რომ დინამო მშობლიურ სტადიონზე ცარიელი ტრიუბუნების წინ თამაშობს. გვსურს, რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი მივიყვანოთ სტადიონზე…
გვჭირდება ისეთი ფეხბურთელები, ვინც გუნდს მომენტალურად დაეხმარებიან. ტრანსფერებამდე თვეზე მეტია დარჩენილი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამოცდილი მოთამაშეები დავიმატოთ…
დინამო ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, რომელსაც თასების თასი აქვს მოგებული და უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მსურს გუნდს დიდება დავუბრუნო, ეს სასაუბროდ ადვილია, მაგრამ შესრულება ძალიან რთულია. გუნდი ახლა არ არის იმ მდგომარეობაში, რომელიც გულშემატკივარს სურს. პრეზიდენტთან კარგი კომუნიკაცია მაქვს, ვიცით, რა გვჭირდება, მაგრამ უნდა მოვიცადოთ და სატრასნფერო ფანჯრის გახსნამდე დიდი სამუშაო გველის…
ჩემს დანიშვნაზე საუბარი დღეს არ დაწყებულა. დინამოს წარმომადგენლები კვიპროსში იყვნენ ჩამოსულები და მაშინ რომან ფიფიამ საიუბილეო მაისური გადმომცა. ეს მაშინ, დინამო რომ 100 წლის გახდა. სწორედ, ამ შეხვედრის დროს შედგა პირველი საუბარი, მაგრამ მაშინ პრეზიდენტი არ იყო მზად იმის შესასრულებლად, რასაც მე ვითხოვ. შემდეგ განახლდა საუბარი. ამ სამი წლის განმავლობაში მზარდი გუნდი უნდა ავაშენოთ, გუნდი, რომელიც გულშემატკივარს გაახარებს.
მინდა, ყველა პროცესში ვიყო ჩართული, თუნდაც ტრანსფერებში, რადგან ყველა ფეხბურთელი ჩემი თანხმობით მოვიდეს გუნდში. ვენდობი ჩემს გუნდს, ჩემს სტაფს და მსურს ისეთი ფეხბურთელები მოვდინენ, ვისაც ვიცნობ და ვენდობი. ახლა მთავარია დინამოს დავეხმაროთ გაძლიერებაში, ძველი დიდების დაბრუნებაში…
როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო, ყველას ეგონა, რომ საუკეთესოები ვიქნებოდით. 30 წელზე მეტია, რაც ევროთასებზე გადიან გუნდები და ჩვენ მხოლოდ ერთხელ გავედით. ჩემპიონატი არ არის იმ დონის, როგორიც გვსურს. როდესაც ქართველ ფეხბურთელს შანსი უჩნდება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს, დაუფიქრებლად მიდიან. ეს სათამაშო დონის და ფინანსების ბრალია. ხანდახან ისინი არ მიდიან ძლიერ გუნდებში, მაგრამ უფრო დაბალი დონის გუნდებსაც კი უკეთესი პირობების შეთავაზება შეუძლიათ. გვჭირდება ეროვნული ლიგა გახდეს უფრო უკეთესი, რაც გუნდებისთვისაც კარგია და საქართველოს ნაკრებისთვისაც. 25 ფეხბურთელიდან, როგორც წესი, ნაკრებში არავინ არ არის ეროვნული ლიგიდან და ეს უნდა გამოსწორდეს…
ძალიან რთულია, როცა ტრანსლაციებიდან და გაყიდული ბილეთებიდან კლუბში თანხა არ შემოდის. თბილისში ეს დიდი პრობლემაა. რეგიონებში ხალხი დადის, თბილისში – არა. ძალიან რთულია ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაში. გულშემატკივარი აუცილებელია. კი, ყველას სურს კარგი ფეხბურთი ნახოს, მაგრამ ჯერ უნდა მოვიდნენ ტრიბუნებზე და მერე გამოთქვან პრეტენზია. სახლიდან კრიტიკა მარტივია. სხვა ქვეყნებში ჩვენზე დაბალი დონე მინახავს, მაგრამ ტრიბუნები სავსეა. კი, სულ ვამბობთ ამას დროს სჭირდება და უკვე 30 წელი გავიდა, მაგრამ უნდა ვიმოქმედოთ…
დინამოში პირველად რომ მივედი, სხვა რეალობაში ვცხოვრობდით. მაშინ ყველა, ვინც საქართველოში ფეხბურთის თამაშს აპირებდა, აქ იყრიდა თავს. მაშინ საქართველოს ნაკრების როლი დინამო თბილისს ჰქონდა. 19 წლის ბიჭისთვის ეს ოცნების ახდენა იყო. ამ გუნდში გავიზარდე. არ არის ადვილი უარი თქვა დინამო თბილისში დაბრუნებაზე. მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ საუბრის შემდეგ სურვილი კიდევ უფრო გაიზარდა.
რომან ფიფიასგან მაქვს თანხმობა და ყველაფერს გააკეთებს სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის გასაძლიერებლად. ეს გუნდი საქართველოში პირველია, ეს უდიდესი გუნდია არამარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც. ჩვენ თასების მფლობელთა თასი გვაქვს მოგებული, ეს ყველა გუნდს არ შეეძლო. ამ სეზონზე სრულად პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, რადგან გუნდი ჩემი დაკომპლექტებული არ არის. მინდა ვლადიმერ კაკაშვილს მადლობა გადავუხადო, რადგან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი დააწინაურა. თუმცა, ამ სეზონში არ დავნებებულვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კარგ შედეგს მივაღწიოთ…
თორნიკე კვარაცხელიას დაწინაურება ნაადრევი არ არის. გვქონდა ამის შესახებ საუბარი. მხოლოდ ორი დღეა, რაც გუნდში მოვედი. გვექნება ამაზე ფიქრისთვის დრო, ჩემთვის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. 16-17 წლის ფეხბურთელი შეიძლება მზად იყოს ძირითად გუნდში დასაწინაურებლად. გვაქვს ჩვენ მაგალითები – იგივე ვახტანგ სალია, რომელიც ძლიერ გუნდში წავიდა. ახალგაზრდების მიმართ დაინტერესება ძალიან დიდია, როგორც ჩვენი მხრიდან, ისე უცხური კლუბებისგან…
ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვყავს განთხოვრებული და მათაც უნდა გადავხედოთ. არ აქვს მნიშვნელობა, უცხოელი იქნება თუ ქართველი. თუ ჩავთვლით, რომ გამოვადგებიან, მათ დამატებაზე ვიზრუნებთ. გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია და ახლა გუნდს სწორედ ეს უნდა შევძინოთ…
მომეცა შანსი, ამ გუნდისთვის რაღაც ღირებული გავაკეთო. თუ აღმოვაჩინე, რომ გუნდს ვერ ვეხამრები, წავალ. თუმცა, აქ საქმის გასაკეთებლად მოვედი. ამის პირობა დავდეთ და ამ ყველაფრისთვის დროა საჭირო“.
შეგახსენებთ, ქეცბაიას სამწვრთნელო კარიერა 2004 წელს ანორთოსისში დაიწყო, მას შემდეგ კი იყო ოლიმპიაკოსი, საქართველოს ნაკრები, კვიპროსული აპოელი, ათენის აეკი, ორენბურგი, კვიპროსის ნაკრები და ბოლოს ისევ ანორთოსისი.
იხილე მეტი
-
საქართველოს ჩემპიონატი
/ 1 საათის agoთემურ ქეცბაია: დინამოში დიდების დასაბრუნელად მოვედი
გააზიარეთთბილისის დინამომ გუნდის მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაია წარადგინა. 58 წლის ქართველი სპეციალისტი ჟურნალისტებს დინამო...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 6 საათის agoleparisien: განსხვავებული ბიჭი საქართველოდან
გააზიარეთრაგბის გულშემატკივრების საქართველო ყოველთვის აოცებდა. როგორ შეეძლო ამ პატარა ქვეყანას, რომლის მოსახლეობაც ძლივს ოთხი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 23 საათის ago20-წლამდელები სამხრეთ აფრიკულ ტურნეში ითამაშებენ
გააზიარეთსაქართველოს 20 წლამდე ნაკრები მაისის მეორე ნახევარში სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო სერიის ფარგლებში...
ავტორი აფთონ სიხარულიძე