გამოგვიწერეთ

Uncategorized

იბერიას დიდი ანგარიშით მარცხი პოლონეთში

გააზიარეთ

ევროპა ლიგის ფლეი-ოფის პირველ მატჩში თბილისის იბერია 1999 პოლონეთში იაგელონიასთან დიდი ანგარიშით, 0:4 დამარცხდა და განმეორებითი შეხვედრის წინ უშანსოდ დარჩა.

არადა, იბერიამ თამაში ცოცხლად დაიწყო. პირველი სახიფათო მომენტიც თბილისელებმა შექმნეს – დადიანის დარტყმის შემდეგ ბურთი იაგელონიას კარს აცდა; მეშვიდე წუთზე ზვიად ნაჭყებია საჯარიმოში შევიდა. გზად ორ ფეხბურთელს გაცდა და კარში დაარტყა, მეკარე აბრამოვიჩმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

21-ე წუთზე გიორგი მაკარიძე საქმეში სერიოზულად პირველად ჩაერთო. თბილისელთა მეკარემ ერთიერთზე დარჩენილი ხესუს იმაზის დარტყმა მოიგერია; რამდენიმე წუთში მაკარიძემ ჯერემი აგბონიფოს დარტყმულიც  მოიგერია, რის შემდეგაც  ბურთი სლოვენიელ ნიკ პრელეცმა მიიღო, მაგრამ შანსი ვერც მან გამოიყენა.

33-ე წუთზე იბერიას კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა. თამაშის წესების დარღვევა ალ ჰასანზე დაფიქსირდა. 11-მეტრიანის ნიშნულთან ესპანელი ხესუს იმაზი მივიდა. მისი დარტყმა გიორგი მაკარიძემ კი მოიგერია, მაგრამ მსაჯებმა იბერიას ფეხბურთელები საჯარიმოში ადრე შესვლაში დაადანაშაულეს და იმაზს პენალტის მეორედ შესრულების უფლება მისცეს. ამჯერად ესპანელი ფეხბურთელი უნაკლო იყო და იაგელონია დაწინაურდა – 1:0.

პირველი ტაიმისთვის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში იაგელონია წინ ორბურთიანი უპირატესობით გავიდა. ნიგერიული ფესვების მქონე 20 წლის შვედმა ჯერემი აგბონიფომ საჯარიმოში იბერიას მცველები და საკუთარი თანაგუნდელიც ჩამოიცილა, ბოლოს კი ბურთი მაკარიძის კარში გაახვია.

51-ე წუთზე იბერიამ გოლი გაიტანა. სიხარულაშვილის პასით ზვიად ნაჭყებიამ შეაგდო. ქართველებს ესპანელმა მსაჯმა სიხარული არ გვაცალა და გოლი VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გააუქმა. დადიანმა იმ შეტევაში, რომელსაც გოლი მოყვა მეტოქე გუნდის ფეხბურთელი წააქცია.

62-ე წუთზე ნიგერიელმა იბრაჰიმ ალ ჰასანმა გილერმო მონტოიას ჯარიმიდან ჩაწოდებული ბურთი თავური დარტყმით საკუთარ კარში გადაგზავნა.

მესამე გაშვებული გოლი ქართული გუნდისთვის მტკივნეული გამოდგა. იბერიამ სიტუაცია ვეღარ გამოასწორა და მატჩის მიწურულს მეოთხე გოლიც გაუშვა. იქამდე ბოლო წუთებზე სიხარულაშვილის გასროლის შემდეგ ბურთმა იაგელონიას კარს მცირე მანძილით ჩაუქროლა.

საბოლოოდ, იაგელონიამ საქართველოს ჩემპიონი 4:0 გაანადგურა და, დიდი ალბათობით, ევროპა ლიგაზე თამაში გაინაღდა.

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა თბილისში 27 აგვისტოს გაიმართება.

იაგელონია (პოლონეთი)-იბერია 1999 (საქართველო) 4:0

ბიელოსტოკი. chorten arena

1:0 იმაზი (34პ); 2:0 აგბონიფო (45); 3:0 ალ ჰასანი (62სკ); 4:0 ლოზანო (90)

იაგელონია: აბრამოვიჩი, ვოიტუშეკი, ვიტალი, კობაიაში, მონტოია, იმაზი (ლოზანო 70), რომანჩუკი, კლინგე, აგბონიფო (სოვი 59), შმიტი (კონსეისაო 80), პრელეცი (სილა 80)

იბერია 1999: მაკარიძე, ჯინჯოლავა, სელიმოვიჩი, ამისულაშვილი (ბოჭორიშვილი 80), ქობულაძე (ფიგუერედო 80), დადიანი (კულიევი 80), ალ ჰასანი (კუცია 66), ქარდავა, ენდე (ძაგანია 70), ნაჭყებია, სიხარულაშვილი

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად Uncategorized