
ევროპის XVIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეოთხე საშეჯიბრო დღე დასრულდა. საქართველოს აქტივში უკვე ოთხი მედალია. სკოპიე 2025-ის მონაწილე 50 გუნდს შორის ეს მეოცე შედეგია, თუმცა იმის გამო, რომ ამ ოთხი მედლიდან ერთიც არ არის ოქროსი, საქართველო ყველაზე წარმატებული გუნდების ჩამონათვალში 31-ე ადგილზეა. სიას კი ბოლო ორი ფესტივალის გამარჯვებული იტალია ლიდერობს, რომელმაც უკვე 23 მედალს მოუყარა თავი, საიდანაც თითქმის ნახევარი – ათი, ოქროა.
სკოპიე 2025-ის უმაღლეს ჯილდოს დღეს ძიუდოისტი ვასილ გამეზარდაშვილი მიუახლოვდა. 73კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა მერვედფინალიდან დაიწყო ფინალისკენ სვლა და ზედიზედ სძლია კვიპროსელ პანაგიოტის კაგაცისს, ნიდერლანდელ როვერ კეასბერის და აზერბაიჯანელ მაჰამად აღაკიშიევს. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში გამეზარდაშვილის მეტოქე სერბი ველიკო ვარნიჩიჩი იყო. მეტოქეებმა არაფერი დაუთმეს ერთმანეთს, ფინალის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე კი მეტოქემ იყოჩაღა, ქართველის მოდუნებით ისარგებლა და ოქროს მედლის მომტანი ქულა მოიპოვა.
გამეზარდაშვილმა წელს უკვე მეოთხე მედალი მოიგო საერთაშორისო სარბიელზე – თებერვალში სამორინში გათამაშებულ კადეტთა ევროპის თასზე მეორე ადგილი დაიკავა; აპრილში, სლოვაკეთის ტეპლიცეში ევროპის თასის გათამაშებაში გაიმარჯვა; ივნისში კი მესამე იყო ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე, რომელსაც ასევე სკოპიემ უმასპინძლა და რომელიც… ველიკო ვარნიჩიჩმა მოიგო.
გამეზარდაშვილის მსგავსად, ფესტივალის ოქროს მედლის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ითვლებოდა ჩვენი გუნდის მედროშე გიორგი მუმლაძე (81კგ), რომელიც ერთი თვის წინ ამავე დარბაზში ევროპის ჩემპიონი გახდა 18-წლამდელებში.
მუმლაძემაც მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც აზერბაიჯანელ ამინ მეჰდიევს სძლია. შემდეგ შვეიცარიელი სულეიმან რიხნერი ჩამოიშორა გზიდან, ნახევარფინალში კი უკრაინელ მიხაილო სოლიანუკს დაეჭიდა. მათი ორთაბრძოლა ათ წუთზე დიდხანს გაგრძელდა! თუ არ ვცდები, ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი შეხვედრა ძიუდოისტთა ტურნირზე. სამწუხარო კი ისაა, რომ ფინალის საგზური მეტოქეს დარჩა – დაღლილ-დაქანცულმა სოლიანუკმა მარტივი ილეთით აჯობა ჩვენი გუნდის ლიდერს. გადამწყვეტი შეხვედრა უკრაინელმა დათმო, გიორგიმ კი იოლად მოიგო ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა, სლოვენიელ ალექს კრივეცს მოხდენილი ილეთით აჯობა. გამეზარდაშვილის არ იყოს, სკოპიე 2025-ის ბრინჯაო მუმლაძისთვისაც მეოთხე მედალია 2025 წელს გამართულ საერთაშორისო ასპარეზობებში.
დღეს კიდევ ერთი ქართველი ვიხილეთ, ნანა გულბიანი, თუმცა ის 63კგ წონითი კატეგორიის ტურნირს პირველივე შეხვედრაში გამოეთიშა, სლოვენიელმა პაულინა სელანმა აჯობა.
ძიუდოისტები ხვალ დაასრულებენ პირად პირველობებს. 25 ივლისს ერთბაშად ოთხი ქართველი იჭიდავებს: ნინი ძაგანია (70კგ), ბარბარე გელაშვილი (+70კგ), გიორგი ზურაბიშვილი (90კგ) და იოანე აბალაკი (+90კგ), 26 ივლისს კი შერეულ გუნდებს შორის გათამაშდება მედლები.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური გუნდიდან დღეს ყველაზე ადრე მძლეოსანმა მათე მეჯიდოვმა იასპარეზა. ტოდორ პროესკის სახელობის ეროვნული სტადიონი მძლეოსანთა შეჯიბრებებს მასპინძლობს და მათეც სამმხტომელთა შორის ვიხილეთ. მისი საუკეთესო შედეგი 13 მეტრი იყო, რაც მედლისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
სამი ქართველი ვიხილეთ ტაეკვონდოს ტურნირში. ვაჟთა შორის 55კგ წონით კატეგორიაში თეიმურაზ უკლებამ პირველი წრის შეხვედრა შვედ კევინ იოჰანსონთან 2:0 მოიგო, მერვედფინალში კი ამავე ანგარიშით დამარცხდა ესპანელ ხაირო აგენხოსთან. 63კგ წონაში საბა ბეგიაშვილმა იბრძოლა. პირველ მეტოქეს მანაც სძლია, 2:1 აჯობა ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენელ ემირ დემიჩს, შემდეგ კი სომეხ სტიოპა იერემიანთან მოეცარა ხელი, 0:2. რაც შეეხება ანასტასია გურეშიძეს (55კგ), მან პირველივე ორთაბრძოლა დათმო – 0:2 ხორვატ ოზანა რადიჩთან.
ველომრბოლებმა სკოპიე 2025 დღეს დაასრულეს კუმანოვოში საგზატკეცილო რბოლით. იუგოსლავიის მოედანზე მოწყობილ სტარტზე 99 სპორტსმენი გავიდა. ქართველების შედეგი ასეთია: ლუკა მაზმიშვილი – 50-ე ადგილი, მათე ფირანიშვილი – 66-ე, ზურა კილაძე – 68-ე.
წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
იხილე მეტი
-
საქართველოს ჩემპიონატი
/ 21 საათის agoდინამო ლიდერს მიუახლოვდა, მეშახტე – გავარდნას
გააზიარეთკრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მესამე წრის ბოლო ტური დაიწყო. ორი მატჩი გაიმართა – ერთი ფრედ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
სანაკრებო ტურნირები
/ 2 დღის agoვილი სანიოლი: მადლობაც არ გითქვამთ
გააზიარეთერთა ლიგის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შეკრებამდე ვილი სანიოლმა ტრადიციისამებრ პრესკონფერენცია გამართა. პირველი შეკითხვა „ოქროს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
სანაკრებო ტურნირები
/ 3 დღის agoსაქართველო ერთა ლიგისთვის 27 ფეხბურთელით ემზადება
გააზიარეთსაქართველოს ნაკრები UEFA-ს ერთა ლიგის 2026-27 წლების გათამაშებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი მოახლოებული...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი