გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

“ასეთი ტრადიციული კლუბის დაკარგვა არ შეიძლება” – კაშია ვიტესის კრიზისზე

გააზიარეთ

ნიდერლანდების საფეხბურთო ასოციაციამ (KNVB) ოფიციალურად ჩამოართვა პროფესიონალური ლიცენზია არნემის ვიტესს. მიზეზად კლუბის მნიშვნელოვანი ფინანსური ვალდებულებები და გაუმჭვირვალე ფინანსური სისტემა დასახელდა.

ამ სერიოზული გადაწყვეტილების შემდეგ, გავლენიან ნიდერლანდურ გამოცემა Voetbal International-თან კომენტარი გააკეთა ვიტესის ერთ-ერთმა ლეგენდამ და საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ, რომელმაც ღიად გამოხატა თავისი გაბრაზება და გულდაწყვეტა:

“ვნერვიულობდი და ახლა გაბრაზებული ვარ! გაბრაზებული ვარ იმ ადამიანებზე, რომლებმაც შეცდომები დაუშვეს. გაბრაზებული ვარ KNVB-ზე წესების ასე მკაცრად გამოყენების გამო. ეს ჩემთვის ზედმეტად ნიდერლანდური გადაწყვეტილებაა, უბრალოდ თვალის დახუჭვა არ შეიძლება? როგორც ჩანს, ამის გამოსწორება შეუძლებელია. რას ვეუბნებით ბავშვებს, რომლებიც ვიტესის აკადემიაში არიან? ნაიმეგენში წავიდნენ თუ აიაქსში? მოსამართლემ ესეც უნდა გაითვალისწინოს”, – განაცხადა ქართველმა მცველმა.

მიუხედავად იმისა, რომ ლიცენზიის გაუქმება უკვე ოფიციალურად დადასტურდა, ვიტესს ჯერ კიდევ აქვს უფლება გაასაჩივროს გადაწყვეტილება. კაშიას სჯერა, რომ კლუბის გადარჩენის შანსი ბოლომდე არ გამქრალა:

“ჯერ კიდევ არის მცირე შანსი, ყველაფერი ბოლომდე არ დასრულებულა. ისინი ყველაფერს აკეთებენ კლუბის გადასარჩენად, ვიცნობ იმ ადამიანებს, ვინც ამას აკეთებს და იმედი მაქვს, რომ საქმეს გამოასწორებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ძალიან სამწუხარო იქნება. ვიტესს მხარდაჭერა სჭირდება, ამ ეტაპზე წესებზე მაღლა ადამიანური მხარე უნდა დააყენონ. არავის სურს ვიტესის გაქრობა, მაშინ, რატომ უნდა გააკეთონ ეს? ასეთი ტრადიციული კლუბის დაკარგვა უბრალოდ არ შეიძლება”.

კაშიამ ხაზი გაუსვა, რომ ვიტესი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და არ უნდა დაისაჯოს იმ ადამიანების დაუდევრობის გამო, ვინც პასუხისმგებელი იყო კლუბის მართვაზე:

“ეს კლუბი ჩემი ცხოვრების ნაწილია, ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი. ჩემი პროფესიული მატჩების უმეტესობა ვიტესში ჩავატარე და დღემდე მის მიმართ ძლიერი გრძნობები მაქვს. სისულელე იქნებოდა თუ კლუბი განადგურდებოდა იმ ადამიანების სულელური შეცდომებით, რომლებიც თავიანთ საქმეს სათანადოდ არ ასრულებდნენ. ფეხბურთის ასოციაცია ვიტესს უნდა დაეხმაროს, ვფიქრობ, ყველას სურს კლუბის გადარჩენა, თუნდაც ნაიმეგენში. მესმის, რომ ისინი წესებით არიან შებოჭილი, მაგრამ რაღაც უნდა გააკეთონ. მე და ჩემი შვილი ყოველ უიკ ენდზე ვიტესზე ვსაუბრობთ და მალე ეს კავშირი შეიძლება დავკარგოთ”.

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია არნემული კლუბის სიმბოლურ ფიგურად ითვლება. 2010-2018 წლებში მან ვიტესის მაისურით 292 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 24 გოლის გატანაც მოახერხა. სწორედ მისი კაპიტნობით, კლუბმა 2017 წელს მოიგო ნიდერლანდების თასი – ვიტესის ისტორიაში ერთადერთი ტიტული.

ამჟამად ვიტესში ირიცხება საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი ირაკლი იეგოიანიც, რომელმაც გასულ სეზონში მეორე ლიგაში 36 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა. მისი ერთ-ერთი გოლი ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო გოლად დასახელდა. თუმცა ამ ვითარების ფონზე, იეგოიანის მომავალიც ბუნდოვანია.

ვიტესი ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაისაჯა ქულების დაკლებით სალიცენზიო წესების დარღვევისთვის. ჯერ კიდევ 2023/24 წლების სეზონში, კლუბი ერედივიზიაში ასპარეზობდა, თუმცა 18 ქულის დაკლების შემდეგ დაქვეითდა. 2024/25 წლების სეზონში სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა. ვიტესს 39 ქულა დააკლეს და ჩემპიონატი ბოლოსწინა ადგილით დაასრულა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ლეგიონერები