გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ბათუმელთა მარცხმა საჩემპიონო ბრძოლა დაძაბა

გააზიარეთ

ეროვნულ ლიგაში 32-ე ტურის მატჩი გაიმართა და საჩემპიონო ბრძოლა უფრო დაიძაბა.

სპაერი-დინამო (ბთ) 3:2

თბილისი. მიხეილ მესხი 2

0:1 მარა (11); 1:1 სამხარაძე (48პ); 2:1 სირდავა (52); 3:1 ასკურავა (69); 3:2 ბუნტური (90სკ)

თბილისის სპაერმა 16-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა, თანაც ვისთან – ლიდერ დინამო ბათუმთან მოიგო.

არადა, ბათუმელები დაწინაურდნენ – ალბანელმა ნახევრამცველმა უერდი მარამ გამოზომილი დარტყმით გაიტანა; მეორე ტაიმი სპაერმა უკეთ დაიწყო და ოთხწუთიან მონაკვეთში ორი გოლიც მიითვალა: ჯერ გიგა სამხარაძემ პენალტი გამოიყენა; მერე გოჩა ცირდავას მშვენიერი მოქმედება ვნახეთ; 69ე წუთზე კი, სპაერის ნახევარმცველმა თორნიკე ასკურავამ კარიდან გამოსული მეკარე ნოდარ ყალიჩავა შეამჩნია და დაახლოებით 40 მეტრიდან თავზე გადაუგდო ბურთი; 90-ე წუთზე დინამო ბათუმმა ერთი ბურთი გაქვითა, კერძოდ, თორნიკე კირკიტაძის გამჭოლ პასს გიორგი ბუნტურის ავტოგოლი მოჰყვა.

დინამო ბათუმი ლიდერად რჩება, მაგრამ მარცხმა სიტუაცია გაურთულა.

იბერია-გაგრა 1:0

თბილისი. მიხეილ მესხი 2

1:0 ძაგანია (84)

მოქმედმა ჩემპიონმა მინიმალური სხვაობით მოიგო. იბერიელებს ჰაერივით სჭირდებოდათ გოლი, რომელიც 84-ე წუთზე გაიტანეს.

ნიკოლოზ დადიანმა მარჯვნივ გრძელი პასი გააკეთა, იქ სტივენ ენდემ ითამაშა კარგად, გამჭოლი პასი და ამირან ძაგანიამ ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარში – 1:0.

გაგრა, რომელიც საქართველოს თასის ფინალშია გასული, ეროვნულ ლიგაში მეცხრე ადგილზეა. იბერია კი, ქულებით ლიდერ დინამო ბათუმს გაუთანაბრდა. ბურთების შეფარდებით წინ ბათუმელები არიან, მაგრამ განვლილ სამ წრეში იბერიელები ბათუმელებს ურთიერთშეხვედრებით სჯობნიან: 2 მოგება, 1 წაგება.

დილა-დინამო (თბ) 0:2

გორი. თენგიზ ბურჯანაძე

0:1 ბა (29); 0:2 ვაწაძე (52)

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა დინამომ თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა დილას. ეროვნულ ლიგაში თავისი პირველი გოლი მიითვალა გვინეელმა ალგასიმე ბამ. ასე მოხდა: ნიკა ნინუას კუთხურს მოჰყვა მარიოს პურზიტიდისის თავური, შოთა შეყილაძემ ბურთი კარიდან გამოიტანა, დამატებაზე კი ბამ ძლიერად და ზუსტად დაარტყა.

მეორე გოლს რაც შეეხება, ბარნს ოსეიმ მშვენიერი პასით მარცხნივ გააყოლა ბურთი პურზიტიდისს, რომლის გადაცემაც დროული იყო და მათე ვაწაძემ ახლოდან გაიტანა – 0:2.

ამ მომენტისთვის დინამო თბილისი მეორე ადგილზეა და ლიდერებს მხოლოდ ქულით ჩამორჩება. დილა კი, რომელმაც ზედიზედ ხუთი მატჩი წააგო, მეექვსე საფეხურზეა.

რუსთავი-სამგურალი 2:0

თბილისი. პეტრო არენა

1:0 კესი (65); 2:0 სეიხასი (86)

რუსთაველებს წინა ორ ტურში მხოლოდ ერთი ქულა ჰქონდათ აღებული და აუცილებელი მოგება ესაჭიროებოდათ, რათა საჩემპიონო რბოლაში დაბრუნებულიყვნენ. ეს მოახერხეს კიდეც.

მე-18 წუთზე რუსთაველებმა პენალტი ვერ გაიტანეს: ჯექსონ კენიოს დარტყმული არსენ სიუკაევმა მოიგერია. მასპინძლებმა მეორე ტაიმში გატეხეს სამგურალი ირაკლი იაკობიძის კარგ პასს მოჰყვა სოლომონ კესის ზუსტი დარტყმა… მერე ჟან სოუზა დე ალმეიდას პასი და კევინ სეიხასის დაბოლოვება ვნახეთ.

მეშახტე-ტორპედო 2:3

წყალტუბო. 26 მაისი

1:0 კვირკვია (43); 2:0 პაპუაშვილი (51); 2:1 ბუკია (65); 2:2 სკორუპი (75); 2:3 პირესი (90)

ტყიბულელები 65-ე წუთამდე ორი ბურთის სხვაობით უგებდნენ ქუთაისელებს, მაგრამ საბოლოოდ ტორპედომ გაიმარჯვა.

პირველი ტაიმის ბოლოს მეშახტე მათე კვირკვიამ დააწინაურა; მეორე ნახევარში მეშახტეს ნახევარმცველმა გიორგი პაპუაშვილმა საჯარიმოს მისადგომებოდან დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა და მეკარე ოთო გოშაძე ბურთს ვერ მისწვდა.

ამის მერე კი ტორპედოს ჯერი დადგა. 65-ე წუთზე აკაკი შულაიას ჩაწოდებუკს მოჰყვა დავით ბუკიას თავური… მალევე, თავად ბუკიამ ჩააწოდა და ხორვატმა დინო სკორუპმა ძლიერი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა; მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი ფელიპე პირესმა ინდივიდუალური გარღვევის მერე გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

ტორპედო მეხუთე ადგილზე გადავიდა, ხოლო მეშახტეს ძალიან მცირე, მიზერული შანსი დარჩა იმისა, რომ მეათედან მეცხრე ადგილზე გადავიდეს და ელიგაში დარჩენის შანსი დაიტოვოს.

სატურნირო ცხრილი:

1.დინამო (ბთ) 32 17 8 7 56-40 59

2.იბერია 32 18 5 9 46-33 59

3.დინამო (თბ) 32 16 10 6 52-32 58

4.რუსთავი 32 16 8 8 40-28 56

5.ტორპედო 32 11 10 11 53-44 43

6.დილა 32 12 4 16 41-41 40

7.სამგურალი 32 11 6 15 43-57 39

8.სპაერი 32 6 13 13 41-51 31

9.გაგრა 32 6 13 13 28-46 31

10.მეშახტე 32 3 11 18 25-53 20

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი